ვარხუნო
ვარხუნო, ისტორიული ვარხუნა — ყოფილი სოფელი, ამჟამად დასახლება ქალაქ თეთრიწყაროს ფარგლებში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს თეთრიწყაროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბედენის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე.
ისტორია
რედაქტირებავარხუნა იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების დოკუმენტებში, „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში, ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. სხვადასხვა საბუთში მოხსენიებულია ასევე ვარხოვნას, ვარხონას, ვერხუნას, ვერხუნალას დასახელებით. ვარხუნას შემოგარენშია ასევე ისტორიული სოფელი ეცო, რომელიც ვახუშტის მიერ შედგენილ რუკაზე მდ. ჭივჭავის შუაწელზეა დატანილი. ეცო უნდა იყოს ერთ-ერთი იმ ორი ნასოფლარიდან, რომელიც ვარხუნას დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
ეცო-ვარხუნას მიდამოებზე უძველესი დროიდან გადიოდა ქვემო ქართლის თრიალეთ-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა, რომელიც მდ. ჭივჭავის ხეობას მიუყვებოდა. 1583 წელს ქართლის მეფე სიმონ I-მა ვარხუნა არეშიშვილების საგვარეულოს უბოძა, 1633 წელს როსტომ მეფემ არეშიშვილები ბარათაშვილებს უყმო, შემდგომში აქ საკუთრებას ფლობდნენ ყორღანაშვილები და გერმანოზიშვილები. გამუდმებული თავდასხმების გამო XVIII საუკუნის II ნახევრიდან ვარხუნო და მისი შემოგარენი მოსახლეობამ დატოვა. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ ოსმალეთიდან ლტოლვილი სომხები დასახლდნენ. საბჭოთა პერიოდში ვარხუნო იყო სოფელი თეთრიწყაროს საქალაქო საბჭოს დაქვემდებარებაში, ფუნქციონირებდა მეხორცეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობა. ამჟამად ვარხუნო ქალაქ თეთრიწყაროს ერთ-ერთი დასახლებაა.
არქეოლოგია
რედაქტირება1948 წელს ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) შეისწავლა სოფ. ვარხუნოს შემოგარენი, 1949 წელს კი სოფლის შუაგულში გათხარა ე. წ. ნაცარგორა. გამოვლინდა ბათქაშისა და კერამიკის ფრაგმენტები, პატარა ქვევრი, კოჭობი და თიხის ბატის ქანდაკება. მასალა თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო ხანებითა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით.
1985 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მარაბდა-ახალქალაქის ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი) ვარხუნოს სამხრეთით, 0,5 კმ-ის დაშორებით გამოიკვლია გორასამარხი, რომელიც გაძარცვული აღმოჩნდა. ადამიანის ძვლები არ დადასტურდა. ინვენტარიდან შემორჩენილი იყო გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკის ფრაგმენტები და ბრინჯაოს კაუჭი. იმავე ექსპედიციამ 1986-1988 წლებში ვარხუნოს დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, ადგილ „ეცოზე“, გათხარა ელინისტური ხანის სამაროვანი, სადაც აღმოჩნდა 120 სამარხი ადამიანის ძვლებითა და ინვენტარით.
სამაროვნის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, 0,5 კმ-ში შუა საუკუნეების ორი ნასოფლარია. ერთ-ერთის ცენტრში არის თლილი ქვით ნაგები XI-XII საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. „ნაცარგორაზე“ დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც არაერთგზისაა გადაკეთებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 317.
- ციციშვილი ირაკლი, მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1979, №50. — გვ. 11-17.
- შატბერაშვილი ვახტანგ, ეცოს სამაროვანი (ქრ. წ. IV-I საუკუნეები), თბ., 2020.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 214-215, თბ., 2013 წელი.