ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/ვლადიმერ ნაბოკოვი

სტატია „ვლადიმერ ნაბოკოვი“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატია „ვლადიმერ ნაბოკოვი“ დასრულებულია მოხალისე Tavelix -ის (განხილვის გვერდი) მიერ და ის ელოდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლის შემოწმებას. .
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.


ვლადიმირ (ვლადიმერ) ვლადიმირის ძე ნაბოკოვი (რუს. Владимир Владимирович Набоков; დ. 22 აპრილი (ძვ. სტილით - 10 აპრილი) 1899 - გ. 2 ივლისი 1977), ფსევდონიმი: „ვლადიმირ სირინი“ (Владимир Сирин) - რუს-ამერიკელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ენტომოლოგი. პირველი ცხრა რომანი რუსულ ენაზე დაწერა (1926-38 წლებში), საერთაშორისო აღიარებას კი მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც ინგლისურ ენაზე წერა დაიწყო. 1945 წელს ნაბოკოვი ამერიკის მოქალაქე გახდა.

2007 წელს ნაბოკოვის „ლოლიტა“ (1955) მეოთხე ადგილას აღმოჩნდა Modern Library-ის მიერ შედგენილ 100 საუკეთესო რომანის სიაში.[1] ამავე სიაში „მკრთალი ალი“ (1962) მკითხველმა 53-ე ადგილზე იხილა. მწერლის მემუარები კი „ილაპარაკე, მეხსიერებავ“ (1951) Random House-ის იმ სიაში მოხვდა, რომელშიც მე-20 საუკუნის დოკუმენტური პროზის შედევრებია თავმოყრილი. [2] ვ. ნაბოკოვი შვიდჯერ აღმოჩნდა "მხატვრული რომანისათვის წიგნის ეროვნული ჯილდოს" (National Book Award for Fiction) ფინალში.

ის იყო ასევე ექსპერტ-ლეპიდოპტერისტი და საჭადრაკო კომპოზიტორი.

ცხოვრების გზა

რედაქტირება
 
მწერლის ბაბუა, დმიტრი ნაბოკოვი, იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე მეორის დროს
 
მწერლის მამა, ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ოფიცრის ფორმაში, 1914
 
ნაბოკოვების სახლი სანკტ-პეტერბურგში. დღეს ვლადიმირ ნაბოკოვის მუზეუმია.

ვლადიმირ ნაბოკოვი 1899 წლის 22 აპრილს (ძველი სტილით 10 აპრილს) დაიბადა სანკტ-პეტერბურგში, რუს არისტოკრატთა მდიდარ, სახელგანთქმულ ოჯახში. მისი გვარის ისტორია მე-14 საუკუნეში დაიწყო, როცა თათარი უფლისწული ნაბოკ მურზა მეფის სამსახურში ჩადგა. [3][4]:16[5] მამა - ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი (1870-1922) ლიბერალი სახელმწიფო მოღვაწე, ადვოკატი და ჟურნალისტი იყო, დედა კი - ქალიშვილობაში ელენა ივანეს ასული რუკავიშნიკოვა - ოქროს საბადოს მილიონერი მფლობელის შვილიშვილი და მემკვიდრე. მამა რევოლუციისწინა ლიბერალურ მოძრაობას, კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას ედგა სათავეში. მას უამრავი წიგნი და სტატია აქვს დაწერილი სისხლის სამართლისა და პოლიტიკის შესახებ. [6] ვლადიმირის ბიძაშვილია კომპოზიტორი ნიკოლაი ნაბოკოვი. ბაბუამისს (მამის მხრიდან), დმიტრი ნაბოკოვს (1827-1904) რუსეთის იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა ალექსანდრე მეორის მმართველობის დროს. ბებია კი (ასევე მამის მხრიდან) ბალტიელ-გერმანელი ბარონესა მარია ფონ კორფი (1842-1926) იყო. მამის გერმანელ წინაპრებში კომპოზიტორი კარლ ჰაინრიხ გრაუნიცაა (1704-1759). [7]

ვლადიმირი მშობლების უფროსი, ნებიერა შვილი იყო. ჰყავდა ორი ძმა და ორი და: სერგეი (1900-45), ოლგა (1903-78), ელენა (1906-2000) და კირილი (1912-64). სერგეი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს 1945 წელს, ჰიტლერის რეჟიმის საჯაროდ დაგმობის გამო. აინ რენდი ოლგას (უახლოეს მეგობარს სანკტ-პეტერბურგის მეორე გიმნაზიიდან) იხსენებდა, როგორც კონსტიტუციური მონარქიის მიმდევარს, რომელმაც პოლიტიკისადმი ინტერესი გაუღვიძა. [8][9] ელენამ კი, რომელსაც ვლადიმირთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, 1985 წელს მასთან მიმოწერა გამოსცა და დიდი დახმარება გაუწია მწერლის ბიოგრაფებს.

ნაბოკოვმა ბავშვობისა და მოზარდობის წლები სანკტ-პეტერბურგსა და სოფელ ვირის (Вира) მამულში გაატარა, რომელიც სარკინიგზო სადგურ სევერსკაიას სიახლოვეს მდებარეობდა. ბავშვობა, რომელსაც „სრულყოფილსა“ და „კოსმოპოლიტურს“ უწოდებდა, მართლაც განაკუთრებული ჰქონდა. ოჯახში რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად საუბრობდნენ, რის გამოც მცირეწლოვანმა ვლადიმირმა სამივე ენა შესანიშნავად შეისწავლა. მწერალი იხსენებდა, რომ პირველი ინგლისური წიგნი, რომელიც დედამ წაუკითხა, ფლორენს მონტგომერის „როცა ვერ გიგებენ“ (1869) იყო. პატრიოტი მამის გულდასაწყვეტად, მან წერა-კითხვა ინგლისურად უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე რუსულად. თავის მემუარებში „ილაპარაკე, მეხსიერებავ“ ნაბოკოვი დაწვრილებით იხსენებს პრივილეგიებით გამორჩეულ ბავშვობას. სწორედ წარსულის მოგონებებმა გადაატანინა მუდმივი დევნილობის წლები, ეს მოგონებები გახდა შთაგონების წყარო და თემა რომანებისათვის „მაშენკა“ და „ადა“. მართლმადიდებელი ქრისტიანი ნაბოკოვები თავგამოდებული მორწმუნეები არ ყოფილან და არც ვლადიმირს აძალებდნენ ეკლესიაში სიარულს, როცა იქ გული აღარ მიუწევდა. 1916 წელს ნაბოკოვმა ბიძისგან, ვასილი ივანეს ძე რუკავიშნიკოვისგან (მემუარებში - ბიძია რუკა) მემკვიდრეობით მიიღო როჟდესტვენოს მამული სოფელ ვირის სიახლოვეს, რომელიც ერთ წელში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაკარგა. ეს ერთადერთი სახლი იყო, რომლის მფლობელიც კი ოდესმე ყოფილა მწერალი.

 
როჟდესტვენოს მამული, რომელიც 16 წლის ვლადიმირ ნაბოკოვმა ბიძისაგან მემკვიდრეობით მიიღო და ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაკარგა.

ნაბოკოვის პირველი სერიოზული ლიტერატურული მცდელობები მოზარდობის ხანას უკავშირდება. 1916 წელს მისი პირველი პოეტური კრებული გამოქვეყნდა, რომელშიც რუსულ ენაზე დაწერილი 68 ლექსი შედიოდა. ამ დროს ის სანქტ-პეტერბურგში, ტენიშევის სკოლაში სწავლობდა, ლიტერატურის მასწავლებელი ვლადიმირ ვასილის ძე გიპიუსი, ხშირად აკრიტიკებდა მის ლიტერატურულ ნამუშევრებს. წიგნის გამოცემიდან ცოტა ხნის შემდეგ ზინაიდა გიპიუსმა, ცნობილმა პოეტმა და ვლადიმირ გიპიუსის ბიძაშვილმა, ერთ-ერთ თავყრილობაზე ნაბოკოვის მამას უთხრა: თქვენს ვაჟს გადაეცით, რომ მწერალი ვერასდროს გახდებაო. [10]

ემიგრაცია

რედაქტირება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვლადიმირ ნაბოკოვის მამა რუსეთის დროებითი მთავრობის მდივანი გახდა სანქტ-პეტერბურგში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მთელი ოჯახი იძულებული გახდა, ყირიმში გაქცეულიყო - ფიქრობდნენ, რომ მშობლიური ქალაქის დატოვება დიდი ხნით არ მოუხდებოდათ. იქ მეგობრის მამულში ცხოვრობდნენ, 1918 წლის სექტემბერში კი გადავიდნენ ლივადიაში, რომელიც იმხანად უკრაინის რესპუბლიკას ეკუთვნოდა. ნაბოკოვის მამა ყირიმის სამხარეო მთავრობის იუსტიციის მინისტრი გახდა.

მას შემდეგ, რაც გერმანიის არმიამ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა (1918 წლის ნოემბერში) და თეთრი არმია დამარცხდა (1919 წლის დასაწყისში), ნაბოკოვებმა თავი დასავლეთ ევროპას შეაფარეს. ერთხანს ინგლისში ცხოვრობდნენ და ვლადიმირი კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯში (Trinity college, Cambridge) სწავლობდა - ჯერ ზოოლოგიას, მერე კი - სლავურ და რომანულ ენებს. ტრადიციული გამოსაშვები გამოცდის (Tripos) პირველი ნაწილი მეორე კურსის ბოლოს ჩააბარა, ბრწყინვალე შედეგით. გამოცდის მეორე ნაწილის ჩაბარება კი მეოთხე კურსზე მოუხდა, ზუსტად მამის სიკვდილის შემდეგ. ეშინოდა, რომ ჩაიჭრებოდა, მაგრამ მისი წერილობითი ნამუშევარი სავსებით დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. საბოლოო გამოცდის შედეგიც ასეთივე იყო და 1922 წელს ვლადიმირ ნაბოკოვს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. კემბრიჯში სწავლის გამოცდილება მის ნაწარმოებებშიც აისახა, მათ შორის რომანებში „გმირობა“ და „სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება“.

1920 წელს ნაბოკოვების ოჯახი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც ვლადიმირის მამამ ემიგრანტული გაზეთის გამოცემა დაიწყო. ვლადიმირი მათ ორი წლის შემდეგ შეუერთდა, როდესაც კემბრიჯში სწავლა დაასრულა.

ბერლინის წლები (1922–37)

რედაქტირება

1922 წლის მარტში, ბერლინში, ნაბოკოვის მამას რუსი მონარქისტის პიოტრ შაბელსკი-ბორკის საბედისწერო ტყვიამ შეიწირა. ის ცდილობდა, მონარქისტის ნამდვილ სამიზნეს, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის მეთაურს, პაველ მილიუკოვს გადაფარებოდა. ნაბოკოვის შემოქმედებაში ხშირია ამ შემთხვევითი მკვლელობის გამოძახილი, მისი პერსონაჟებიც კვდებიან გარემოებების დამთხვევის შედეგად (მაგალითად, „მკრთალ ალში“ - რომანის ერთ ინტერპრეტაციაში მკვლელი შეცდომით კლავს პოეტ ჯონ შეიდს (John Shade) იმ დროს, როცა ნამდვილი სამიზნე დევნილი ევროპელი მონარქია). მამის სიკვდილიდან ცოტა ხანში ვლადიმირის დედა და და საცხოვრებლად პრაღაში გადავიდნენ.

ნაბოკოვი ბერლინში დარჩა, სადაც ემიგრანტთა წრეში ცნობილი მწერალი გახდა. ნაწარმოებებს ვ. სირინის ფსევდონიმით აქვეყნებდა (ფსევდონიმი რუსული ფოლკლორის ზღაპრულ ფრინველს უკავშირდება). მწერლობიდან მწირი შემოსავალი ჰქონდა, ამიტომაც ენების სწავლებას მიჰყო ხელი. კრივისა და ჩოგბურთის გაკვეთილებსაც ატარებდა. [11] იმ 15 წელიწადზე, მწერალმა ბერლინში რომ გაატარა, დიტერ ე. ციმერი (Dieter E. Zimmer) წერდა: „ბერლინი არ უყვარდა, ბოლოს კი სულაც შეიძულა. რუს ემიგრანტთა ცოცხალ წრეში ტრიალებდა, რომელიც მეტ-ნაკლებად თვითკმარი იყო. როცა ეს ერთობა დაიშალა, ბერლინში იმიტომ დარჩა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა. გერმანული ცუდად იცოდა. გერმანელებსაც თითქმის არ იცნობდა - ურთიერთობა მხოლოდ ბინების მეპატრონეებთან, გამყიდველებთან და პოლიციის შენობებში მომუშავე საიმიგრაციო სამსახურის მოხელეებთან ჰქონდა“. [12]

1922 წელს ნაბოკოვი სვეტლანა ზივერტზე დაინიშნა, თუმცა ნიშნობა 1923 წლის დასაწყისში ჩაიშალა, რადგან ქალიშვილის მშობლები შიშობდნენ, რომ ვლადიმირი ოჯახის რჩენას ვერ მოახერხებდა. [13] 1923 წლის მაისში, ბერლინში, საქველმოქმედო მეჯლისზე მან რუსი ებრაელი ვერა ევსევის ასული სლონიმი გაიცნო. [11] ისინი 1925 წლის აპრილში დაქორწინდნენ, მათი ვაჟი, დმიტრი, კი 1934 წელს დაიბადა. [11]

1934 წელს ვერამ სამსახური დაკარგა საზოგადოებაში მზარდი ანტისემიტური განწყობის გამო. ამავე წელს ვლადიმირის მამის მკვლელი რუს ემიგრანტთა გაერთიანების მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. ნაბოკოვმა გადაწყვიტა, სამსახური სამყაროს ინგლისურენოვან ნაწილში მოეძებნა. 1937 წელს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მცირეხნიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუს ემიგრანტთან, ირინა გუადანინისთან. მწერლის ოჯახიც საფრანგეთში გადასახლდა, მანამდე კი მისი წევრები უკანასკნელად ესტუმრნენ პრაღას. ჯერ კანში დაჰყვეს გარკვეული ხანი, შემდეგ - მანტონში, ანტიბში, ფრეჟიუსში, ბოლოს კი პარიზში დამკვიდრება გადაწყვიტეს. 1940 წლის მაისში ნაბოკოვები ევროპის დასაპყრობად დაძრულ გერმანიის არმიას საოკეანო ლაინერ „შამპლენით“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაექცნენ. მათთან არ იყო ვლადიმირის ძმა, სერგეი, რომელიც შემდეგ, 1945 წლის 9 იანვარს ნოიენგამეში - საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. [14]

შეერთებული შტატები

რედაქტირება
 
სახლი ითაკაში, ნიუ-იორკის შტატში, სადაც ნაბოკოვი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 1947-1953 წლებში. აქ დაამთავრა „ლოლიტა“ და ახალი რომანის, „პნინის“ წერა დაიწყო

ნაბოკოვები მანჰეტენზე დასახლდნენ და ვლადიმირმა მოხალისე ენტომოლოგად დაიწყო მუშაობა ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში. [15]

1941 წელს ნაბოკოვმა უელსლის კოლეჯში (Wellesley College) დაიწყო მუშაობა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიწვეულ მასწავლებლად. ეს ადგილი მისთვის საგანგებოდ მოიფიქრეს - შემოსავალიც ჰქონდა და თავისუფალი დროც საწერად და პეპლების საკვლევად. სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა უელსლის კოლეჯის რუსული განყოფილება. 1941-42 სასწავლო წელი ნაბოკოვებმა უელსლიში, მასაჩუსეტსის შტატში გაატარეს. 1942 წლის სექტემბერში კი საცხოვრებლად ამავე შტატის ქალაქ კემბრიჯში გადავიდნენ, სადაც 1948 წლის ივნისამდე დარჩნენ. ნაბოკოვი უელსლის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა - ამჯერად რუსულის მასწავლებლად - ქვეყანაში მოწყობილი სალექციო ტურის დროს, 1944-45 სასწავლო წელს. 1945 წელს ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. 1947-48 წლებში, უელსლის ერთკაციან რუსულ განყოფილებაში, ნაბოკოვი რუსული ენისა და ლიტერატურის კურსს უძღვებოდა. მის ლექციებს ბევრი მსმენელი ესწრებოდა - მიზეზი ლექტორის უნიკალური სასაუბრო სტილიც იყო და ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომმა ყოველივე რუსულის მიმართ ინტერესი გაზარდა. ამავე დროს ნაბოკოვი დე ფაქტო კურატორი იყო ლეპიდოპტერიის სფეროში, ჰარვარდის უნივერსიტეტის შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში. [16] მორის ბიშოპის წახალისებით, 1948 წელს მან უელსლის კოლეჯში სწავლება შეწყვიტა და რუსული და ევროპული ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვა კორნელის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც 1959 წლამდე მუშაობდა. აქ მის სტუდენტებს შორის იყო შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მომავალი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინზბურგი(Ruth Bader Ginsburg), რომელიც წლების შემდეგ ამბობდა, რომ ნაბოკოვმა მასზე უდიდესი გავლენა იქონია - წერა ასწავლა. [17]

ნაბოკოვმა „ლოლიტა“ შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მოგზაურობისას დაწერა. იქ ყოველ ზაფხულს მიემგზავრებოდა პეპლებზე სანადიროდ. ამ დროს ვერა იყო მისი „მდივანი, მბეჭდავი, რედაქტორი, კორექტორი, მთარგმნელი და ბიბლიოგრაფი; ასევე აგენტი, ბიზნესის მენეჯერი, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, მძღოლი, ასისტენტ-მკვლევარი, ასისტენტ-ლექტორი“ და საჭირო დროს პროფესორის შეცვლაც შეეძლო. როდესაც ნაბოკოვი „ლოლიტას“ დაუმთავრებელი ტექსტის დაწვას აპირებდა, სწორედ ვერამ შეაჩერა.მწერალი მასზე ამბობდა, არ ვიცნობ ქალს, რომელსაც იუმორის ასეთი გრძნობა ექნებოდაო. [11][18][19]

1953 წლის ივნისში ნაბოკოვი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ეშლენდში, ორეგონის შტატში გადავიდა. სწორედ იქ დაამთავრა „ლოლიტა“ და ახალი რომანის, „პნინის“ წერა დაიწყო. ხშირად დაეხეტებოდა ახლო მდებარე მთებში პეპლების საძებნელად და ის აისახა კიდეც ლექსში - „ორეგონში დაწერილი სტრიქონები“. 1953 წელს ნაბოკოვები ითაკაში, ნიუ-იორკის შტატში დაბრუნდნენ, სადაც ვლადიმირი ერთხანს ახალგაზრდა მწერალს, თომას პინჩონს ასწავლიდა. [20]

მონტრე და გარდაცვალება

რედაქტირება
 
ვლადიმირ და ვერა ნაბოკოვების საფლავი კლარანის სასაფლაოზე, მონტრესთან ახლოს, შვეიცარიაში

იმ დიდი ფინანსური წარმატების შემდეგ, „ლოლიტამ“ რომ მოუტანა, ნაბოკოვი ევროპაში დაბრუნდა და წერა მთავარ საქმედ გაიხადა. მისი ვაჟი საოპერო მომღერლად აიყვანეს რეჯო-ემილიაში (Reggio Emilia). 1961 წლის 1 ოქტომბერს კი ვლადიმირი და ვერა სასტუმრო „მონტრე-პალასში“, მონტრეში, შვეიცარიაში დასახლდნენ. მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ამ სასტუმროში ცხოვრობდა და მუშაობდა. [21] დროდადრო ალპებში, კორსიკასა და სიცილიაზე მიემგზავრებოდა პეპლებზე სანადიროდ. 1976 წელს საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცხის გამო, რომლის გამომწვევი მიზეზიც ექიმებმა ვერ დაადგინეს. 1977 წელს ლოზანის საავადმყოფოში დააწვინეს ბრონქების მწვავე ჰიპერემიის დიაგნოზით. გარდაიცვალა 2 ივლისს, მონტრეში, ოჯახის წევრების გარემოცვაში. როგორც მისი ვაჟი, დმიტრი იხსენებს, „სამჯერ ზედიზედ ამოიკვნესა და თითოეული ამოკვნესა წინაზე სუსტი იყო“. [22] ვლადიმირ ნაბოკოვის ნეშტი დაწვეს, ფერფლი კი კლარანის სასაფლაოზე, მონტრეში დაკრძალეს. [23]

გარდაცვალებამდე ის ახალ რომანზე მუშაობდა, რომლის სახელწოდებაც „ლორას ორიგინალი“ უნდა ყოფილიყო. ნაბოკოვის ლიტერატურულ მემკვიდრეებად ვერა და დმიტრი აღიარეს, რომლებმაც მწერლის თხოვნა არ შეასრულეს - რომანის ხელნაწერი არ დაწვეს. [24] დაუმთავრებელი ტექსტი - საინდექსო ბარათებზე დაწერილი 125 გვერდი - შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის საცავში რჩებოდა და მისი ნახვის უფლება მხოლოდ დმიტრისა და ერთ უცნობს ჰქონდათ. [25] ხელნაწერის სხვადასხვა ნაწილი ნაბოკოვის შემოქმედების მკვლევრებსაც ენახათ. 2008 წლის აპრილში დმიტრიმ გამოაცხადა, რომ რომანის გამოცემას აპირებდა. [26]

წიგნის დაბეჭდვამდე „ლორას ორიგინალის“ ნაწყვეტები გამოქვეყნდა. გერმანულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „Die Zeit“ მკითხველს ნაბოკოვის რამდენიმე საინდექსო ბარათი წარუდგინა. 2008 წლის 14 აგვისტოს ნომრისთვის პუბლიკაცია რეპორტიორმა მალტე ჰერვიგმა მოამზადა. ჰერვიგი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს რომანი, მართალია, ფრაგმენტულია, მაგრამ მაინც „კლასიკური ნაბოკოვია“. [27]

2009 წლის ივლისში ჟურნალმა „Playboy“-მ „ლორას ორიგინალის“ 5000-სიტყვიანი ნაწყვეტის დაბეჭდვის უფლება მოიპოვა. ტექსტი დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

„ლორას ორიგინალი“ წიგნად 2009 წლის 17 ნოემბერს გამოიცა. [28]

შემოქმედება

რედაქტირება
 
ნაბოკოვი 1960 წელს
 
ნაბოკოვი 1973 წელს

ნაბოკოვი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ განსაკუთრებული სტილის მქონე ავტორადაა აღიარებული. პირველი ნაწარმოებები მან რუსულ ენაზე დაწერა, მსოფლიომ კი ინგლისურ ენაზე შექმნილი რომანებით გაიცნო. იმის გამო, რომ სრულყოფილად იცოდა სამი ენა (ფრანგულადაც წერდა, იხილეთ „Mademoiselle O“), ხშირად ჯოზეფ კონრადს ადარებენ. თავად ნაბოკოვს კი არც ეს შედარება მოსწონდა და არც კონრადის შემოქმედება. კრიტიკოს ედმუნდ უილსონს შესჩიოდა: საკმაოდ ბებერი ვარ საიმისოდ, რომ ვცადო და კონრადს დავემსგავსოო. მართლაც გენიალური ხუმრობააო, - შენიშნა წლების შემდეგ ჯონ აპდაიკმა. ნაბოკოვი ამას 1941 წელს ჩიოდა - ამერიკაში ახლად გადმოსახლებული. [29]:50 [30] 1950 წლის ნოემბერში მიწერილ წერილში კი უკიდურესად სერიოზული შეფასება შესთავაზა ისევ უილსონს: „კონრადმა ჩემზე კარგად იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა სტანდარტული ინგლისური, მაგრამ მე სხვა რამ გამომდის უკეთესად. ის ვერ ეშვება ჩემი სოლეციზმების სიღრმემდე და ვერც ჩემი ვერბალური მწვერვალების სიმაღლეს აღწევს“. [29]:282 ნაბოკოვმა რუსულად დაწერილი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადვე თარგმნა ინგლისურ ენაზე - ზოგჯერ ვაჟის, დმიტრის დახმარებით. სამენოვანმა აღზრდა-განათლებამ კი მის ოსტატობაზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა.

მწერალმა რუსულ ენაზე თარგმნა ინგლისურად დაწერილი ორი წიგნი: „დამარწმუნებელი მტკიცებულება: მემუარები“ და „ლოლიტა“. „დამარწმუნებელი მტკიცებულება“ მხოლოდ იმიტომ თარგმნა, რომ ინგლისური ვარიანტი არასრულყოფილად ეჩვენებოდა. როგორც ამბობდა, წიგნის წერისას იძულებული იყო, მოგონებები ინგლისურ ენაზე ეთარგმნა და დიდი დრო დაეთმო ისეთი რაღაცების ახსნისათვის, რაც რუსეთში შესანიშნავად იციან. შემდეგ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გადაეწერა წიგნი - ამჯერად მშობლიურ ენაზე. ამ ყველაფრის მერე კი საბოლოო ვარიანტი მოამზადა - „ილაპარაკე, მეხსიერებავ“ (თავიდან სათაურად უნდოდა: „ილაპარაკე, მნემოზინე“). ნაბოკოვი ინდივიდუალიზმის ერთგული მცველი იყო და ხელაღებით უარყოფდა იმ კონცეფციებსა და იდეოლოგიებს, რომლებიც პიროვნულ და თვითგამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ; გმობდა სხვადასხვა ფორმით გამოვლენილ ტოტალიტარიზმსა და ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზს. [23]:412ff მის ნაწარმოებებში ხშირად დასცინიან ვულგარულობას და ეზიზღებათ ის. [23]:628ff „ლოლიტას“ თარგმნის შესახებ ნაბოკოვი წერს: „წარმოვიდგინე, რომ შორეულ მომავალში შეიძლებოდა ვინმეს „ლოლიტა“ რუსულად ეთარგმნა. შინაგანი ტელესკოპი შორეული მომავლის სწორედ ამ მონაკვეთისაკენ მივმართე და დავინახე, რომ შეცდომებით სავსე თითოეული აბზაცი საზიზღარი, არასწორი თარგმანის ნიმუში იქნებოდა. ვიღაც მავნებლის ხელიდან გამოსული „ლოლიტას“ რუსული ვერსია რა უნდა ყოფილიყო - მთლიანად დამახინჯებული და ვულგარული პერიფრაზებითა თუ უხეში შეცდომებით გავსებული. ამიტომაც გადავწყვიტე, თავადვე მეთარგმნა“. [31]

მწერლის შემოქმედებითი პროცესი ამგვარი იყო: ტექსტს ასობით საინდექსო ბარათზე წერდა და ამ ჩანაწერებით აბზაცებსა და წიგნის თავებს ადგენდა, შემდეგ მათ ხელახლა, სხვაგვარად აწყობდა - ასე ქმნიდა რომანების სტრუქტურას. მომდევნო წლებში ეს მეთოდი მრავალმა სცენარისტმა აითვისა. [21]

1920-1940 წლებში ნაბოკოვი ნაწარმოებებს ვლადიმირ სირინის ფსევდონიმით აქვეყნებდა - კრიტიკოსებისათვის თავისი ვინაობის დასამალად. [32] ტექსტებში ხანდახან შეცვლილი სახელით, ეპიზოდურად ჩნდება. ვივიენ დარქბლუმს (Vivian Darkbloom) (Vladimir Nabokov-ის ანაგრამა) „ლოლიტაშიც“ ვხედავთ და „ადაშიც“. ასევე რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“ გვხვდება პერსონაჟი ბლავდაკ ვინომორი (Blavdak Vinomori) (კიდევ ერთი ანაგრამა). სირინი, როგორც სხვა ემიგრანტი ავტორი, ნახსენებია მწერლის მემუარებში და აგრეთვე „პნინში“.

ნაბოკოვის შემოქმედება ცნობილია რთული სიუჟეტებით, სიტყვების მახვილგონივრული თამაშით, თამამი მეტაფორებითა და ისეთი სტილით, რომელიც პაროდიულიცაა და უკიდურესად ლირიკულიც. საყოველთაო აღიარება რომანმა „ლოლიტამ“ (1955) მოუტანა, რომელიც თორმეტი წლის გოგონასადმი შუა ხანს მიტანებული კაცის დაუოკებელ ვნებაზე მოგვითხრობს. ამ და სხვა ნაწარმოებებმა. განსაკუთრებით რომანმა „მკრთალმა ალმა“ (1962) მას მეოცე საუკუნის უდიდეს რომანისტებს შორის დაუმკვიდრა ადგილი. ნაბოკოვის ყველაზე სქელტანიანი წიგნია „ადა“ (1969), რომელსაც უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე სხვა რომანებს. ენობრივი თამაშების ნიმუში მოთხრობა „დები ვეინები“ ცნობილი გახდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბოლო აბზაცი აკროსტიქს წარმოადგენს - სიტყვების პირველი ასოების შეერთებით იმქვეყნიური სამყაროდან გამოგზავნილი შეტყობინება იქმნება. მოთხრობაში „ნიშნები და სიმბოლოები“ (1958) პერსონაჟს გამოგონილი დაავადება „რეფერენციული მანია“ აწუხებს - ეჩვენება, რომ გარემომცველი ნივთების სამყაროში დაშიფრული შეტყობინებების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. [33]

ვლადიმირ ნაბოკოვმა კრიტიკოსის სახელი ალექსანდერ პუშკინის პოემის, „ევგენი ონეგინის“ თარგმანისა (1964) და კომენტარების წყალობით მოიპოვა. კომენტარებს დანართი ახლდა: „შენიშვნები პროსოდიის თაობაზე“, რომელიც მეტად საყურადღებო აღმოჩნდა. ავტორის დაკვირვებით, სულ რაღაც ორი საუკუნე იყო, რაც პუშკინის მიერ გამოყენებული იამბური ტეტრამეტრი რუსული ლიტერატურის ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ რუს პროსოდისტებს ის კარგად ჰქონდათ გათავისებული; მეორე მხრივ, ბევრად უფრო ძველი ინგლისური იამბური ტეტრამეტრი ბნელით მოცული და მწირად დოკუმენტირებული ჩანდა.

„იძულებული გავხდი, მარტივი ტერმინოლოგია გამომეგონებინა და ინგლისურ სალექსო ფორმებთან მიმესადაგებინა, კლასიფიკაციის დეტალებს მეტისმეტადაც კი ჩავღრმავებოდი, სანამ იმ შენიშვნებს მივუახლოვდებოდი, პუშკინის „ევგენი ონეგინის“ თარგმანისათვის რომ უნდა დამერთო. იძულებითი დიდი სამზადისის გათვალისწინებით, არც ისე ბევრი თემაა - მხოლოდ ის, რაც რუსული ლიტერატურის შემსწავლელმა არარუსმა სტუდენტმა უნდა იცოდეს რუსული პროსოდიისა და „ევგენი ონეგინის“ შესახებ“.

ნაბოკოვის კორნელის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები, რომლებიც თავმოყრილია კრებულში „ლექციები ლიტერატურაზე“, მკითხველს ხელოვნების შესახებ მის საკამათო იდეებს აცნობს. [34] მწერალს მტკიცედ სწამდა, რომ რომანებს არაფერი უნდა ესწავლებინა და მკითხველებს პერსონაჟებისთვის არ უნდა ეთანაგრძნოთ - „უფრო დიდი“, ესთეტიკური სიამოვნების მიღება უნდა ეცადათ, რასაც მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ სტილისა და სტრუქტურის დეტალებს. სძულდა „ზოგადი იდეები“ რომანებში და როცა სტუდენტებს „ულისეს“ ასწავლიდა, მათგან მოითხოვდა, რომ თვალი ედევნებინათ მთავარი გმირების მოძრაობისათვის დუბლინში, სცოდნოდათ, ზუსტად სად იყო ესა თუ ის პერსონაჟი (რუკაზე მოეძებნათ). ამ დროს კი გვერდზე რჩებოდა ირლანდიის ისტორია, რასაც ბევრი კრიტიკოსი რომანის გაგებისათვის არსებითად მიიჩნევს. [35] 2010 წელს ჟურნალმა „კიჩმა“ (Kitch), კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტურმა გამოცემამ, გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც სტუდენტები აზრს გამოთქვამდნენ ნაბოკოვის ლექციებზე და სადაც ასევე გამოკვლეული იყო მწერლის ხანგრძლივი კავშირი „Playboy“-ისთან. [36] ნაბოკოვი სტუდენტებს რომანების დეტალების აღწერას სთხოვდა და არა ამბის, სიუჟეტის მოყოლას, შეფასებისას კი მეტად მკაცრი იყო. ედუარდ ჯეი ეპსტეინი მწერლის ლექციების აღწერისას იგონებდა: თავიდანვე ნათლად გვაჩვენა, რომ სტუდენტებთან დამეგობრების უმცირესი სურვილიც არ ჰქონდა - სახელითა და გვარით კი არ გვიმახსოვრებდა, არამედ ადგილის ნომრებითო. [37]

სინესთეზია

რედაქტირება

ნაბოკოვი ამბობდა, რომ სინესთეტი იყო - ბავშვობიდანვე ახსენებდა ციფრი 5 წითელ ფერს. სინესთეზიის ასპექტები მის რამდენიმე ნაწარმოებში გვხვდება. [38] მწერლის ცოლიც სინსეთეტად მიიჩნევდა თავს - გონებაში ისიც ერთმანეთს უკავშირებდა ფერებსა და ცალკეულ ასოებს. ნაბოკოვებმა აღმოაჩინეს, რომ დმიტრისაც გამოჰყოლოდა ეს უნარი - ფერები, რომლებსაც ასოებთან აკავშირებდა, ზოგ შემთხვევაში მშობლების მიერ დასახელებულთა ნარევი იყო - „თითქოს გენები აკვარელით იქცევდნენ თავსო“. [39]

