ზიგმუნტ ვალიშევსკი

(გადამისამართდა გვერდიდან ვალიშევსკი, ზიგმუნტ)

ზიგმუნტ „ზიგა“ ვალიშევსკი (პოლ. Zygmunt Waliszewski, დ. 1 დეკემბერი, 1897, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 5 ოქტომბერი, 1936, კრაკოვი) — პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი, პოლონელ ხელოვანთა მოდერნისტული მიმართულების ე. წ. კაპისტური ჯგუფის წევრი.

ზიგმუნტ ვალიშევსკი

ავტოპორტრეტი
დაიბადა 1 დეკემბერი, 1897
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდაიცვალა 5 ოქტომბერი, 1936
გარდაცვალების ადგილი კრაკოვი
მიმდინარეობა მოდერნიზმი

1903 წლიდან ცხოვრობდა და სწავლობდა თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა თბილისელი მოდერნისტების საქმიანობაში. 1921 წლიდან საფრანგეთსა და პოლონეთში მოღვაწეობდა. მისი საუკეთესო ნამუშევრები თავმოყრილია კრაკოვის, პოზნანისა და ვარშავის მუზეუმებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობით პოლონელი, დაიბადა 1897 წელს სანქტ-პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა საქართველოში და ზიგა ბავშვობის და სიყრმის წლებს ატარებდა თბილისში, სადაც გადიოდა ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსებს.

როგორც კირილ ზდანევიჩი იხსენებს, სულ ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი, ვალიშევსკი გუაშით ქმნიდა პოლონეთის მეფეების პორტრეტებს. 1915 წელს კი, როდესაც 18 წლის იყო, თბილისში მოეწყო მისი პლაკატების გამოფენა.

ამ პერიოდში, როგორც ზდანევიჩი იხსენებდა, ზიგა გატაცებული იყო გოიას, რუბენსის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის შემოქმედებით. მოგვიანებით — ენგრით, დელაკრუათი, მანეთა და სეზანით.

1920 წელს საქართველოში პოლონეთის ელჩის მიწვევით ვალიშევსკი გაემგზავრა პოლონეთში სწავლის გასაგრძელებლად; სწავლობდა კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში.

1924-1930 წლებში ცხოვრობდა პარიზში, მონაწილეობდა „შემოდგომის სალონისა“ და ნატიფი ხელოვნების აკადემიის გამოფენებში. მუშაობდა კანში, არლში და ავინიონში. 1934 წელს ვენეციის XIX საერთაშორისო ზამთრის ბიენალეზე 5 ნამუშევარი გამოფინა.

პირველ მსოფლიო ომში ზიგა ვალიშევსკი მოხალისედ წავიდა. გაჰყვა კირილ ზდანევიჩს, რომელიც ასეულის მეთაური იყო და შეეძლო იგი უსაფრთხოდ ჰყოლოდა სანგარში. ფრონტზე ყოფნა მეტად ნაყოფიერი გამოდგა ვალიშევსკისთვის – მისი ოსტატობა ნახატში კიდევ უფრო დაიხვეწა: ქმნიდა ზდანევიჩის ასეულის ყველა ჯარისკაცის პორტრეტს, შარჟებს, მუდმივად აკეთებდა ჩანახატებს, ფანქრით იხატავდა გოიას, რემბრანდტის, პიკასოსა და ფუტურისტების ნამუშევრებს.

ფრონტიდან თბილისში ფაქტობრივად იძულებით გამოშვების შემდეგ, 1917 წელს 20 წლის ვალიშევსკიმ ძმებ ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, პოეტებთან იური დეგენთან, კოლაუ ჩერნიავსკისთან, ყარა-დარვიშთან ერთად დააარსა „ფუტურისტების სინდიკატი“, მონაწილეობდა საზოგადოებრივი ლექციებისა და დისპუტების მოწყობაში, წიგნების გამოცემებში, თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ARS“ და „ხელოვნება“; ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნისთვის „სოფია გეორგევნა მელნიკოვას. ფანტასტიური სამიკიტნო. 1917, 1918, 1919“ და წიგნ-სატირას „სერგეი გოროდეცკის ბათუმში მოგზაურობის შესახებ“.

იღებდა მონაწილეობას „ფანტასტიკური სამიკიტნოს“ მოხატვაში, და მხატვარ ზალცმანთან ერთად ხატავდა თბილისის საოპერო თეატრის ფარდას - პეგასს ღრუბლებში.

ზდანევიჩი იხსენებდა, რომ თბილისში ზიგა ნაკლებად მუშაობდა ფერწერაში, ზეთის ფერებში, უფრო მეტად — ფანქრით, ტუშით, პასტელით, გუაშით.

ვალიშევსკიმ 1918–1920 წლებში თბილისური მემარცხენე ხელოვნების შემქნელთა რიგებში მყოფმა, შექმნა კუბო-ფუტურისტული ნამუშევრების მთელი რიგი.

სერგეი ორლოვი წერილში „ქართველი ფუტურისტების მოსკოვური თავშესაფარი“ წერდა, რომ „ერთი მხრივ ზიგა ნივთიერ სამყაროს ფანტასმაგორიულად ასახავს, მეორე მხრივ ენობრივად და თემატურად სინთეზური წყობის მხატვარია. გროტესკული სამყაროს შემქმნელი ჯუჯები, მარკიზები, აკრობატები, კომედიანტები, ამურები, ელფები, მარიონეტები, სხვადასხვა ეპოქების, ქვეყნების პერსონაჟები სხვადასხვა მხატვრული ტრადიციათა სინთეზით იქმნებიან – ანტიკური თუ შუასაუკუნეებრივი, ბაროკალური თუ პოსტიმპრესიონისტული, ლუბოკისა და პრიმიტივის, თეატრალური აფიშისა თუ სხვა ენათა შერწყმით. მისი მხატვრობა თითქმის სიმბოლიზმის ზღვარზე, იგავის, თეატრის, სინამდვილისა და გამოგონილის მიჯნაზე დგას“.

თბილისის პერიოდი ზიგას ცხოვრებაში ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი. იგი 1920 წელს დასრულდა. ლადო გუდიაშვილი იხსენებდა, რომ იგი ვალიშევსკის 1920-იან წლებში პარიზში მონპარნასზე შეხვდა. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა. 1920-1930-იან წლებში ქართველ მხატვრებსა და მას შორის აღარანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა.

1920-იან წლებში, ვალიშევსკის სისხლძარღვების დაავადების გამო ორივე ფეხი მოკვეთეს. 1936 წელს 39 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე, ვ., ვალიშევსკი, სიგიზმუნდ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 143.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება