ზურაბ ჭავჭავაძე

მრავალმნიშვნელოვანი
(გადამისამართდა გვერდიდან ზურაბ ჭავჭავაძე (დისიდენტი))

ზურაბ ჭავჭავაძე (დ. 5 თებერვალი, 1953, თბილისი — გ. 21 დეკემბერი, 1989[1]) — ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ფილოსოფოს ნიკოლოზ ჭავჭავაძის ვაჟი.

ზურაბ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი 5 თებერვალი 1953
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1989 (36 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლობა
ჯილდოები

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი

(სიკვდილის შემდეგ)

განათლებით ფილოლოგი, ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ფაქტობრივი ლიდერი გახდა. ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა; დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან და გია ჭანტურიასთან.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[2]

ვიკიციტატა
„პატრიოტიზმი საკუთარი ერის თავდავიწყებულ სიყვარულს ნიშნავს და არა სხვების სიძულვილს, პოლიტიკოსის მისია ერის გაერთიანებაა და არა ერთმანეთზე გადაკიდება და დაპირისპირება. ხელისუფლების მიზანი ერის მიზნისკენ გაერთიანებაა და არა მასების ბრბოებად გადაქცევა. ამ იდეალებს ახორციელებდა ზურაბ ჭავჭავაძე და მის ღვაწლს მივაგებთ პატივს, რომ ახალ თაობას მივცეთ მაგალითი, რა არის სამაგალითო პოლიტიკაში.“
(საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზურაბ ჭავჭავაძე // „სამშობლო“, თბ., 1 იანვარი, 1990.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება