კონრად ლორენცი
კონრად ლორენცი (გერმ. Konrad Lorenz) (დ. 7 ნოემბერი, 1903, ვენა — გ. 27 თებერვალი, 1989, ვენა) — ავსტრიელი ზოოლოგი, ზოოფსიქოლოგი და ორნითოლოგი, კლასიკური ეთოლოგიის — ცხოველთა ქცევის შედარებითი ზოოლოგიის მეთოდებით შემსწავლელი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებალორენცი დაიბადა 1903 წლის 7 ნოემბერს ვენაში, წარმატებული ექიმ-ორთოპედის ოჯახში. მას ბავშვობიდანვე უყვარდა ცხოველები და სახლში ყოველთვის ჰყავდა თევზები. ძაღლები, მაიმუნები, სხვადასხვაგვარი მწერები, იხვები და ბატები. იგი დიდ ინტერესს იჩენდა ცხოველთა ქცევის მიმართ და ზოოლოგობაზე ოცნებობდა.
10 წლის ლორენცზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ევოლუციურმა თეორიამ, რომელიც ვილჰემ ბოლშეს წიგნით გაეცნო. ევოლუციამ განსაზღვრა მისი ხედვა. ლორენცი პალეონტოლოგიით დაინტერესდა, მაგრამ მამის თხოვნით ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის მიღების შემდეგ მან საქმიანობა ამ სფეროში არ განაგრძო და ცხოვრება ცხოველთა ქცევის შესწავლას მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში სწავლა მისთვის ერთობ სასიკეთო აღმოჩნდა. შედარებითი ანატომიისა და ემბრიოლოგიის შესანიშნავი პედაგოგის წყალობით ლორენცი მალევე მიხვდა, რომ ეს დარგები გაცილებით ეფექტურია ევოლუციური საკითხების გადაწყვეტისას, ვიდრე პალეონტოლოგია, ამასთანავე, შედარებითი მეთოდები ასევე წარმატებით მიესადაგება ქცევითი პატერნების შეწავლას.
1935 წელს ლორენცმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი „კომპანიონი ფრინველის სამყაროში“, რომელშიც იხილავს ახლადგამოჩეკილ ბატებსა და იხვებში იმპრინტინგის - ვიზუალური და აუდიოსტიმულირების შედეგად სწრაფი დასწავლის პროცესს და უკვე ჩამოყალიბებული აქვს ცხოველთა ქცევის შესახებ თავისი თეორიის ძირითადი დებულებები. ქცევის ლორენცისეული თეორია ორიგინალურად ხსნის ინსტინქტური ქცევის ჩართვის მექანიზმებს. ამ ნაშრომის გამოსვლა ითვლება ეთოლოგიის საწყის ეტაპად. ლორენცის ჩატარებული მუშაობის შედეგად ცხოველთა ქცევის შესწავლა სწრაფად განვითარებად ესპერიმენტულ დისციპლინად იქცა. ლორენცის სამეცნიერო მოღვაწეობა დროებით II მსოფლიო ომმა შეწყვიტა. იგი ჯარში სამხედრო ექიმად გაიწვიეს. 1944 წელს გერმანელთა ჯარში უკან დახევისას ლორენცი სომხეთის ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა, ტყვედ ყოფნისას იგი სომხეთის ზეგანის ნახევრად ველურ თხებს აკვირდებოდა და სწავლობდა მათ ქცევას. ლორენცმა დაასკვნა, რომ ბუნებრივ პირობებში პირობითი სტიმულიშედეგობრივ კავშირშია უპირობოსთან.
1948 წელს ლორენცი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. 1972 წელს გამოაქვეყნა ტყვეობაში დაწყებული წიგნი „სარკის უკანა მხარე: ადამიანის შემეცნების ბუნებრივი ისტორიის გამოცდილება“. 1958-1973 წლებში ლორენცი გერმანიაში მაქს პლანკის ქცევის ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, 1973 წელს იგი ორ მის თანამედროვე შესანიშნავ ეთოლოგთან - ნიკოლას ტინბერგთან და კარლ ფონ ფრიშთან ერთად დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში - „აღმოჩენებისათვის ცხოველთა ინდივიდუალური და სოციალური ქცევის მოდელების შესწავლისას.“
იმ ღვაწლთან შედარებით, რაც კონრად ლორენცს თეორიული მეცნიერების განვითარებაში მიუძღვის, კიდევ უფრო დიდია მისი დამსახურება, მის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდების დამკვიდრებაში. მას არასოდეს შეუზღუდავს ცხოველისთვის ძირითადი ფიზიკური თუ ემოციური მოთხოვნილებები. არასოდეს მოუკლავს, დაუსახიჩრებია ან უწვალებია ისინი. ლორენცმა დაამტკიცა, რომ შეიძლება ნობელის პრემიის მოპოვება იმ საზარელი მოთოდების გამოყენების გარეშე, რომლებიც ადრე ცხოველების შესწავლისთვის შეუცვლელად ითვლებოდა.
მკითხველათა ფართო წრისათვის კონრად ლორენცი ცნობილია, როგორც მრავალი თავშესაქცევი წიგნის ავტორი ცხოველების შესახებ: „რუხის ბატის წელიწადი“, „სოლომონ მეფის ბეჭედი“, „რბოლა საკუთარ თავთან“ და სხვა.
1974 წელს გამოსულ წიგნში „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, ლორენცი სხვა პრობლემათა შორის ეხება საკითხს, როგორ შეიძლება კაცობრიობის გენეტიკური გაუმჯობესება მისი კონცეფცია გამომდინარეობს ებრაული თქმულებიდან: კარგი გარეგნობის, მდიდარი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ცოლის შერთვა გადაწყვიტა, მაჭანკალმა რამდენიმე ლამაზი, მდიდარი და წარჩინებული საცოლე შესთავაზა, მაგრამ ყმაწვილმა უთხრა, რომ ამ ყველაფერს მისთვის სახარბიელო ღირებულება არ ჰქონდა. ერთადერთი იშვიათი ფასეულობა არა მარტო ოჯახში, არამედ მთელს ქვეყანაზე, რომელსაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იყო წრფელი და კეთილი გული. ლორენცი კაცობრიობის მომავალს ამ ახალგაზრდა ბრძენი კაცის მიბაძვით ხედავს, თითოეული ჩვენგანისათვის კარგი გარეგნობა, სიმდიდრე და წარმაშობა კი არა, ადამიანის გულწრფელობა და სიკეთე უნდა იყოს ყველაზე დასაფასებელი ღირსება.
კონრად ლორენცი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, ალტენბერგში, საკუთარ ფერმაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წიგნი II, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2006 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური)მოკლე ავტობიოგრაფია დაარქივებული 2010-01-09 საიტზე Wayback Machine.
- (ქართული ენა)მოკლე ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1973/lorenz-facts.html
- ↑ 3.0 3.1 Hess E. H. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Salzburgwiki
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ 13.0 13.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Лоренц Конрад // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
- ↑ http://www.kalingafoundationtrust.com/website/kalinga-prize-for-the-popularization-of-science.htm
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 222.