სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.

ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე (დ. 23 ნოემბერი, 1862, თელავი — გ. 27 აპრილი, 1930, თბილისი) — ქართველი ლოტბარი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, მრავალი სამუსიკო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემგროვებელი, ქართულ სიძველეთა დამცველი. ქართველი მუსიკათმცოდნისა და პედაგოგის გრიგოლ ჩხიკვაძის მამა.

ზაქარია ჩხიკვაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. გამოირჩეოდა მშვენიერი ხმით და სასწავლებლის გუნდში გალობდა. 1884 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. აქ, მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთად, ვ. აუშევთან მიიღო პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება, შემდეგ კი სწავლა ხარლამპი სავანელთან განაგრძო. ზაქარია ჩხიკვაძემ, ჯერ კიდევ თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფემ, სემინარიელებისაგან შეადგინა მცირე გუნდი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. იგი თავის გუნდს უძველეს კახურ სიმღერებს ასწავლიდა. დახმარებისათვის მან კახური ხალხური სიმღერის საუკეთესო მცოდნესა და უბადლო შემსრულებელს სოსიკო კოზმანაშვილს მიმართა. 1883 წ. ი. რატიშვილის ბინაზე, სადაც გუნდი მეცადინეობდა, ჩატარდა სემინარიის პედაგოგებთან გამოსათხოვარი საღამო. გუნდის გალობით ყველა მოხიბლული და კმაყოფილი დარჩენილა. ცრემლმორეულ სოსიკო კოზმანაშვილს კი ყველა გადაუკოცნია და უთქვამს: „ახლა შვილებო, თუნდაც მოვკვდე... საფლავში არ ჩამყვება და მით სამუდამოდ აღარ დაიკარგება ხმატკბილი კახური სიმღერები“.[1]

სემინარიის დასრულების შემდეგ ზ. ჩხიკვაძემ მუშაობა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენის, ლიტერატურისა და სიმღერა-გალობის პედაგოგად დაიწყო. პარალელურად იგი სიმღერა-გალობას თელავის სასულიერო სასწავლებლის გუნდს ასწავლიდა. 1885 წელს [[ჟურნალი „დროება“ წერდა, რომ თელავში გამართულ საღამოზე, ზაქარია ჩხიკვაძის ლოტბარობით წმ. ნინოს სასწავლებლის ქალთა გუნდი გალობდა. „... საზოგადოება ძლიერ აღტაცებაში მოიყვანა ამ ქალების სიმღერამ, მით უფრო, რომ 13-14 წ. ქალები ისე გაბედვით მღეროდნენ, რომ თითქოს იმათ მეტი იქ არავინ არ იყოს. გულითადი მადლობის ღირსია ბ-ნი ზ. ჩხიკვაძე, რომელსაც ისე მშვენივრად მოემზადებინა ქალები. მადლობის ღირსია მიტომ უფრო, რომ ჩვენ აქ გავიგონეთ ზოგი იმისთანა სიმღერები, რომელიც აქ არავინ არ იცის და მე აქ არსად არ გამიგონია მთელ კახეთში. როგორც გავიგეთ, ამ ახლგაზრდა ლოტბარს სცოდნია „ყურშა“, „დიამბეგი“ და სხვა ამგვარი ძველი სიმღერები... ასე კარგად გაიარა საღამომ და ბლომად ხალხიც იყო“.[2]

ზაქარია ჩხიკვაძე პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად ცდილობდა ქართული ხალხური სიმღერების მეცნიერულ შესწავლასაც. ხალხში აგროვებდა სიმღერებს. 1890 წ. მან ქართული ხალხური სიმღერების კრებული „სალამური“ გამოსცა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშებს შეიცავს. „სალამური“ ერთადერთ სახელმძღვანელო იყო ქართული სკოლისათვის. ეს კრებული შედგება 35 სიმღერისაგან და იყოფა ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შესულია „ლილე“, „ბუბა ქაქუჩელა“, „ლამპარი“, „შილესა“, „ბეთქენ კუცა“. ხალხური სიმღერების ერთ-ერთ პირველ შემგროვებელს მელიტონ ბალანჩივაძეს ეს სიმღერები უშუალოდ გლეხებისაგან ჩაუწერია. აქვეა „მუმლი მუხასა“, „შაშვი კაკაბი“, „მუშური“, „ვაი, შენ ჩემო თეთრო ბატო“, „დიამბეგის ქალს აქებენ“, „კუჩხი ბედინერი“, და სხვა. მეორე ჯგუფის სასიმღერო ტექსტები შეცვლილია თანამედროვე პოეტების ლექსებით. მაგ.: „მოწვევა სწავლაზე“ - ტექსტი ი. გოგებაშვილისა, „ჯერ შრომა მერე ხტომა“ - რ. ერისთავისა, „მერცხალი“ - ი. დავითაშვილის ლექსზე და სხვა. ლლლლლ„სალამურის“ თაობაზე იმდროინდელ პრესაში ორი რეცენზია დაიბეჭდა - ქართულ და რუსულ ენებზე: 1897 წ. გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ია კარგარეთელის, ხოლო „ცნობის ფურცელში“ - ნიკო სულხანიშვილის. ორივე რეცენზია კრიტიკულად უდგება კრებულს, იძლევა წმნიდა მუსიკალური ხასიათის შენიშვნებს. ისინი თვლიან, რომ ზოგიერთ სიმღერაში არეულია მინორი და მაჟორი. ნ. სულხანიშვილს მიაჩნია, რომ ზოგიერთი სიმღერა ზუსტი კილოთი არ არის გადმოღებული. მაგრამ ორივე რეცენზენტი აღიარებს ზ. ჩხიკვაძის ღვაწლს.