ზოგიერთი სინესთეტისთვის ასოები უბრალოდ კი არ უკავშირდება გამორჩეულ ფერებს, არამედ თავად არის ფერადი. ნაბოკოვი ხშირად მიაწერდა მსგავს უნარს თავის გმირებს. „მარცხენა ზოლში“ კრუგი შენიშნავს, რომ სიტყვა „ერთგულება“ მზის გულზე დადებულ ოქროსფერ ჩანგალს აგონებს. „ლუჟინის დაცვაში“ კი ავტორი ჰყვება, როგორ აღმოაჩინა მთავარი გმირის მწერალმა მამამ, რომ ვერ შეძლებდა იმ რომანის დამთავრებას, რომლის დაწერასაც აპირებდა - „ფერებით დაწყებულ“ გამოგონილ სიუჟეტში თავგზა სულ აბნეოდა. ნაბოკოვის ნაწარმოებებში მრავალი მინიშნებაა, რომლებსაც საბოლოოდ ავტორის სინესთეზიასთან მივყავართ. პერსონაჟებიდანაც ბევრს აქვს გამორჩეული „სენსორული აპეტიტი“, სინესთეზიას რომ წააგავს. [40]

ენტომოლოგია

რედაქტირება

ნაბოკოვს ენტომოლოგიისადმი ინტერესი მარია სიბილა მერიანის წიგნებმა გაუღვიძა, რომლებიც სოფელ ვირაში, მშობლიური სახლის სხვენზე იპოვა. [41] შემგროვებლობას დიდხანს ეწეოდა, თუმცა მანქანის მართვა არ უსწავლია და ცოლზე, ვერაზე იყო დამოკიდებული - მას დაჰყავდა საინტერესო ადგილებში. 40-იან წლებში, როგორც მკვლევარ-ზოოლოგს, პეპლების კოლექციის შედგენა დაავალეს ჰარვარდის უნივერსიტეტის შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში. ამ დარგში მისი ნაშრომები გამორჩეულად ტექნიკური ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ მწერლის ცხოვრების ეს მხარე ნაკლებად არის ცნობილი მისი ლიტერატურული ნამუშევრების დამფასებლებისათვის. ნაბოკოვს საკვლევად გარეგნულად არცთუ მიმზიდველი Polyommatini-ის გვარი ჰქონდა არჩეული Lycaenidae-ის ოჯახიდან. აღწერა აგრეთვე Lycaeides melissa samuelis. მის პატივსაცემად ერთ-ერთ ოჯახს "ნაბოკოვია" უწოდეს, მწერლის გვარსა თუ რომანებიდან აღებულ სახელებზე მიანიშნებს არაერთი პეპლის აღწერილობა Madeleinea-სა და Pseudolucia-ს ოჯახებიდან. [42] 1967 წელს ნაბოკოვი წერდა: „ლიტერატურული შთაგონების სიამოვნება და მისი ნაყოფი ვერც კი შეედრება იმ აღფრთოვანებას, რომელსაც მიკროსკოპში ახალი ორგანოს აღმოჩენა იწვევს, ან ჯერ კიდევ აღუწერელი იმ სახეობების მიგნება, ირანისა თუ პერუს მთებში რომ ბინადრობენ. რუსეთში რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ვინ იცის, იქნებ სულაც ლეპიდოპტეროლოგიისთვის მიმეძღვნა თავი და ერთი რომანიც არ დამეწერა“. "[21]

პალეონტოლოგმა და ესეისტმა სტივენ ჯეი გულდმა ლეპიდოპტერიით ნაბოკოვის გატაცება აღწერა ესეში „არ არსებობს მეცნიერება ფანტაზიის გარეშე, არ არსებობს ხელოვნება ფაქტების გარეშე: ვლადიმირ ნაბოკოვის ლეპიდოპტერია“. გულდი შენიშნავს, რომ ნაბოკოვი, როგორც მეცნიერი, ხანდახან მეტისმეტად კონსერვატორი იყო. მაგალითად, არ აღიარებდა, რომ გენეტიკის გათვალისწინება თუ ქრომოსომების დათვლა სწორი გზა იყო მწერების სახეობების ერთმანეთისაგან გასარჩევად - მიკროსკოპის გამოყენებით გენიტალიების ტრადიციულ შედარებას უფრო სანდოდ მიიჩნევდა.

ჰარვარდის ბუნების ისტორიის მუზეუმში, რომლის ნაწილიცაა დღეს შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმი, ჯერ კიდევ არსებობს ნაბოკოვის „გენიტალიების კაბინეტი“, სადაც ის მამრი ცისფერი პეპლების გენიტალიების კოლექციას ინახავდა. [43][44] „ნაბოკოვი სერიოზული ტაქსონომისტი იყო, - შენიშნავს მუზეუმის თანამშრომელი ნენსი პიკი, ავტორი წიგნისა „იშვიათზე იშვიათი: ისტორიები საგანძურს მიღმა ჰარვარდის ბუნების ისტორიის მუზეუმში“. - მან დიდი შრომა გასწია იმ სახეობების ერთმანეთისაგან გასარჩევად, რომლებსაც თითქოს არაფერი განასხვავებდა. მათ გენიტალიებს მიკროსკოპით დღეში ექვსი საათი, კვირაში შვიდი დღე აკვირდებოდა, სანამ მხედველობამ არ უმტყუნა“. [44] კოლექციის დარჩენილი ნაწილი, დაახლოებით 4300 სახეობა, ლოზანის ზოოლოგიის მუზეუმს გადაეცა შვეიცარიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ნაბოკოვის შრომას პროფესიონალი ლეპიდოპტერისტები სერიოზულად არ მიიჩნევდნენ, ახალი გენეტიკური კვლევები მის ჰიპოთეზას ამტკიცებს - რომ პეპლების სახეობათა ერთი ჯგუფი - ცისფერი Polyommatus - ამერიკის კონტინენტზე ბერინგის სრუტის მხრიდან შევიდა ხუთ ტალღად და ბოლოს ჩილემდე ჩააღწია. [45]

გულდი შენიშნავს, რომ ნაბოკოვის მრავალი თაყვანისმცემელი ცდილობდა, ლიტერატურული ღირებულება მიეწერა მისი სამეცნიერო ნაშრომებისათვის. სხვები კი, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ სამეცნიერო ნაშრომებმა მისი ლიტერატურული შემოქმედება გაამდიდრა. მისი აზრით, ორივე შეხედულება მცდარია: ერთმა მხარემ კი არ გამოიწვია ან განაპირობა მეორე, არამედ ერთიც და მეორეც გამომდინარეობს დეტალებისადმი, დაკვირვებისა და სიმეტრიისადმი ნაბოკოვის სიყვარულიდან.

საჭადრაკო ამოცანები

რედაქტირება

ემიგრაციაში ვ. ნაბოკოვი დიდ დროს უთმობდა საჭადრაკო ამოცანების შექმნას, რომლებსაც რუს ემიგრანტთა პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდა. მემუარებში ასე აღწერს საჭადრაკო ამოცანებზე მუშაობას: „გონებაზე დიდი დატვირთვა მოდის. დროის ელემენტი ცნობიერებიდან ქრება“. მისი აზრით, ის „ორიგინალურობა, გამომგონებლობა, მოკლედ გადმოცემის უნარი, ჰარმონიულისა და კომპლექსურისკენ სწრაფვა, დაბოლოს, დიდებული თვალთმაქცობა“, რაც საჭადრაკო ამოცანის შექმნისთვისაა საჭირო, ნებისმიერი ხელოვნებისას გაუტოლდებოდა.

პოლიტიკური შეხედულებები

რედაქტირება

რუსეთის პოლიტიკა

რედაქტირება

„დიდი ლიტერატურის მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის უცნაურად საძაგელი ქვეყანა იყო. საუბედუროდ, დღეისათვის რუსებმა სრულად დაკარგეს უნარი, მოკლან ტირანი“. ვლადიმირ ნაბოკოვი [4]

ნაბოკოვი კლასიკური ლიბერალი იყო, მამის ტრადიციის გამგრძელებელი - იმ ლიბერალი სახელმწიფო მოღვაწისა, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, როგორც კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დროებით მთავრობაში აღმოჩნდა. [46][47] მემუარებში „ილაპარაკე, მეხსიერებავ“ მწერალი სიამაყით ჰყვება მამამისის კამპანიებზე დესპოტიზმის წინააღმდეგ და აგრეთვე იმ თავგამოდებაზე, რომლითაც ის სიკვდილით დასჯას უპირისპირდებოდა. [48] ნაბოკოვი თავს „თეთრ რუსად“ მიიჩნევდა და უდრეკი მოწინააღმდეგე იყო საბჭოთა ხელისუფლებისა, რომელმაც ძალაუფლება 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ჩაიგდო ხელში. [21] 1917 წელს დაწერილ ლექსში, ჯერ კიდევ ყმაწვილკაცი, ლენინის ბოლშევიკებს აღწერს, როგორც „ჩამოძონძილ, ნაცრისფერ ადამიანებს“. [49]

ცხოვრების ბოლომდე ნაბოკოვი მამამისის კლასიკური ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთგული დარჩა და ერთნაირად უპირისპირდებოდა ცარისტულ ავტოკრატიას, კომუნიზმსა და ფაშიზმს. [4]:24–36

