ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა — საინჟინრო ჰიდროტექნიკური ნაგებობა აღმოსავლეთ საქართველოში. სარწყავი სისტემის მთავარი სათავე ნაგებობა აშენებულია მდ. ალაზანზე, სოფ. დუისთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და უზრუნველყოფს მდინარიდან სარწყავი წყლის აღებას (24 მ³/წმ), რომელიც მაგისტრალური არხის (სიგრძე 89,2 კმ) მეშვეობით მიედინება ალაზნის ვაკეზე. სისტემის დამატებითი კვებისათვის მდ. ილტოზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) აშენებულია დაბალწნევიანი კაშხალი, რომელიც მაგისტრალურ არხს მე-18 კმ-ზე (ქ. ახმეტასთან) დამატებით აწვდის (6 მ³/წმ) წყალს.
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა დააპროექტა საპროექტო ინსტიტუტმა „საქწყალპროექტმა“ 1964 წელს. მშენებლობა დაიწყო 1965 წელს. მთავარი არხის მშენებლობის პირველი რიგი ექსპლუატაციაში შევიდა 1979 წელს. გადის პანკისის ქედის აღმოსავლეთი კალთის ძირზე და შემდეგ მიუყვება გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთს მდინარე ფაფრისხევამდე. ეს მონაკვეთი ალაზნის ვაკის მარჯვენა მხარეზე რწყავს ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 21,8 ათას ჰა მიწას.
რთულმა რელიეფურმა პირობებმა განაპირობა მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობის აუცილებლობა, ესენია: 7 გვირაბი (საერთო სიგრძე 13 834 მ), 14 გალერეა (7608 მ), 18 დიუკერი (7266 მ) და ა. შ.
მეორე რიგის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო მდინარე ფაფრისხევიდან. აქედან არხს 15,3 კმ საერთო სიგრძის 3 გვირაბით უნდა გადაეკვეთა გომბორის ქედი, გადასულიყო გარეკახეთში სოფ. არაშენდასთან და მიეღწია ოლეს წყალსაცავისთვის. წყალსაცავიდან გამოსულ არხს უნდა მოერწყა ოლე-ნაომარის, ტარიბანის, ნატბეურის ვაკე-ტაფობები და ელდარის დაბლობი. ივრის ზეგანზე მთავარი არხის საერთო სიგრძე უნდა ყოფილიყო 135,8 კმ და მოერწყა 67,3 ათასი ჰა მიწის ფართობი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქაჯაია ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 342.
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.