ირაკლი გამრეკელი

(გადამისამართდა გვერდიდან გამრეკელი, ირაკლი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამრეკელი.

ირაკლი გამრეკელი (დ. 17 მაისი, 1894, გორი, — გ. 10 მაისი, 1943, თბილისი) — სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დაიბადა გორში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ მხატვრის კურსებზე.[1]

სრული სამხატვრო განათლება არ მიუღია, სწავლობდა სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში. როსტოვისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტებში მედიცინას ეუფლებოდა და დიდხანს ვერ გააკეთა არჩევანი მედიცინასა და მხატვრობას შორის. 1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. კოტე მარჯანიშვილმა გამოფენაზე ნახა გამრეკელის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის „სალომეა“, მაშინვე მიხვდა მხატვრის განსაკუთრებულ ნიჭს და რუსთაველის თეატრში მიიწვია. მალე ამ თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი ღვაწლი შეიტანა ქართული თეატრის ამაღლებული სულის შექმნაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი და ნოვატორული გამოდგა სანდრო ახმეტელთან ურთიერთობა. ირაკლი გამრეკელმა გააფორმა აღიარებული სპექტაკლები: შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“, შანშიაშვილის „ანზორი“, რობაქიძის „ლამარა“, შილერის „ყაჩაღები“ და სხვა. მის შემოქმედებაში ჭარბობს უკიდურესად პირობითი, ლაკონიური, პლასტიკურად ჩამოქნილი მოცულობითი კონსტრუქციები, მონუმენტურ-არქიტექტორული ფორმები. სცენაზე რიტმულად განლაგებული დანადგარები შინაგანი დრამატიზმით აღსავსე მიზანსცენების შექმნას უწყობდა ხელს. ირაკლი გამრეკელს სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 44
  1. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-15. ციტირების თარიღი: 2009-11-18.