მამამისი - ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი რუსეთის იმპერიაში ებრაელთა უფლებების თავგამოდებული დამცველი და იმ ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი იყო, რომლისთვისაც სათავე მამამისს - დმიტრი ნაბოკოვს დაედო. ამ უკანასკნელმა ალექსანდრე მეორის დროს იუსტიციის მინისტრად ყოფნისას წარმატებით დაბლოკა ის ანტისემიტური ზომები, რომელთა მიღებასაც შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებდა. ტვირთის ზიდვაზე არც ვლადიმირ ნაბოკოვს უთქვამს უარი - დაუნდობლად გმობდა ანტისემიტიზმს თავის შემოქმედებაში. 30-იან წლებში ჰიტლერის გერმანიას მხოლოდ იმ მადლიერი რუსი ებრაელების დახმარებით დააღწია თავი, რომლებსაც მეფის რუსეთში ებრაელების დასაცავად მისი ოჯახის თავგამოდება ახსოვდათ. [4]:24

1969 წელს კითხვას - ისურვებდა თუ არა იმ ქვეყნის მონახულებას, საიდანაც 1918 წელს გამოიქცა - ასე უპასუხა: „სანახავი არც არაფერია. ახალი სახლები და ძველი ეკლესიები არ მაინტერესებს. სასტუმროები საშინელი აქვთ, საბჭოთა თეატრი კი მძულს. ნებისმიერი იტალიური სასახლე რუსი მეფეების გადაღებილ სავანეზე უკეთესია. სოფლური ქოხები ქვეყნის სიღრმეში ისევ ისეთი ღარიბული და უბადრუკია, საცოდავი გლეხი კი ისევ საცოდავად ურტყამს საცოდავ ჯაგლაგს. რაც შეეხება ჩემს ჩრდილოეთს, მის ლანდშაფტსა და ბავშვობის მოგონებებს - გონებაში შენახული სურათების დასვრა არ მინდა“. [47]:148

ამერიკის პოლიტიკა

რედაქტირება

40-იან წლებში ამერიკაში დამკვიდრებული ნაბოკოვი ყურადღებას ამახვილებდა იმ კავშირზე, ამერიკულ და ინგლისურ ლიბერალურ დემოკრატიასა და რუსეთის დროებითი მთავრობის სულისკვეთებას შორის რომ უნდა ყოფილიყო. 1942 წელს აცხადებდა: „დემოკრატია ჰუმანურობის საუკეთესო გამოვლინებაა... თითოეული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც ადამიანის გონებამ გააცნობიერა არა მხოლოდ სამყარო, არამედ საკუთარი თავიც“. [50] 60-იან წლებში წერილებსა თუ ინტერვიუებში არ მალავდა ღრმა სიძულვილს ახალი მემარცხენეების მიმართ და გამოსვლების მონაწილეებს „კონფორმისტებსა“ და „ბრიყვ ყაჩაღებს“ უწოდებდა. [47]:139[51] 1967 წელს კი ინტერვიუში აცხადებდა, რომ არ სურდა, რაიმე საერთო ჰქონოდა ბოლშევიზმისა თუ ცარისტული ავტოკრატიის მხარდამჭერებთან, მაგრამ ჰყავდა „მეგობრები როგორც კონსტიტუციური მონარქიის, ასევე სოციალური რევოლუციის მომხრე ინტელექტუალებს შორის“. [52] მწერალი ამართლებდა ვიეტნამის ომის წამოწყებას და პრეზიდენტ ჯონსონითა და პრეზიდენტ ნიქსონით აღტაცებასაც გამოხატავდა. [51][53][54][55] აფროამერიკელებისადმი რასისტული დამოკიდებულება მის აღშფოთებას იწვევდა და სეგრეგაციის საწინააღმდეგო არგუმენტად ხშირად იხსენებდა პუშკინის მრავალრასობრივ წარმომავლობას.[53]

ვლადიმირ ნაბოკოვი აგნოსტიკოსი იყო. [56]

ნაბოკოვი ცხოვრების ბოლომდე იტანჯებოდა უძილობით და აღიარებდა, რომ დაძინების სირთულე სულ ადარდებდა. ცნობილია მისი გამოთქმა: „ღამე ვეებერთელა გოლიათია“. [57] უძილობამ ხელი შეუწყო პროსტატის გადიდებას, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა ძილთან დაკავშირებული პრობლემები. [58] მწერალი ძილს უწოდებდა „სიბრიყვესთან დაძმობილებას“, „გონებრივ საწამებელსა“ და „გონის, ადამიანობის, გენიის ღამეულ ღალატს“. [59] მის შემოქმედებაზე უძილობის გავლენა მრავალმხრივ არის გამოკვლეული. 2017 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დღიურებში ჩაწერილი მისი სიზმრების კრებული გამოსცა - „უძილოს სიზმრები: დრო და ექსპერიმენტები“. [60]

შეხედულებები ქალ მწერლებზე

რედაქტირება

ვერა ქმრის უდიდესი გულშემატკივარი იყო და ცხოვრების ბოლომდე ყოველმხრივ ეხმარებოდა, მაგრამ ნაბოკოვი მაინც აღიარებდა, რომ ქალ მწერლებს ალმაცერად უყურებდა. ედმუნდ უილსონს, რომელიც რჩევებს აძლევდა ლექციების თაობაზე, მისწერა: „არ მომწონს ჯეინ ოსტინი და სინამდვილეში არცერთი ქალი მწერალი. სხვა კლასია“. [29][61] თუმცა ოსტინის „მენსფილდ-პარკის“ წაკითხვის შემდეგ აზრი შეიცვალა და რომანი ლექციებზე განსახილველი ნაწარმოებების სიაში შეიტანა. აქებდა მერი მაკართის წიგნებსაც. [29]:274 მიუხედავად იმისა, რომ ვერა მისი მთარგმნელი და მდივანი იყო, ნაბოკოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ თავისი ნაწარმოებების იდეალურ მთარგმნელად კაცი ესახებოდა და არა „რუსეთში დაბადებული ქალი“. [62][63] „გმირობის“ პირველ თავში მთავარ გმირს სწორედ ასეთ შეხედულებებს გამოათქმევინებს იმ შთაბეჭდილების გადმოცემისას, რომელიც მასზე ლიდია ჩარსკაიას მსგავს საბავშვო მწერლებს დაუტოვებიათ. [64] მოთხრობაში „ადმირალიტეტის შენობის შპილი“ კი რუს ქალ მწერლებს ჰკიცხავს მანერულობისთვის, სნობიზმისთვის, ანტისემიტიზმისა და მომეტებული სენტიმენტალურობისთვის.

 
ნაბოკოვის ძეგლი მონტრეში
  გარე ვიდეოფაილები
  Nabokov Centenary Celebration hosted by New Yorker magazine, April 15, 1999, C-SPAN

რუსი კრიტიკოსი იული აიხენვალდი, ნაბოკოვის ერთ-ერთი პირველი თაყვანისმცემელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მის უნარს, სიცოცხლით აევსო ნივთები: „ის ჩვეულებრივ ნივთებს სიცოცხლით, აზრითა და ფსიქოლოგიით ავსებს და თითოეულ საგანს გონიერს ხდის. დახვეწილი შეგრძნებებით ამჩნევს განსხვავებულ შეფერილობებსა და ნიუანსებს, სურნელსა და ბგერებს, და ყველაფერი მოულოდნელ აზრსა და სიმართლეს იძენს მისი მზერის ქვეშ, მისი სიტყვების მეშვეობით“. [65] კრიტიკოსი ჯეიმს ვუდი ამტკიცებდა, რომ აღწერილობითი დეტალებით ნაბოკოვის გატაცებამ „უდიდესი (და ართუ ყოველთვის ნაყოფიერი) ზეგავლენა მოახდინა შემდგომი ორი-სამი თაობის მწერლებზე“, მათ შორის მარტინ ემისსა და ჯონ აპდაიკზე. [66] 50-იან წლებში კორნელის უნივერსიტეტში სწავლისას ტომას პინჩონი ნაბოკოვის რამდენიმე ლექციას დაესწრო. „ლოლიტაზე“ მინიშნებაა მისი რომანის, „ლოტ 49-ის გამოცხადების“ მე-6 თავში, რომელშიც ჯგუფ „პარანოიკების“ კონტრტენორი სერჯი მღერის:

მარტოსულ სერფერს რა გამოუვა
სერფერ გოგოსთან სიყვარულისა,
ჰუმბერტ ჰუმბერტის კატების ხელში -
ასე დიდების, ავადმყოფების?
ჩემი პატარა ჩემთვის ქალი იყო,
მისთვის კიდევ ერთი ნიმფეტია.