ზაქარია ჩხიკვაძეს ქართული ხალხური სიმღერებისა და მათი ტექსტების [3] გარდა შეგროვილი აქვს 200-მდე საგალობელი, რომელსაც შემდეგ სამ და ოთხ ხმად ამუშავებდა. მანვე შეკრიბა „მამაო ჩვენოს“, „მრავალჟამიერის“ და სხვათა რამდენიმე ვარიანტი. ზ. ჩხიკვაძეს უცდია საგალობლებში საერო ელემენტების შეტანაც, „საეკლესიო კონცერტების“ ჩატარებაც. 1914 წ. თბილისის ოპერაში გამართულა ორგანყოფილებიანი კონცერტი, სადაც ზ. ჩხიკვაძის ლოტბარობით გუნდი ქართულ საგალობლებს ასრულებდა. ეს საგალობლები მოუსმენია ეგზარხოს ალექსისაც, რომელიც ფრიად კმაყოფილი დარჩენილა .[4]„სალამური“ ჩხიკვაძემ გადასცა პეტრე ჩაიკოვსკის. ასე მოხვდა ქართული „იავნანა“ ბალეტ „მაკნატუნაში.“

1889 წ. ზაქარია ჩხიკვაძემ თბილისში განაგრძო პედაგოგიურ მოღვაწეობა. 1907 წლამდე იგი ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, წმ. ნინოს სასწავლებელში და უსინათლოთა სკოლაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თვითონ იყო სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. მას ჰყავდა მოსწავლეთა გუნდი, რომელიც უსასყიდლოდ გამოდიოდა კალოუბნის ეკლესიაში. გაზეთ „კვალში“ დეკანოზი დავით ღამბაშიძე წერდა: „ ბევრ ეკლესიაში მოისმენთ წირვას და გალობას ქართულს, როგორც ქალაქებში ისე დაბებში, მაგრამ აქაური წირვა-გალობა სწორედ ბევრად განსხვავდება სხვა კრებულთა წირვა-გალობებისაგან... მომეცით ნება, ბ-ნ რედაქტორო თქვენის გაზეთის საშუალებით გულითადი მადლობა გადაუვუხადოთ ბ. ლოტბარს ზ. ჩხიკვაძეს მის გულმოდგინე მეცადინეობისათვის ქართული გალობის შესასწავლებლად“.[5] დეკანოზ დავით ღამბაშიძემ მოსწავლეებს მადლიერების ნიშნად ფულადი ჯილდო და მის მიერ გამოცემული წიგნები გადასცა, ხოლო ლოტბარს ყდებში ჩასმული „მწყემსის“ ყველა ნომერი.

ერთხელ სათავადაზნაურო სკოლას ილია ჭავჭავაძეც ესტუმრა. სკოლის გუნდი, სადაც ახლგაზრდა ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა, დიდ მწერალს შენობაში შესვლისთანავე მრავალჟამიერით მიეგება. სიმღერის მოსმენის შემდეგ ილია დიდხანს ყოფილა ჩუმად, ბოლოს მოუბოდიშებია და უთქვამს, აღფრთოვანებისაგან ენა ჩამივარდაო.[6] შემთხვევითი არ ის იყო, რომ ზაქარია ფალიაშვილს მისთვისაც მიუნდვია ქაშვეთის ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელობა.[7]

ქართული ფილარმონიული საზოგადოება

რედაქტირება

1905 წელს ზ. ჩხიკვაძემ თანამოღვაწე მუსიკოსებთან, ან. ყარაშვილთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ი. კარგარეთელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას და თავად ხელმძღვანელობდა მას. 1908 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამუსიკო სასწავლებელს. 1913-1919 წწ. ზ. ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა ფილარმონიული საზოგადოების გუნდს.

ჯერ კიდევ 1897 წ. ჩხიკვაძემ შეადგინა ფილარმონიული საზოგადოების წესდების პროექტი, რომელიც 1903 წ. საჯაროდ იქნა განხილული, 1904 წ. იგი ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საზოგადოება მიზნად ისახავდა ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შეკრება-გამოცემას, შემდეგ მისი მუშაობა უფრო გაფართოვდა: საკუთარი ძალებით და მოწვეული არტისტებითეწყობოდა კონცერტები; ფილარმონიასთან დაარსებული სამუსიკო სკოლა ქართულ ენაზე ასრულებდა რუსულ და ევროპულ ოპერებს („კარმენს“, „ფაუსტს“, „დემონს“, „სევილიელ დალაქს“, „ფიგაროს ქორწინებას“). ქართული ფილარმონიის „მამა“, როგორც ზაქარია ჩხიკვაძეს მისი კოლეგები ეძახდნენ, ყველა ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო. იგი არჩეული იყო „სამუსიკო სკოლის პროგრამის შემმუშავებელ კომისიაში“, აგრეთვე „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველ კომისიაში“. 1913 წლიდან იყო ქართული ფილარმონიული გუნდის ლოტბარი 1919 წლამდე.. 1919 წელს მისი თაოსნობით სოხუმში გაიხსნა ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი. ამავე წელს ჩხიკვაძემ თელავსა და სიღნაღში დააარსა სამუსიკო სასწავლებლები. თელავის სკოლას იგი თავად ჩაუდგა სათავეში, სადაც სიმღერასთან ერთად თეორიულ საგნებსა და მუსიკის ისტორიასაც ასწავლიდა.

საქართველოს სიძველათა დაცვა

რედაქტირება

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922 წლამდე, შეინარჩუნა თელავისა და სიღნაღის მუსიკალური სკოლის დირექტორის თანამდებობები. 1925 წლამდე აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. ზ. ჩხიკვაძე კახეთში საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელიც იყო. მან მრავალი ძეგლი გამოამზეურა, აღწერა, აზომა, მრავალი წარწერაც ამოიკითხა, აგროვებდა ნივთიერ მასალასაც.

1925 წ. გ. ჩუბინაშვილის თაოსნობით თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან ქართულ სიძველეთა მუზეუმი გაიხსნა, სადაც ზ. ჩხიკვაძე მცველად და მეცნიერ მუშაკად მუშაობდა. 1925-1930 წლებში ამავდრუოლად მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში.

ზ. ჩხიკვაძეს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა ძეგლის შესახებ. იგი საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ალავერდის, იყალთოს, თევდორეს (სოფ. გავაზი) ეკლესიებისა და ახალი თაობის მონასტრების შესახებ .[8] აღნუსხული აქვს ეკლესიებში დაცული ინვენტარი და მათი ისტორია, აღწერილი აქვს ექსტერიერები და ინტერიერები, გვაწვდის ცნობებს ალავერდის რეკონსტრუქციის შესახებ. საინტერესოა წერილები „თბილისიდან თელავამდე“, „სოხუნიდან ახალ ათონამდე“ .[9] ზ. ჩხიკვაძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, სადაც აშუქებდა თბილისის საოპერო და საკონცერტო ცხოვრებას. მასვე ეკუთვნის მოგონებები ხარლამპი სავანელსა და პეტრე ჩაიკოვსკიზე.

ზაქარია ჩხიკვაძე გარდაიცვალა 1930 წლის 27 აპრილს, თბილისში. თავდაპირველად იგი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. იქ, სადაც დღეს ვერის პარკია, მოგვიანებით კი დღევანდელი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეჟავა, ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 507.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მ. ზანდუკელი, „დიდი მოამბე“, გაზ. „კომუნისტი“, 1963, 2 თებერვალი.
  2. კახეთის ავი და კარგი, ჟურ. „დროება“, № 19,1885, გვ. 3-4.
  3. „ნეტავ მანატრა“, „ჯამბარამ თქვა“, „ქალო ჰგავხარ ალვის ხესა“, (იხ. გაზ. „ივერია“, № 51, 1884), „მათუსალას მეძახიან“, „რუსეთ ხელმწიფე გადმობრძანდა“, (ჟურ. „მოგზაური“, № 6-7, 1901, გვ. 712-713)
  4. ნ. ღამბაშიძე, დასახ. ნაშრომი, იქვე.., „სახალხო გაზეთი“ № 701-703, 1912...
  5. დ. ღამბაშიძე, საყურადღებო ამბები, გაზ. „კვალი“, № 9,1895.
  6. ნ. ღამბაშიძე, „ზაქარია ჩხიკვაძე და ქართული მუსიკალური ფოლკლორი“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, № 11, 1987, გვ.131.
  7. კალისტრატე ცინცაძის ფონდი № 109, გვ 91; V; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
  8. ზ. ჩხიკვაძე, თევდორეს ეკლესია სოფ. ძველ გავაზში, № 206,1895; ძველი ღვთაების ტაძარი იყალთოში.
  9. ზ. ჩხიკვაძე, თბიულისიდან თელავამდე; სოხუმიდან ახალ ათონამდე, გაზ. „ივერია“,№ 157, 1891, გვ. 2-3; № 158, გვ. 3; № 161, გვ. 2-3.