კირილ ზდანევიჩი

(გადამისამართდა გვერდიდან ზდანევიჩი, კირილ)

კირილე მიხეილის ძე ზდანევიჩი (დ. 16 ნოემბერი, 1892, ქუთაისი — გ. 17 თებერვალი, 1967, თბილისი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი, თეატრალური დიზაინერი.

კირილ ზდანევიჩი

იზრდებოდა 1863 წლის პოლონეთის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსახლებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი ქუთაისში ასწავლიდა ფრანგულ ენას, შემდეგ იყო გიმნაზიის დირექტორი; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო. მალე ისინი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, სადაც მიხეილ ზდანევიჩი ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის პირველ გიმნაზიაში.

ადრეული პერიოდი

რედაქტირება

გიმნაზიისა და ნ. სკლიფასოვსკის ფერწერისა და ხატვის კურსების დამთავრების შემდეგ კირილი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში შევიდა. სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა ავანგარდის წარმომადგენლებს რუსულ ხელოვნებაში. მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ხშირი დათვალიერებით კირილი სწავლობდა იმპრესიონისტებს, გატაცებული იყო პრიმიტივიზმით. არადადეგებზე და თავისუფალ დროს თბილისში ჩამოდიოდა. აქ, თავის ახალგაზრდა მეგობარ ზიგა ვალიშევსკისთან ერთად აღფრთოვანებული ათვალიერებდა თვითმყოფადი, მაგრამ უცნობი მხატვრის ფერწერულ ნამუშევრებს მუშამბაზე, მაღაზიის აბრებს და ფირნიშებს. 1912 წელს თბილისში მორიგი ჩამოსვლისას თავის ძმასთან, ილიასთან და მხატვარ მ. ლე-დანტიუსთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით შეურთდა ზიგმუნტ ვალიშევსკიც, მოძებნეს ამ აბრებისა და ფირნიშების ავტორი - ნიკო ფიროსმანაშვილი.

ფიროსმანის „აღმოჩენა“

რედაქტირება

1912 წელს კირილის ძმა, ილია, წერდა: „ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან მალაკნების ქუჩაზე. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: „მოლოჩნაია“. შემობრუნდა ჩვენკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა“. თავის დღიურში კირილ ზდანევიჩი წერდა: „ილია ეუბნება ნიკოს - თქვენს სურათებში ქართული ხელოვნების ძვირფასი გრძნობაა ჩაქსოვილი. თქვენ აღმოაჩინეთ გზა და მიგვითითეთ საით უნდა წავიდნენ ქართველი მხატვრები“.

1913 წელს, არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა ილიამ ნიკოს შეუკვეთა თავისი პორტრეტი, რომელიც შემდგომში „ირემთან“ ერთად გამოფინა მოსკოვში, რომ მის მიერ აღმოჩენილი ტალანტი გაეცნო სამხატვრო საზოგადოებისთვის. „ნიკო ფიროსმანაშვილმა, - ადამიანმა სევდიანი თვალებით, ეულად მოხეტიალემ, დიდმა მხატვარმა“ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ძმებ ზდანევიჩებზე.

1913 წელს ოჯახის სახსრებით კირილი პარიზში გაემგზავრა ფერწერის შესასწავლად. ის ბინას ქირაობს როტონდის მახლობლად. როტონდის მუდმივი მნახველები იყვნენ შემდგომში გამოჩენილი მხატვრები, პოეტები, მწერლები: მოდილიანი, შაგალი, რივერა, სუტინი, ბარტი, კისლინგი, პიკასო, ერენბურგი და სხვა.

შემდგომში კირილი მუშაობას იწყებს ალექსანდრე არხიპენკოს სახელოსნოში. საკმარისი რაოდენობის ნამუშევრების დაგროვების შემდეგ მასწავლებელმა მას თავისი ატელიე შესთავაზა გამოფენის მოსაწყობად. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა, მისი ზოგიერთი ნამუშევარი კოლექციონერებმა შეიძინეს. გამოფენა დაათვალიერა პაბლო პიკასომაც, რომელმაც კედელზე მიაწერა „5+ პიკასო“. კირილი, ისე როგორც ლათინური კვარტლის მთელი ახალგაზრდობა, თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ ასეთი წარმატება ბევრს არ ჰქონია.

სამხედრო სამსახური

რედაქტირება

1914 წლის მაისში კირილს სამხედრო გამწვევი პუნქტიდან მოწვევა მოუვიდა და იძულებული გახდა საფრანგეთიდან შინ დაბრუნებულიყო. ის ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე გაამწესეს. 1915-1916 წლებში კირილ ზდანევიჩის ასეულში მსახურობდა მისი უმცროსი მეგობარი ზიგმუნტ ვალიშევსკი. ამ დღეების შესახებ კირილი იგონებდა: „ცოცხალი, მხიარული, მახვილგონიერი ზიგა ალამაზებდა სანგრის ცხოვრებას“. ხელში დაჭრის შემდეგ დემობილიზებული კირილი თბილისში დაბრუნდა.

