მთავარი მენიუს გახსნა
ზუგდიდის დრამატული თეატრი

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ზუგდიდში. სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“, 1869 წლის 11 აპრილს დადგა ანტონ ფურცელაძემ. 1907-1908 წლებში ზუგდიდში შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დრამატული წრე, ე. წ. „მუშური დრამწრე“, რომელიც 125 სცენისმოყვარეს აერთიანებდა. წრის წევრები 1915 წლიდან მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს, დგამდნენ სპექტაკლებს. საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლ. მესხიშვილი,ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ვახტანგ ურუშაძე და სხვა. 1932 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც 1959 წელს შალვა დადიანის სახელი მიენიჭა. თეატრისათვის აგებულ ახალ შენობაში 1932 წლის 11 აგვისტოს პირველ სპექტაკლებად წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის „სამართალი“ (რეჟისორი გიორგი ფრონისპირელი) და პეტრე სამსონიძის „სალტე“ (რეჟისორი გ. ფრონისპირელი და ა. ციციაშვილი). სხვადასხვა წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ: რ. ქართველიშვილი, ვ. დარასელი, ლ. ჭედია, ა. თარხან-მოურავი, პ. პატარაია, გ. იოსელიანი,გრიგოლ ლაღიძე, შ. მჟავანაძე, ვ. მჭედლიძე, ვახტანგ გარიკი, ვ. ყუშიტაშვილი, გ. გაბუნია და სხვები. წლების მანძილზე თეტრში მხატვრად მუშაობდა ირაკლი გამრეკელი. დადგმებიდან აღსანიშნავია:სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“ (1933), ბორის ლავრენიოვის „რღვევა“ (1934), აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ (1941), ლოპე დე ვეგას „თივა და ავი ძაღლი“ (ვ. ყუშიტაშვილის დადგმა), ივანე დარასელის „კიკვიძე“ (1965), ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, შალვა დადიანის „გვირგვილიანების ოჯახი“ (1967), ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ (1970), ნ. ჰიქმეთის „ყეყეჩი“ (1972), ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (1973), რეზო თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“ (1974), ალექსანდრე ჩხაიძის „შთამომავლობა“ (1978) და სხვა. დასში მოღვაწეობდნენ (1978) საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები: ანთიმოზ როგავა, გ. წერეთელი, შალვა მოსია, დავით გოგიჩაიშვილი, კ. წულაია და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება