ნიკოლოზ ჭავჭავაძე (ფილოსოფოსი)
ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 5 მაისი, 1923, ყვარელი — გ. 15 თებერვალი, 1997, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მეგობრებთან ერთად იხსნა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმის მარწუხებისაგან. მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. იყო საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერიის რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის გამგე, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საკითხთა კომისიას.
ნიკოლოზ ჭავჭავაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1923 |
დაბადების ადგილი | ყვარელი |
გარდაცვალების თარიღი | 15 თებერვალი, 1997 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილ(ებ)ი | ზურაბ ჭავჭავაძე |
დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში თავადის ოჯახში. გარდაიცვალა 1997 წლის 15 თებერვალს. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში. ნიკოლოზი იყო 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის — ზურაბ ჭავჭავაძის მამა.