სამშობლოში მოღვაწეობა

რედაქტირება
 
კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი

1917 წლიდან იგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა „ფუტურისტების სინდიკატის“ და „41°“-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: „კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა, სიმპათიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა“. ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში „ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი“, ის აღნიშნავდა, რომ „ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს“ და ასახელებს კ. ჩერნიავსკის პორტრეტს, როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს.

თანამედროვენი კირილ ზდანევიჩის ფერწერას „ორკესტრულს“ უწოდებდნენ. კირილს ბევრი სხვადასხვა გატაცება ჰქონდა ხელოვნებაში: აკადემიზმი, ფუტურიზმი, კუბიზმი, სეზანიზმი, იმპრესიონიზმი, პრიმიტივიზმი, მაგრამ ამასთან ერთად რჩებოდა თვითმყოფად მხატვრად. პარიზშიც კი, სადაც ის მოხვდა როგორც უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი, მან შეძლო „შეევსო ის ხარვეზები, რომლებიც მას გააჩნდა, და რაც მთავარია გარკვეულიყო იმ არეულ-დარეულობაში, უწესრიგობაში, რომელიც სუფევდა იმჟამად სხვადასხვა სამხატვრო სკოლებსა, სტილებსა და მიმდინარეობებში“ - წერდა იუ. დეგენი. პარიზი დაეხმარა მას მოეძებნა თავისი ადგილი ხელოვნებაში. ის ხატავდა სურათებს სიკაშკაშით, „მატისისებური“ ფერადოვნებით და ტონების დისონანსებით. ამ სტილშია დახატულია „ნატურმორტი დოქით“.

გამოცემები

რედაქტირება

1920-იან წლებში კ. ზდანევიჩი ბევრს მუშაობს წიგნის გრაფიკაში, თეატრებში; მუშაობდა დიზაინერად, ქმნიდა გამოფენების პროექტებს და აფორმებდა გამოფენებს.

1924 წელს ის გახდა „მემარცხენეობის“ ორგანიზაციის წევრი, სადაც გაერთიანდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, რეჟისორები. „მემარცხენეობამ“ გამოსცა ლექსებისა და სტატიების ორი კრებული ნიკო ფიროსმანაშვილის, ირაკლი გამრეკელის და კირილ ზდანევიჩის სურათების რეპროდუქციებით. 1926 წელს ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პირველი მონოგრაფია ნიკო ფიროსმანაშვილზე.

 
ესკიზი სპექტაკლისთვის „გაზი“

ზდანევიჩი თეატრში გამოჩენილ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი თეატრში გერმანელი დრამატურგის ერნსტ ტოლერის პიესა „გაზი“ იყო. ამ პიესის თემა მანქანის საუკუნე – მაშინიზმი იყო. შესაბამისად დეკორაციები შეიქმნა მანქანის ნაწილებისაგან. შემდეგ ნამუშევარში, იმავე ავტორის პიესაში „ადამიანი-მასა“, სცენოგრაფია გადაწყვეტილია თავშეკავებულ შავ, თეთრ და რუხ ფერებში, წითელი ფერის დამატებით. შეზღუდული გამა საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო მთელი სპექტაკლის მთლიანი, მონოლითური სახე. განსხვავებულადაა გადაწყვეტილი გრ. რობაქიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მალშტრემი“. კაშკაშა, ფერადოვანი დეკორაციები იქმნებოდა ი. ოცხელთან ერთად. „სცენა განთავისუფლებული იყო ზედმეტობებისაგან, უზარმაზარი ცისფერი ფარდა მომრგვალებულად ფარავდა მთელ სცენას. სცენის ცენტრში აგებული იყო ცირკის მსგავსი შენობა აივნით და გარე კიბით. მრგვალი სცენა სპექტაკლის დროს ბრუნავდა, მსახიობები თამაშობდნენ აივანზეც და შიგა კონსტრუქციებზეც... სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ეპოქის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ქმნიდნენ ფანტასტიკურ სანახაობას“. შემონახულია კ. ზდანევიჩის შექმნილი (1924) ამ სპექტაკლის ფერადოვანი კოსტუმები.

მოგვიანებით ზდანევიჩი თბილისის ოპერის თეატრში მუშაობდა. 30-იან წლებში იგი, როგორც მთავარი მხატვარი, თანამშრომლობდა მოსკოვის გამომცემლობებში და მოსკოვის ფორეგერის თეატრში.

გადასახლება და სიკვდილი

რედაქტირება

1949 წელს კირილ ზდანევიჩი რეპრესირებული იქნა და მოსკოვიდან 15 წლით ჩრდილოეთში, ვორკუტაში, გადაასახლეს. ათი წლის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა მოხუცი და ავადმყოფი.

დაასაფლავეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1969 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 36
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 157, თბ., 1994
  • Le Gris-Bergmann F. Kirill Zdanevich and cubo-futurism, Tiflis 1918-1920. New York: Rachel Adler Gallery, 1987
  • Kirill Zdanevich (1892-1969). San Francisco: Modernism, 1989
  • კირილ ზდანევიჩისა და ილია ზდანევიჩის გამოფენის კატალოგი. თბილისი; პარიზი 1989
  • (რუსული) Никольская Т. «Фантастический город»: Русская культурная жизнь в Тбилиси (1917—1921). М.: Пятая страна, 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება