ეფატე (ინგლ. Efate) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. კუნძულზე მდებარეობს ვულკანი მაუნტ-მაკდონალდი.

ეფატე
მშობ. სახელი: ინგლ. Efate

ეფატეს კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°40′ ს. გ. 168°25′ ა. გ. / 17.667° ს. გ. 168.417° ა. გ. / -17.667; 168.417
ფართობი 899,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 647 მ
მთა მაკდონალდი
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია შეფა
დემოგრაფია
მოსახლეობა 65 734 (2009)
სიმჭიდროვე 73,078 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

ეფატეს კუნძული მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგში წყნარ ოკეანეში, ეფატეს ჩრდილოეთით მდებარე შეპერდის კუნძულებსა და ეფატეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ერომანგას შორის. კუნძულიდან უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ სანაპიროსთან, მდებარეობს კუნძულები ნგუნა, მოსო, პელე, ემაო, ლელეპა. კუნძულები ნგუნა, პელე და ემაო სტრატოვულკანებია[1]. მელეს უბეში, ქალაქ პორტ-ვილას შორიახლო, მდებარეობენ კუნძულები ირიფა და ირირიკი, რომლებიც მსხვილი ტურისტული ცენტრებია.

ეფატეს კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და ჩამოყალიბდა მაღალი ვულკანური აქტივობის შედეგად რეგიონში, რომელიც გამოწვეულია ავსტრალიური და წყნარი ოკეანის ლითოსფერული ფილაქნების შეჯახებით[2].

გეოლოგიურად ეფატე შედგება სამი ფორმაციისაგან: ყველაზე უძველესი პემზური ჩამოყალიბების; წყალქვეშა პემზური ტუფის, რომელიც ჩამოყალიბდა პლიოცენ—პლეისტოცენის ეპოქაში და ბრექჩიის, რომელიც გვხვდება ეფატეს ცენტრალურ ნაწილში, სადაც შიშვლდება მთის სახეობები და უკავია კუნძულის ხმელეთის დაახლოებით 300 კმ²[3]. ეფატეს ვულკანურ წარმონაქმნზე მდებარეობს კირქვიანი ტერასები, რომლებიც ქმნიან კირქვიან ფორმაციებს, რომელიც ჩამოყალიბებულია გვიანი პლიოცენის დროს, ასევე უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბებული რიფული კირქვა[3].

კუნძულის ფართობი შეადგენს 899,5 კმ²-ს. ეფატეს უმაღლესი წერტილი, მთა მაკდონალდი, აღწევს 647 მეტრ სიმაღლეს. კუნძულის ნაპირი კლდოვანია. ზოგიერთ ადგილებში ეფატე გარშემორტყმულია გაქვავებული რიფებით[4].

კლიმატი კუნძულზე ტროპიკულია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები[4].

ეფატეს კუნძულის დასახლება დაიწყო დაახლოებით 2500 წლის წინ არქიპელაგ სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებით. ეს მაცხოვრებლები იყენებდნენ ქვის იარაღებს, ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. ლაპიტას კულტურისგან განსხვავებით ასეთი ტიპის ნაკეთობები ნაპოვნი იქნა ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილის სხვა კუნძულებზე. ამ კულტურამ მიიღო სახელი მანგაასი. სავარაუდოდ, ამ კულტურის წარმომადგენელთა ნაწილი დასახლდა დაახლოებით 2400—1600 წლის წინ კუნძულ ფიჯიზე და ახალ კალედონიაზე[5].

ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1200 წელს შეპერდის კუნძულების და კუნძულ ეფატეს კულტურამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები: შეწყდა თიხის ჭურჭლის წარმოება, ქვის იარაღი გამოდევნა სხვადასხვა მოლუსკების ნიჟარებისგან დამზადებულმა იარაღმა[6]. ზოგიერთი არქეოლოგი ამას უკავშირებს ეფატეზე წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ კუნძულებიდან მოსახლეობის მიგრაციას[5].

1774 წელს ეფატე აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა[7]. ზღვაოსანმა კუნძულს დაარქვა «სენდვიჩის კუნძული», სენდვიჩის მეოთხე გრაფის — ჯონ მონტეგიუს, პატივსაცემად, რომელიც იყო მისი ექსპედიციის პატრონი[8].

თანდათანობით ეფატეზე დაიწყეს დასახლება ევროპელებმა. XIX საუკუნის დასაწყისში კუნძული გახდა სანტალის ხის ჯიშით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი. ეფატეს ხშირი სტუმრები ასევე იყვნენ ვეშაპის დამჭერები. კუნძულზე პირველი ევროპული დასახლება, რომელიც უპირატესად შედგებოდა ბრიტანელებისგან, დაარსდა უბე ჰავანას (ინგლ. Havana Harbour) ნაპირზე, ეფატეს დასავლეთ ნაწილში. ფრანგულმა დასახლებებმა თავი მოიყარა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. შემდგომში ამ ადგილმა, სადაც მდებარეობს ქალაქი პორტ-ვილა, მიიღო სახელი ფრანსვილი (ინგლ. Franceville)[9]. 1882 წლის გვალვის და მალარიის აფეთქების შემდეგ ბრიტანული მოსახლეობა გადასახლდა ქალაქ პორტ-ვილაში[8].

