ზოოფსიქოლოგია
ზოოფსიქოლოგია — ზოოლოგიის დამხმარე მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ფსიქიკას, მის გამოვლინებებს ონტოგენეზსა და ფილოგენეზში, ცხოველთა ფსიქიკური პროცესებისა და ქცევის ხასიათს და მექანიზმებს. ზოოფსიქოლოგიის კვლევის არეალში შედის ადამიანისა და ცხოველის ფსიქოლოგია. ცხოვრების განსხვავებისა და მსგავსების საკითხებიც. თუმცა, ეს ასპექტი ნაწილობრივ სპეციალური დარგის, ე. წ. „შედარებითი ფსიქოლოგიის“ კომპეტენციასაც განეკუთვნება. ეს უკანასკნელი ზოოფსიქოლოგიის გარდა, ზოგადი, ნეირო და სხვა ფსიქოლოგიური მონაცემების საფუძველზე ერთმანეთს ადარებს ადამიანის და ცხოველის ფსიქიკას. ზოოფსიქოლოგია იკვლევს ფსიქოლოგიის და ქცევის განვითარებას ცხოველური ფსიქოლოგიური საწყისი ფორმებიდან უმაღლესამდე. ამდენად, მისი მონაცემები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის თეორიული სისტემებისთვის, სადაც განხილულია ფსიქოლოგის ყველა ასპეტი და ფორმა. მაგალითად, გეშტალტფსიქოლოგია მიმართავს მიმართავს ზოოფსიქოლოგიურ კვლევას, რათა აჩვენოს ფსიქოლოგიური მთლიანობის პრინციპის საყოველთაო ხასიათი; განწყობის მექანიზმის უნივერსალობის საჩვენებლად იგივე მიდგომაა გამოყენებული დიმიტრი უზნაძის თეორიაში; ბიჰევიორიზმი ქცევის ფსიქოლოგიური კანინზომიერებების დადგენას ცხოველთა ქცევის შესწავლით ცდილობს.
ისტორია
რედაქტირებამეცნიერება ზოოფსიქოლოგია იწყება ჩარლზ დარვინის მოღვაწეობიდან. მან გამოთქვა პირველი ვარაუდები ცხოველთა გრძნობებისა და ინტელექტის შესახებ. მისი ხაზი გააგრძელა ინგლისელმა ბიოლოგმა ჯორჯ რომანესმა (1848-1924), რომელსაც უკავშირდება ე.წ. ანთროპომორფისტული მიდგომა ზოოფსიქოლოგიაში. მის პარალელურად ვითარდება ე.წ. მექანიცისტური მიდგომაც, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ამერიკელი ბიოლოგი ჟ. ლები (1859-1924). ანთროპომორფიზმი პირდაპირ მიაწერს ცხოველებს ადამიანურ თვისებებს (მსჯელობა, წარმოდგენა, ცნობიერება და სხვ.), ხოლო მექანიციზმი ცხოველს საერთო ფსიქოლოგიის გარეშე ტოვებს და ცოცხალ ავტომატად განიხილავს. თანამედროვე ზოოფსიქოლოგიაში არსებითად ამ მიმართულებების შერიგება ხდება.
ცხოველთა გონებრივი შესაძლებლობების სისტემატიური ლაბორატორიული შესწავლა XIX საუკუნის მიწურულს წამოიწყო ბიჰევიორიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ედუარდ თორნდაიაკმა (1874-1949). მისი დასკვნით, ცხოველები არ აზროვნებენ - ახლანდელ სიტუაციაში საჭირო მოქმედებას შემთხვევით, „ცდისა და შეცდომის“ გზით აგნებენ და დაისწავლიან. ეს მოსაზრება უარყო გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ლიდერმა გერმანელ-ამერიკელმა ვ. კელერმა (1887-1967), რომელიც ცდებს შიმპანზეზე ატარებდა. მისი მონაცემებით, ანთროპოიდები ავლენენ გონიერი ქცევის ნიშნებს, ახალ ამოცანას მიხვედრის, ე.წ. „ინსაიტის“ საშუალებით წყვეტენ და მსგავს სიტუაციაზე განაზოგადებენ. ეს დაადასტურა, აგრეთვე, გამოჩენილმა ამერიკელმა ზოოფსიქოლოგმა რ. იერქსმა (1876-1959). ამის შემდეგ გავრცელდა შეხედულება ცხოველთა ფსიქოლოგიური ცხოვრების 3 დონის შესახებ: პირველ დონეზეა თანდაყოლილი, სტერეოტიპული, ინსტინქტური მოქმედება; მეორეზე — ქცევის ცვალებადი და შეძენილი (დასწავლილი) ფორმები; მესამეზე — პრიმიტიული ინტელექტუალური, გონიერი ქცევა.
ამჟამად, ცხოველების კოგნიტური ფუნქციების შესწავლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. მას ახალი იმპულსი მისცა მაიმუნების ენობრივი შესაძლებლობის კვლევამ, რომელმაც, მიუხედავად არაერთმნიშვნელოვანი შეფასებებისა, უფრო ანთროპომორფისტული პოზიცია გააძლიერა. ქცევის დასწავლული ფორმების კვლევა, ამერიკელი ბიჰევიორიზმის ტრადიციიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ცხოველთა ფსიქოლოგიურ ინსტიქტურ გამოვლინებებს, მათ შესწავლაში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ევროპის მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც კვლევას ბუნებრივ (საველე) პირობებში ატარებდნენ. ამ მიმართულებას ეთოლოგია ეწოდა. მის ფუძემდებლად ითვლებიან ნობელის პრემიის ლაურეატები ავსტრიელი ეთოლოგი კონრად ლორენცი (1903-1989), ნიდერლანდელი ეთოლოგი და ორნითოლოგი ნ. ტინბერგენი (1907-1988) და გერმანელი ეთოლოგი კ. ფრიში (1886-1982). დღეს ზოოფსიქოლოგიაში ამ მიმართულებების გაერთიანება ხდება როგორც კვლევის ტაქტიკის, ასევე მისი შინაარსის თვალსაზრისით. კერძოდ, თანამედროვე შეხედულებების თანახმად, ცხოველთა ქცევების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავს თანდაყოლილ და შეძენილ მომენტებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 385-386.