თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქ თეთრიწყაროში.
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
41°32′37″ ჩ. გ. 44°27′44″ ა. გ. / 41.54361° ჩ. გ. 44.46222° ა. გ. | |
დაარსდა | 1975 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თეთრიწყარო |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
მუზეუმი დაარსდა 1975 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე, მუზეუმის შინაარსის მქონე პროპაგანდის სახლის (1964-1975) ბაზაზე. ამჟამად არის სსიპ თეთრიწყაროს კულტურის ცენტრის შემადგენლობაში. 1982 წელს თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა დაანგრიეს მოედნის გაფართოების მიზნით. ფონდი დროებით დაიხურა. 1989 წელს მუზეუმს გადაეცა ახალი შენობა (ყოფილი „რაიკომის") და დღემდე აქ არის განთავსებული. 2013 წლის 1 იანვრისთვის მუზეუმის ფართობი შეადგენდა 1115 მ² მუდმივი ექსპოზიცია – 811 მ² საცავები – 304 მ². თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ფონდში ინახება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომელიც ასახავს პერიოდს ქვის ხანიდან ფეოდალურ ეპოქამდე, ასევე სხვადასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა. თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ფეოდალური ხანის – გუდარეხის (XII ს.), მანგლისის (V–XII სს.), სამშვილდის (V ს.), ფიტარეთის (XIII ს.) – არქიტექტურული ძეგლები. მუზეუმის ფონდში 10 ათასზე მეტი ექსპონატია. ფონდის შექმნასა და არქეოლოგიური განყოფილების სრულყოფაში მუზეუმს დიდი დახმარება გაუწია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა განყოფილებამ და საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველომ; მუზეუმში მუშაობს სამეცნიერო საბჭო. თეთრი წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მჭიდრო კავშირი აქვს მუნიციპალიტეტში მომუშავე არქეოლოგებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, პედაგოგებთან. ტარდება სხვადასხვა სახის სამეცნიერო და თეორიული კონფერენციები, ეწყობა გამოფენები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 14.