1887 წლის იანვარში ეფატეზე შემოვიდა კათოლიკე მისიონერების ჯგუფი[10]. დროთა განმავლობაში კათოლიკე მისიონერები გამოჩნდნენ ვანუატუს სხვა მსხვილ დასახლებულ კუნძულებზე.

1906 წლის მარტში ეფატე, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[11].

მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულ ეფატეზე აშშ-ის საინჟინრო-სამშენებლო ბატალიონმა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ააშენა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი. რეზიდენტ-კომისრების თანხმობით (თუმცა მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი) შენობები, რომლებშიც ადრე ცხოვრობდა საერთო სასამართლოს თავმჯდომარე, გადაკეთდა ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის ოფისად. საკუთარი ოფიციალური რეზიდენციები ასევე თავისივე ნებით გაანთავისუფლეს ბრიტანელმა და ფრანგმა მოსამართლეებმა[12]. პორტ-ვილაში ამერიკელებმა ასევე ააშენეს სამხედრო ჰოსპიტალი.

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და ეფატე გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — პორტ-ვილა. 2009 წლის მონაცემებით ეფატეს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 65 734 ადამიანს[13], რომლებიც ცხოვრობენ კუნძულის სანაპირო დასახლებებში. ეფატეს შიდა რაიონებში დასახლებები თითქმის არ არსებობს[8]. კუნძული უპირატესად დასახლებულია ვანუატუს ძირძველი მოსახლეობით — ნი-ვანუატუს ხალხით, თუმცა კუნძულზე ასევე ცხოვრობენ ევროპელები, ჩინელები, ვიეტნამელები.

კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:

  • ჩრდილოეთ ეფატე (3000 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია ეფატეს ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულებზე ნგუნა, ტონგოა და ზოგიერთ სხვა კუნძულებზე, რომლებიც მდებარეობენ კუნძულ ეპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით),
  • სამხრეთ ეფატე (3750 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია ეფატეს სამხრეთ ნაწილში),
  • ეტონი (500 მოლაპარაკე 1989 წელს; გამოიყენება ეფატეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეტონის, პანგ-პანგის დასახლებებში და სხვა ახლომდებარე სოფლებში),
  • ლელეპა (400 მოლაპარაკე 1989 წელს; გამოიყენება კუნძულ ლელეპაზე და მანგალილიუს და ნაპკოას დასახლებებში ეფატეს დასავლეთ ნაპირზე),
  • ლონვოლვოლი (600 მოლაპარაკე 1983 წელს; გამოიყენება სოფელ მაატში),
  • მელე-ფილა (2000 მოლაპარაკე 1980 წელს; გამოიყენება სოფელ მელეში ეფატეს სამხრეთ ნაწილში, ასევე კუნძულ ფილაზე მელეს უბეში),
  • ნამაკურა (2850 მოლაპარაკე 1983 წელს; გამოიყენება ეფატეს ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე კუნძულებზე ტონგოა, ტონგარიკი)[14].

ეკონომიკა

რედაქტირება

ეფატე — ვანუატუს მსხვილი ეკონომიკური და ტურისტული ცენტრია[8].

პორტ-ვილადან შორიახლოს მდებარეობს ბაუერფილდის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვულკანები ეფატეს ჩრდილოეთით. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-14. ციტირების თარიღი: 2014-11-07.
  2. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — Beginnings.
  3. 3.0 3.1 SOPAC. ეფატეს გეოლოგია. გვ. 8. (ინგლისური)
  4. 4.0 4.1 [John Seach. ეფატე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05. ციტირების თარიღი: 2014-11-07. John Seach. ეფატე. (ინგლისური)]
  5. 5.0 5.1 Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
  6. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 19.
  7. [Vanuatuparadise. ეფატეს კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-09. ციტირების თარიღი: 2014-11-07. Vanuatuparadise. ეფატეს კუნძული. (ინგლისური)]
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 [ინფორმაცია კუნძულის შესახებ ვანუატუს ტურიზმის ოფიციალურ საიტზე. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-30. ციტირების თარიღი: 2014-11-07. ინფორმაცია კუნძულის შესახებ ვანუატუს ტურიზმის ოფიციალურ საიტზე. (ინგლისური)]
  9. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 19.
  10. კათოლიკური ენციკლოპედია. სტატია «New Hebrides». (ინგლისური)
  11. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  12. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 42.
  13. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-07.
  14. Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)