ეცოს სამაროვანი
ეცოს სამაროვანი — ძვ. წ. IV–I საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი თეთრიწყაროს მახლობლად (ვარხუნოს დასახლებიდან დასავლეთით 1.5 კმ-ში), მდ. ჭივჭავის ხეობაში, ადგილ „ეცოზე“.
გაითხარა 1986–1988 წლებში (ხელმძღვ. ზ. შატბერაშვილი). სამარხები განლაგებულია ფერდობზე, მიწის ზედაპირიდან 0,2–1,3 მ სიღრმეზე. შესწავლილი 120 სამარხიდან უმრავლესობა ქვაყუთია, 9 კი — ორმოსამარხი, მ. შ. ერთი ქვევრის გვერდის ნატეხით იყო გადახურული. სამარხებში დაკრძალული იყო ერთი, ორი ან სამი მიცვალებული, რომლებიც იწვნენ გვერდზე, მოკრუნჩხულ მდგომარეობაში. სამარხთა უმეტესობა დამხრობილია ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე.
სამაროვანზე გამოიყოფა: ძვ. წ. IV ს-ის; ძვ. წ. IV-III სს-ის მიჯნის; ძვ. წ. III ს-ის; ძვ. წ. II ს-ისა და ძვ. წ. I ს-ის სამარხები. ძვ. წ. IV და III სს-ის სამა-რხების ინვენტარიდან აღსანიშნავია წითლად მოხატული დოქები, რკინის სამაჯურები, რკინის იარაღი (11 შუბი და 4 ცული) და სხვ. გათხრილი სამარხების უმრავლესობა ქართლის სინქრონულ ძეგლებზე აღმოჩენილ მასალას ენათესავება. მხოლოდ ერთ სამარხშია ნაპოვნი ბრინჯაოს სამაჯური, რომელიც კოლხურ იერს ატარებს.
მეორე ქრონოლოგიურ ჯგუფს განეკუთვნება ძვ. წ. II საუკუნის სამარხები. მათთვის დამახასიათებელია ქუსლიანი ჯამები, ოვალური ან მრგვალტანიანი დოქები, მოხატული კერამიკა, ოქროს ან ვერცხლის სარჩულიანი მინის მძივები. მესამე ჯგუფში შედის ძვ. წ. I საუკუნით დათარიღებული სამარხები. აქ აღმოჩენილი მასალა სამთავროს ქვევრსამარხების მასალის მსგავსია. არქეოლოგიური ძეგლი საინტერესო დამატებით მასალას იძლევა იბერიის სამეფოს ისტორიისა და მატერიალური კულტურის კვლევისათვის. არქეოლოგიური მასალა ინახება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შატბერაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- შატბერაშვილი ვახტანგ, ეცოს სამაროვანი (ქრ. წ. IV-I საუკუნეები), თბ., 2020.