ამტკიცებენ, რომ პინჩონის სტილი ნაბოკოვის გავლენას განიცდის, რომელიც აქტუალიზმს ანიჭებდა უპირატესობას და არა - რეალიზმს. ის მწერლები, რომლებმაც ნაბოკოვის სიცოცხლეში გაითქვეს სახელი, ჯონ ბენვილი, დონ დელილო, სალმან რუშდი და ედმუნდ უაითი ასევე განიცდიან მის ზეგავლენას. [67] [68] [69] [70] რომანისტი ჯონ ჰოუკსი შთაგონების წყაროდ ნაბოკოვის შემოქმედებას ასახელებდა და თავს მის მიმდევრად მიიჩნევდა, მოთხრობა „ნიშნები და სიმბოლოები“ კი წასაკითხი ლიტერატურის სიაში შეიტანა ბრაუნის უნივერსიტეტში მუშაობისას. „მწერალი, რომელიც უდავოდ დიდ ძალას გვაძლევს“, - განაცხადა ჰოუკსმა ინტერვიუში 1964 წელს. [71]

ავტორები, რომლებმაც აღიარება 90-იანებსა და 2000-იანებში მოიპოვეს, ასევე არ მალავენ, რომ ნაბოკოვის შემოქმედების გავლენა განიცადეს. ალექსანდარ ჰემონმა, რომლის გატაცებას სიტყვებით თამაშით და ასევე აბსურდის შეგრძნებას ხშირად ადარებენ ნაბოკოვისას, აღიარა, რომ ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა მოახდინა მის ნამუშევრებზე. პულიცერის პრემიის ლაურეატმა, რომანისტმა მაიკლ შეიბონმა „ლოლიტა“ და „მკრთალი ალი“ იმ წიგნებს შორის დაასახელა, რომლებმაც „ცხოვრება შეუცვალეს“. მისივე განცხადებით, „ნაბოკოვის ინგლისური აერთიანებს ტკივილამდე მიყვანილ ლირიკულობასა და გულგრილ სიზუსტეს - იმგვარად, რომ ყველა ადამიანური ემოცია მთელი სიმძაფრით გადმოიცეს, მაგრამ ზედმეტი სენტიმენტალურობის, მოსაწყენი ენის გარეშე“. "[72] [73] პულიცერის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა ჯეფრი იუჯინიდისმაც აღიარა: „ნაბოკოვი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი მწერალი და ასეთადაც დარჩება. შეუძლია ათი ბურთით იჟონგლიოროს მაშინ, როცა უმრავლესობა სამი-ოთხ ბურთს სჯერდება“. [74]თარგი:Dubious თომას კორაგესან ბოილმა ასევე განაცხადა, რომ „თამაშის ნაბოკოვისეული სიყვარული და მისი პროზის გასაოცარი სილამაზე მუდმივად ახდენს გავლენას“ მის ნაწარმოებებზე. [75] ნაბოკოვმა გავლენა მოახდინა მარიშა პესლზეც. [76]

ვლადიმირ ნაბოკოვი ჩანს 1993 წელს გამოცემულ ვ. გ. ზებალდის რომანში „ემიგრანტები“. [77]

ადაპტაციები

რედაქტირება

სიმღერათა ციკლი „იმღერე, პოეზიავ“, რომელიც შესულია 2011 წელს გამოსულ თანამედროვე კლასიკის ალბომში „ტროიკა“, შეიცავს ნაბოკოვის სამი ლექსის რუსულ და ინგლისურ ვარიანტებს. მათზე მუშაობდნენ კომპოზიტორები: ჯეი გრინბერგი, მაიკლ შელი და ლევ ჟურბინი.

ნაწარმოებების სია

რედაქტირება

რუსულ ენაზე დაწერილი რომანები და ნოველები

წელი სათაური სათაური ორიგინალის ენაზე
1926 მაშენკა Машенька
1928 მეფე, ქალი, ვალეტი Король, дама, валет
1930 ლუჟინის დაცვა Защита Лужина
1930 მოთვალთვალე (ნოველა) Соглядатай
1932 გმირობა Подвиг
1933 კამერა-ობსკურა Камера Обскура
1934 სასოწარკვეთა Отчаяние
1936 მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე Приглашение на казнь
1938 საჩუქარი Дар
1939 ჯადოქარი (გამოუქვეყნებელი ნოველა) Волшебник

ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანები

(1941) სებასტიან ნაითის ნამდვიილი ცხოვრება (The Real Life of Sebastian Knight);
(1947) მარცხენა ზოლი; (Bend Sinister);
(1955) ლოლიტა (Lolita);
(1957) პნინი (Pnin);
(1962) მკრთალი ალი (Pale Fire);
(1969) ადა: ოჯახური ქრონიკა (Ada or Ardor: A Family Chronicle);
(1972) გამჭვირვალე ნივთები (Transparent Things);
(1974) შეხედეთ არლეკინებს! (Look at the Harlequins!);
(1970-იანების შუა წლები) ლორას ორიგინალი (The Original of Laura) (დაუმთავრებელი; გამოქვეყნდა მწერლის გარდაცვალების შემდეგ (2009))

ავტობიოგრაფიული პროზა

(1954) სხვა ნაპირები (Другие берега);
(1967) ილაპარაკე, მეხსიერებავ (Speak, Memory).
  1. 100 Best Novels. Modern Library (2007). ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  2. 100 Best Nonfiction. Modern Library (2007). ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  3. Nabokov, Vladimir Vladimirovich (1951). Speak, Memory: A Memoir. Gollancz, გვ. 37. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Boyd, Brian (1990). Vladimir Nabokov: The Russian Years. Princeton University Press. ISBN 978-0-7011-3700-7. 
  5. Wyllie, Barbara (2010). Vladimir Nabokov. Reaktion Books, გვ. 7. 
  6. „Vladimir Nabokov | American author“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 3 მაისი 2016.
  7. Giroud, Vincent (2015). Nicolas Nabokov: A Life in Freedom and Music. Oxford University Press, გვ. 2. 
  8. Sciabarra, Chris Matthew (2013), Ayn Rand: The Russian Radical, Penn State Press, pp. 66, 367–68.
  9. Gladstein, Mimi Reisel (2009), Ayn Rand, Major Conservative and Libertarian Thinkers, New York: Continuum, p. 2, ISBN 978-0-8264-4513-1.
  10. Cycnos. ციტირების თარიღი: 5 December 2015.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Amis, Martin (1994), Visiting Mrs Nabokov: And Other Excursions (reprint რედ.), Penguin Books, pp. 115–18, ISBN 978-0-14-023858-7.
  12. Zimmer, Dieter E. (15 July 2002) Presentation of the book Nabokov's Berlin. St. Petersburg..
  13. Schiff, Stacy. „Vera, chapter 1, para 6“. The New York Times.
  14. Grossman, Lev (18 May 2000), "The gay Nabokov", Salon, http://www.salon.com/2000/05/17/nabokov_5/. წაკითხვის თარიღი: 8 December 2013.
  15. Nabokov's Type: Lysandra cormion. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  16. „Nabokov, Scientist“. Natural History. ივლისი 1999.
  17. Supreme Court Interviews. ციტირების თარიღი: 5 December 2015.
  18. „Vera Nabokov, 89, Wife, Muse and Agent“. The New York Times. 11 აპრილი 1991.
  19. Boyd, Brian. Vladimir Nabokov: The American Years, გვ. 170, 601. 
  20. Dodge, Dani (5 ნოემბერი 2006). „Snapshot: Nabokov's Retreat“. Mail Tribune (Medford, Oregon). Ashland, Oregon. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2018.
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Nabokov, Vladimir (Summer–Fall 1967). Interview with Herbert Gold. "Vladimir Nabokov, The Art of Fiction No. 40". The Paris Review (41). http://www.theparisreview.org/interviews/4310/the-art-of-fiction-no-40-vladimir-nabokov. წაკითხვის თარიღი: 5 June 2018.
  22. McCrum, Robert (25 ოქტომბერი 2009). „The Final Twist in Nabokov's Untold Story“. The Observer – წარმოდგენილია theguardian.com-ის მიერ.
  23. 23.0 23.1 23.2 (1995) The Garland Companion to Vladimir Nabokov. Garland Publishing. ISBN 978-0-8153-0354-1. 
  24. Connolly, Kate (22 აპრილი 2008). „Nabokov's last work will not be burned“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2008.
  25. „Interview with Dmitri Nabokov“. NPR.org. 30 აპრილი 2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  26. Van Gelder, Lawrence (28 აპრილი 2008). „Son Plans to Publish Nabokov's Last Novel“. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2009.
  27. Sein letztes Spiel German. Die Zeit (14 August 2008). ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  28. https://www.webcitation.org/5lK6d8XEx?url=http://www.google.com/hostednews/afp/article/ALeqM5iBxjF8uCw6NIn9hlD_8tEsKhlALA
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 Nabokov, Vladimir (2001). Dear Bunny, Dear Volodya: The Nabokov-Wilson Letters, 1940–1971, Revised, Berkeley: University of California Press. :268
  30. Updike, John. Hugging the Shore, გვ. 221. 
  31. Toffler, Alvin. Playboy interview: Vladimir Nabokov. Playboy. Playboy. ციტირების თარიღი: 5 December 2013.
  32. Whiteman, Alden (5 ივლისი 1977). „Vladimir Nabokov, Author of 'Lolita' and 'Ada,' Is Dead“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი 2009.
  33. Wershler, Darren (2010). „The Locative, the Ambient, and the Hallucinatory in the Internet of Things“. Design and Culture. 2 (2): 199–216. doi:10.2752/175470710X12696138525703.
  34. Strehle, Susan (1971). Actualism: Pynchon's Debt to Nabokov. University of Wisconsin Press, გვ. 37–38. 
  35. Collected by Fredson Bowers in 1980 and published by Harcourt Brace Jovanovich
  36. Kitsch Magazine. ციტირების თარიღი: 5 December 2015.
  37. Epstein, Edward Jay (4 აპრილი 2013). „An A from Nabokov“. The New York Review of Books. ციტირების თარიღი: 5 ივნისი 2018.
  38. Martin, Patrick. "Synaesthesia, metaphor and right-brain functioning" in Egoist.
  39. Nabokov's interview. BBC Television (1962). ციტირების თარიღი: 5 December 2015.
  40. Foster, John Burt (1993). Nabokov's Art of Memory and European Modernism. Princeton University Press, გვ. 26–32. 
  41. Todd, Kim. Chrysalis: Maria Sibylla Merian and the Secrets of Metamorphosis. Harcourt, გვ. 11. ISBN 978-0-15-101108-7. 
  42. Butterflies and moths bearing Nabokov's name. Zembla (1996). ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  43. Pick, Nancy; Sloan, Mark (2004) The Rarest of the Rare: Stories Behind the Treasures at the Harvard Museum of Natural History. Harper. ISBN 978-0-06-053718-0. ციტირების თარიღი: 10 March 2010. 
  44. 44.0 44.1 Pick, Nancy (Spring 2005). „Blood, Sweat, and Bones“ (PDF). Colloquy (Alumni Quarterly): 8. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 8 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი 2014.
  45. Zimmer, Carl (25 იანვარი 2011). „Nabokov Theory on Butterfly Evolution Is Vindicated“. The New York Times. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2011.
  46. Dragunoiu, Dana (2011) Vladimir Nabokov and the Poetics of Liberalism. Northwestern University Press, გვ. 17. 
  47. 47.0 47.1 47.2 Nabokov, Vladimir (1990). Strong opinions. Vintage Books. 
  48. Dragunoiu, Dana (2011) Vladimir Nabokov and the Poetics of Liberalism. Northwestern University Press, გვ. 29. 
  49. Wyllie, Barbara (2010). Vladimir Nabokov, გვ. 22. 
  50. Boyd, Brian (2016) Vladimir Nabokov: The American Years. Princeton University Press, გვ. 41. 
  51. 51.0 51.1 Larmour, David Henry James (2002). Discourse and ideology in Nabokov's prose. Routledge, გვ. 17. 
  52. Pifer, Ellen (2003) Vladimir Nabokov's Lolita: A Casebook. Oxford University Press, გვ. 195–199. 
  53. 53.0 53.1 Pitzer, Andrea (2013) The Secret History of Vladimir Nabokov. Open Road Media. თარგი:Page needed
  54. Schiff, Stacy (2000). Véra (Mrs. Vladimir Nabokov). Random House Digital. თარგი:Page needed
  55. Epstein, Jacob (2002). Book business: publishing past, present, and future. W. W. Norton, გვ. 76–77. 
  56. Morton, Donald E. (1974). Vladimir Nabokov. F. Ungar Publishing Company, გვ. 8. ISBN 9780804426381. „Nabokov is a self-affirmed agnostic in matters religious, political, and philosophical.“ 
  57. Parkin, Simon (14 სექტემბერი 2018). „Finally, a cure for insomnia?“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2020.
  58. Piepenbring, Dan (8 თებერვალი 2018). „The Enthralling, Anxious World of Vladimir Nabokov's Dreams“ (ინგლისური). ISSN 0028-792X. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2019.
  59. For three months in 1964, Vladimir Nabokov wrote down his dreams every morning, pursuing a theory that time flows backward en (2017-12-19). ციტირების თარიღი: 2019-11-23
  60. Nabokov, Vladimir (2017). Insomniac Dreams (en). Princeton University Press. ISBN 978-0-691-16794-7. 
  61. Frank, Siggy (2012). Nabokov's Theatrical Imagination. Cambridge University Press, გვ. 170. 
  62. Pifer, Ellen (1999). Connolly, Julian W. (ed.). „Her monster, his nymphet: Nabokov and Mary Shelley“. Nabokov and His Fiction: New Perspectives: 158–176. doi:10.1017/CBO9780511597718.010. ISBN 9780521632836.
  63. Rutledge, David S. (2011). „fn. 7“, Nabokov's Permanent Mystery: The Expression of Metaphysics in His Work. Jefferson, North Carolina: McFarland & Company, გვ. 187. 
  64. From Chapter 1: "Martin's first books were in English: his mother loathed the Russian magazine for children Zadushevnoe Slovo (The Heartfelt Word), and inspired in him such aversion for Madame Charski's young heroines with dusky complexions and titles that even later Martin was wary of any book written by a woman, sensing even in the best of such books an unconscious urge on the part of a middle-aged and perhaps chubby lady to dress up in a pretty name and curl up on the sofa like a pussy cat."
  65. Chamberlain, Lesley (2006). The Philosophy Steamer. Great Britain: Atlantic Books, გვ. 283. ISBN 978-184354-093-9. 
  66. Wood, James. "Discussing Nabokov", Slate. Retrieved 12 April 2008.
  67. Strehle,Susan. "Actualism: Pynchon's Debt to Nabokov", Contemporary Literature 24.1, Spring 1983. pp. 30–50.
  68. Gussow, Mel. "Toasting (and Analyzing) Nabokov; Cornell Honors the Renaissance Man Who, oh Yes, Wrote 'Lolita'", The New York Times, 15 September 1998.
  69. Lowery, George. (23 October 2007) Bombs, bands and birds recalled as novelist Salman Rushdie trips down memory lane. Cornell Chronicle. Cornell University. ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  70. An Interview with Edmund White (February 2007). ციტირების თარიღი: 12 April 2008
  71. "John Hawkes: An Interview. 20 March 1964. John J. Enck and John Hawkes," Wisconsin Studies in Contemporary Literature 6.2 (summer 1965): 144. See also Maxim D. Shrayer, "Writing in Tongues," Brown Alumni Monthly September/October 2017; Bez Nabokova," Snob.ru 2 July 2017.
  72. Chabon, Michael. (July 2006) It Changed My Life. michaelchabon.com. ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  73. Stringer-Hye, Suellen. VN Collation No.26. Zembla. ციტირების თარიღი: 12 February 2009.
  74. Q & A with Jeffrey Eugenides (12 April 2008).
  75. A Conversation with T. C. Boyle. Penguin Reading Guides.
  76. An interview with Marisha Pessl (September 2006). ციტირების თარიღი: 15 June 2007
  77. Cohen, Lisa (თებერვალი–მარტი 1997). „Review: The Emigrants by W. G. Sebald“. Boston Review.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ადაპტაციები

რედაქტირება

ენტომოლოგია

რედაქტირება
  • Johnson, Kurt, and Steve Coates. Nabokov's blues: The scientific odyssey of a literary genius. New York: McGraw-Hill. ISBN 0-07-137330-6 (very accessibly written)
  • Sartori, Michel, ed. Les Papillons de Nabokov [The butterflies of Nabokov]. Lausanne: Musée cantonal de Zoologie, 1993. ISBN 2-9700051-0-7 (exhibition catalogue, primarily in English)
  • Zimmer, Dieter E. A Guide to Nabokov's Butterflies and Moths. Privately published, 2001. ISBN 3-00-007609-3 (web page)
  • Deroy, Chloé, Vladimir Nabokov, Icare russe et Phénix américain (2010). Dijon: EUD
  • Gezari, Janet K.; Wimsatt, W. K., "Vladimir Nabokov: More Chess Problems and the Novel", Yale French Studies, No. 58, In Memory of Jacques Ehrmann: Inside Play Outside Game (1979), pp. 102–115, Yale University Press.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Vladimir-Nabokov.org – Site of the Vladimir Nabokov French Society, Enchanted Researchers (Société française Vladimir Nabokov : Les Chercheurs Enchantés).

თარგი:Nabokov Prose თარგი:Lolita თარგი:Use dmy dates