თანამედროვე ფსიქოლოგიის მიმდინარეობები

თანამედროვე ფსიქოლოგიის მიმდინარეობებია: ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური, განვითარების და ფსიქო-კულტურული.

ბიოლოგიური მიმდინარეობა რედაქტირება

ბიოლოგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზს გენების, ტვინის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებაში ეძებენ. ორგანიზმის ფუნქციონირება ახსნილია მის საფუძვლად მდებარე ფიზიკური სტრუქტურის და ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით.

ამ მიმართულების წარმომადგენლები თვლიან, რომ ფსიქოლოგიური და სოციალური ფენომენები შეიძლება ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით აიხსნას. ყველაზე რთული ფენომენიც კი შეიძლება გაგებულ იქნეს უფრო მცირე, უფრო სპეციფიკურ ერთეულებზე დაყვანით.

ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა რედაქტირება

ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით ქცევას მართავს, ან მის მოტივს წარმოადგენს ძლიერი შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები თანდაყოლილი ინსტიქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან, პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს.

მოტივაციის ფსიქოდინამიკური პრინციპები ყველაზე სრულად ვენელმა ექიმმა ზიგმუნდ ფროიდმა განავითარა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ფროიდის იდეები ფსიქიკურ დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის შედეგად წარმოიშვა, მაგრამ, მისი აზრით, ის პრინციპები, რომლებიც მან ავადმყოფებთან აღმოაჩინა, ვრცელდება როგორც ნორმალურ, ჯანსაღ, ისე — პათოლოგიურ ქცევაზე. ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, პიროვნებას აქეთ-იქით ექაჩება შინაგანი და გარეგანი ძალები. ფროიდის მოდელში პირველად იყო ნაჩვენები, რომ ადამიანის ბუნება ყოველთვის არ არის რაციონალური: რომ ქცევები შეიძლება ისეთი მოტივებით იყოს გამოწვეული, რომლებიც არ არის გაცნობიერებული.

ფროიდის შემდეგ ეს თეორია მისმა მიმდევრებმა სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს. ფროიდის აზრის მიხედვით, პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდი ადრეული ბავშვობაა, ნეიფროიდიანელებმა გააფართოვეს მისი თეორია და მასში სოციალური ზემოქმედება და ურთიერთქმედება ჩართეს, რომელიც ინდივიდის სიცოცხლის განმავლობაში იჩენს თავს.

ბიჰევიორისტული მიმდინარეობა რედაქტირება

ბიჰევიორიზმი ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიის პრაქტიკაში. მის მიერ მოთხოვნილი ზუსტი ექსპერიმენტირება და ცვლადების ზედმიწევნითი დადგენა ფსიქოლოგიის სფეროთა უმეტესობაში გაიზიარეს. შეიქმნა ქცევითი დარღვევების ახალი ტიპის თერაპია და უტოპიური საზოგადოების მოდელის შექმნის ინსტრუქციები.

ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები სწავლობენ, თუ როგორ აკონტროლებს კონკრეტული ტიპის ქცევას გარემოს კონკრეტული სტიმული. ბიჰევიორისტები აანალიზებენ გარემოს წინაპირობებს, იმ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებს ქცევას და ორგანიზმს იმისათვის ამზადებს, მოახდინოს თუ არა რეაგირება. შემდეგ ისინი განიხილავენ ქცევით რეაქციას, რომელიც მათი კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. ბოლოს, იკვლევენ რეაქციის დაკვირვებად შედეგებს.

ბიჰევიორისტები მონაცემებს კონტროლირებადი ლაბორატორიული ექსპერიმენტებიდან იღებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შესასწავლი ფენომენი ზუსტად უნდა იყოს განმარტებული და რაოდენობრივად გამოხატული. ხშირად ისინი ცხოველებს სწავლობენ, რადგან ექსპერიმენტის პირობებს აქ უფრო სრულად გააკონტროლებენ, ვიდრე ადამიანების შემთხვევაში. ბიჰევიორისტები თვლიან, რომ ცხოველებზე შესასწავლი ძირითადი პროცესები იგივენაირად მიმდინარეობს სხვა სახეობებშიც.

ჰუმანისტური მიმდინარეობა რედაქტირება

ჰუმანისტური ფსიქოლოგია 1950-იან წლებში გაჩნდა, როგორც ფსიქოდინამიკური და ბიჰევიორისტული მოდელების ალტერნატივა. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანების ქცევას არ განაპირობებს შინაგანი, ინსტიქტური ძალები, როგორც ამას „ფროიდიანელები“ მიიჩნევენ და არც გარეგანი ძალები, როგორც ბიჰევიორისტებს მიაჩნდათ. ჰუმანისტური მიმდინარეობის მიხედვით, ადამიანის ძირითადი ამოცანაა სწრაფვა საკუთარი პოტენციის, შესაძლებლობების განვითარებისკენ.

