ვიკიპედია:ხუთი პილასტრი
ვიკიპედიის ყველა პრინციპი და წესი ეფუძნება ხუთ საწყისს, რომელიც განსაზღვრავს ვიკიპედიის ბუნებას:
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
ვიკიპედია არის ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ზოგადი და სპეციალიზირებული შინაარსის ენციკლოპედიების, ალმანაქებისა და გაზეთების ელემენტებს. ვიკიპედია არ არის უძირო ქვევრი, სპამისა თუ რეკლამის პლატფორმა, საავტორო გამომცემლობა, ანარქიისა თუ დემოკრატიის ექსპერტიმენტი, ინფორმაციის განურჩეველი კოლექცია ან დირექტორია. ვიკიპედია არ არის ლექსიკონი, გაზეთი, ან პირველადი წყაროების კოლექცია (თუმცა, ვიკიმედიის ზოგიერთი დობილი პროექტი ამ ფუნქციების მატარებელია).
ვიკიპედიას ნეიტრალური თვალსაზრისი აქვს
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სტატიები, რომლებიც რაიმე გარკვეულ თვალსაზრისს ან პოზიციას არ ემხრობა, თუმცა აღრიცხავს და ხსნის საკითხზე მნიშვნელოვან პოზიციებს, მათი წონადობის შესაბამისად. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საკითხებს და არ ვერთვებით დებატში, არამედ ვცდილობთ ინფორმაციისა და მოვლენების აღწერას. ზოგიერთ სფეროში შეიძლება არსებობდეს ერთი საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრება; სხვებში ჩვენ აღვწერთ სხვადასხვა შეხედულებებს და ვეცდებით მათ სათანადო წარმოდგენას, იმის ნაცვლად რომ დავადგინოთ სიმართლე ან საუკეთესო თვალსაზრისი. ყველა სტატია უნდა იყოს გადამოწმებადი, სათანადოდ ციტირებული, სანდო და ავტორიტეტული წყაროებით გამყარებული - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი საკამათოა ან ცოცხალ პიროვნებას ეხება. რედაქტორის პირად გამოცდილებას, ინტერპრეტაციას, ან მოსაზრებებს, ვიკიპედიაში ადგილი არ აქვს.
ვიკიპედია ინფორმაციის თავისუფალი წყაროა, რომლის გამოყენება, შეცვლა და გავრცელება ნებისმიერს შეუძლია
რადგანაც ვიკიპედიის ყველა რედაქტორი და მომხმარებელი საკუთარი ნებით გასაცემს საკუთარ ნაშრომს საზოგადოებას, არც-ერთი რედაქტორი არ არის რომელიმე სტატიის მფლობელი. ნებისმიერს შეუძლა ნებისმიერი სტატიის შესწორება და გავრცელება. პატივი ეცით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და არასდროს მოიპაროთ სხვა ადამიანის ნამუშევარი (პლაგიარიზმი). ყოველთვის ეცადეთ თავისუფალი წყაროს მოძიება, შექმნა ან გამოყენება, თუმცა გაითვალისწინეთ ასევე მართლზომიერი გამოყენების პრინციპების არსებობა.
ვიკიპედიის რედაქტორები ერთმანეთს პატივისცემითა და ზრდილობიანად უნდა ეპყრობოდნენ
პატივი ეცით კოლეგა-ვიკიპედიელებს უთანხმოების მიუხედავად. ყოველთვის იყავით ზრდილობიანი და თავი აარიდეთ პირად შეურაცხყოფას ან ზერელე განზოგადებებს. ეცადეთ ყოველთვის მიაღწიოთ კონსენსუსს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ მიიღოთ მონაწილეობა რედაქტირების ომებში და არ მიიყვანოთ დისკუსია აბსურდამდე საკუთარი პოზიციის საილუსტრაციოდ. იყავით კეთილგანწყობილი ახალი რედაქტორებისადმი და არ უკბინოთ მათ. იმოქმედეთ კეთილი განზრახვით და ჩათვალეთ, რომ სხვებსაც იგივე განზრახვა ამოძრავებს. იყავით გახსნილი, მოყვარე ყველას მიმართ. თუ კონფლიქტი მაინც მოხდება, მშვიდად განიხილეთ განხილვის გვერდზე, გამოიყენეთ კონფლიქტის მოგვარების პროცედურები და გახსოვდეთ, რომ ქართულ ვიკიპედიაში არსებობს 176 985 სტატია და ყველა მათგანზე შეიძლება მუშაობა და განხილვა.
ვიკიპედიას არა აქვს ქვაში ამოკვეთილი წესები
ვიკიპედიაში არსებობს წესები და პრინციპები, მაგრამ არაფერია უდავო და უცვლელი; კონცეფცია და ინტერპრეტაცია შეიძლება შეიცვალოს დროსთან ერთად. პრინციპები და სულისკვეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული სიტყვები და, ხანდახან, ვიკიპედიის გაუმჯობესება გამონაკლისებს მოითხოვს. სტატიების რედაქტირებისას იყავით გაბედული, მაგრამ არა ცანცარა. ძალიან არ იდარდოთ შეცდომების გამო: ყველა გვერდის ყველა ვერსია შენახულია და შეიძლება მარტივად გამოსწორდეს. თუმცა გახსოვდეთ — რასაც აქ დაწერთ, შესაძლოა სამუდამოდ შეინახოს.
იხილეთ აგრეთვე
- ვიკიპედია:რა არის ვიკიპედია
- დახმარება:რა არ არის ვიკიპედია
- ვიკიპედია:გამარტივებული ქცევის კოდექსი
- ვიკიპედია:ეტიკეტი