ჰუმანისტური მიდგომა აფართოებს ფსიქოლოგიის სფეროს და მასში ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების შესწავლიდან მიღებულ გაკვეთილებს რთავს. ამგვარად, ფსიქოლოგია უფრო სავსე დისციპლინა ხდება.

ჰუმანისტი ფსიქოლოგები სწავლობენ ქცევას, მაგრამ არა ლაბორატორიულ პირობებში და არა მის შემადგენელ ელემენტებზე ან კომპონენტებზე დაყვანით. ისინი ადამიანთა ცხოვრების განმავლობაში გამოვლენილ ცხოვრებისეული ისტორიების პატერნებს აკვირდებიან. ბიჰევიორისტებისგან მკვეთრად განსხვავებით, ჰუმნისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ინდივიდის მიერ განცდილ სუბიექტურ სამყაროს სწავლობენ და არა გარეგანი დამკვირვებლის და მკვლევრის თვალით დანახულ ობიექტურ სამყაროს. ამიტომ, ისინი ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებადაც ითვლებიან. გარდა ამისა, ჰუმანისტი ფსიქოლოგები ცდილობენ მთლიანი პიროვნება შეისწავლონ და ჰოლისტურ მიდგომას აღიარებენ.

კოგნიტური მიმდინარეობა რედაქტირება

კოგნიტური რევოლუცია ფსიქოლოგიაში გაჩნდა, როგორც ბიჰევიორიზმის შეზღუდულობის კიდევ ერთი გამოწვევა. კოგნიტური მიმდინარეობის ცენტრში დგას ადამიანის შემეცნება და ცოდნის შეძენის ყველა პროცესი: ყურადღება, აზროვნება, დამახსოვრება და გაგება. კოგნიტური მიმართულების მიხედვით ადამიანები მოქმედებენ, რადგან ისინი აზროვნებენ, ხოლო აზროვნებენ რადგან ადამიანები არიან.

კოგნიტური ფსიქოლოგებისთვის აზრები ქცევების როგორც შედეგი, ასევე მიზეზია. მისი წარმომადგენლები ისეთ უმაღლეს ფსიქიკურ პროცესებს სწავლობენ, როგორიცაა აღქმა, მეხსიერება, ენის გამოყენება, პრობლების გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა დონეზე.

ევოლუციური მიმდინარეობა რედაქტირება

ევოლუციური მიმდინარეობა ცდილობს თანამედროვე ფსიქოლოგია ბიოლოგიური მეცნიერებების ძირითად იდეებს, ჩარლზ დარვინის ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციის თეორიას დაუკავშიროს. ფსიქოლოგიაში ევოლუციური მიმდინარეობა გულისხმობს, რომ, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდება, რათა კონკრეტულ ადაპტაციურ მიზნებს მომსახურებოდა.

მკვლევარები იმ გარემო პირობებს სწავლობენ, რომლებშიც ადამიანის ტვინი განვითარდა. ადამიანის განვითარების ისტორიის 99% პლეისტოცენის ერაში მცირე ჯგუფებად ცხოვრებას, ნადირობასა და შემგროვებლობაში მიმდინარეობდა.

ევოლუციური ფსიქოლოგია ევოლუციური ბიოლოგიის მდიდარ თეორიულ გამოცდილებას იყენებს, რათა ის ცენტრალური ადაპტაციური პრობლემები დაადგინოს, რომლებიც ცოცხალი არსებების წინაშე დგას. ადაპტაციური პრობლემების დადგენის შემდეგ ევოლუციური ფსიქოლოგია დასკვნებს აკეთებეს იმ ფსიქიკური მექანიზმების ან ფსიქოლოგიური ადაპტაციის შესახებ, რომელის შეიძლება ამ პრობლემების გადასაჭრელად გაჩენილიყო.

კულტურული მიმდინარეობა რედაქტირება

კროს-კულტურული მიმდინარეობა ფსიქოლოგიური კვლევის თითქმის ყველა სფეროზე ვრცელდება. ამ მიმდინარეობების წარმომადგენლები ქცევის მიზეზებისა და შედეგების კროს-კულტურულ სხვაობებს სწავლობენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზიგმუნდ ფროიდის „ფსიქოლოგია და ცხოვრება“, გვ. 11-16.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება