ერიკ VII პომერანიელი (გერმ. Erich VII. von Pommern, დან. Erik 7. af Pommern, ნორვ. Erik VII av Pommern, შვედ. Erik XIII av Pommern; დ. 1382 — გ. 24 სექტემბერი, 1459) — გრიფნილდების დინასტიის წარმომადგენელი. კალმარის უნიის მმართველ მარგრეტე I-ის დის შვილიშვილი და ერთადერთი მემკვიდრე. დანიისა და შვედეთის მეფე 1412-39 წლებში, ნორვეგიის მეფე 1389-1442 წლებში და პომერიანიის ჰერცოგი 1446-59 წლებში. იგი ტახტიდან გადადგა თავისი დისწულის, შემდგომში უკვე მეფე კრისტოფერ III ბავარიელის სასარგებლოდ.

ერიკ VII პომერანიელი
დანიისა და შვედეთის მეფე
კორონაცია: 17 ივნისი, 1397, კალმარი, შვედეთი
მმართ. დასაწყისი: 28 ოქტომბერი, 1412
მმართ. დასასრული: 24 სექტემბერი, 1439
წინამორბედი: მარგრეტე I
მემკვიდრე: კრისტოფერ III
ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 1392, ოსლო, ნორვეგია
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი, 1389
მმართ. დასასრული: 4 ივნისი, 1442
წინამორბედი: მარგრეტე I
მემკვიდრე: კრისტოფერ III
პომერანია-სტოლპის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 7 დეკემბერი, 1446
მმართ. დასასრული: 24 სექტემბერი, 1459
წინამორბედი: ბოგისლავ IX
მემკვიდრე: ერიკ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1382
გარდ. თარიღი: 24 სექტემბერი, 1459, (77-78 წლის)
მეუღლე: ფილიპა ინგლისელი
(ქ. 1406 - გარდ. 1430)
სესილია (მორგანიკული)
დინასტია: გრიფინსები
მამა: ვარტისლავ VII, პომერანიის ჰერცოგი
დედა: მარია მეკლენბურგ-შვერინელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები და მემკვიდრეობა

რედაქტირება

ერიკი დაიბადა 1382 წელს რიუგენვალდში (თანამედროვე დარლოვო, პოლონეთი). იგი იყო პომერანიის ჰერცოგ ვარტისლავ VII-ისა და მისი მეუღლის, მარია მეკლენბურგ-შვერინელის უფროსი ვაჟი. დედის მხრიდან მისი ბებია იყო ინგებორგ დანიელი, რომელიც თავის მხრივ დანიის მეფე ვალდემარ IV-ის უფროსი ქალიშვილი და დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალ მარგრეტე I-ის და იყო.

მარგრეტე I-ს, რომელმაც სამი სამეფო კალმარის უნიაში გააერთიანა, მათი ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება სურდა. მისი ერთადერთი შვილი, მეფე ოლაფ II ნაადრევად და უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მოეძებნა ისეთი მემკვიდრე, რომელსაც სამივე სამეფოს ტახტზე ექნებოდა უფლებები, რათა უნია არ დაშლილიყო. ასეთი იყო მისი დის შვილიშვილი ერიკ პომერანიელი, რომელიც მისი უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავი იყო. 1389 წელს მარგრეტემ ერიკის მასთან, დანიაში ჩაყვანა მოითხოვა, სადაც იგი ჯერ ნორვეგიის ტახტის მემკვიდრედ, 1392 წელს კი ნორვეგიის მეფედ გამოაცხადა. 1397 წლის 17 ივნისს იგი დანიისა და შვედეთის მეფედაც აკურთხა, რითაც მარგრეტემ მას ფაქტობრივად თავის სიცოცხლეშივე დაუმტკიცა სამივე სამეფოს ტახტი. ამავდროულად დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დადასტურდა მისი მმართველობა კალმარის უნიაში, თუმცა მის დე-ფაქტო მმართველად კვლავ დედოფალი მარგრეტე რჩებოდა.

ქორწინება

რედაქტირება

1402 წელს დედოფალმა მარგრეტემ წამოიწყო ერიკის საქორწინო მოლაპარაკებები. იგი ჩრდილოეთის უნიის გასაძლიერებლად ერიკის საცოლედ ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ასულს მოიაზრებდა. საქორწინო მოლაპარაკებები ოთხ წელს გაიწელა, რის შემდეგაც 1406 წელს ერიკი დაინიშნა ფილიპა ინგლისელზე, სამაგიეროდ კი ფილიპას ძმა, უელსის პრინცი (მომავალში მეფე ჰენრი V) დაინიშნა ერიკის დაზე, კათარინა პომერანიელზე, თუმცა მათი ქორწინება არასდროს შემდგარა.

ორმაგი დინასტიური ქორწინების იდეის ჩაშლის შემდეგ, რაც კათარინას ბავარიაში გათხოვებამ გამოიწვია, 1406 წლის 26 ოქტომბერს 12 წლის ფილიპა ჩავიდა ლუნში და ცოლად გაჰყვა ერიკ პომერანიელს. მათი ხანგრძლივი და უნაყოფო ქორწინება 1430 წელს, ფილიპას გარდაცვალებით დასრულდა, რის შემდეგაც ერიკმა მორგანიკულად იქორწინა (ანუ ამ ქორწინებით ქალი დედოფლის წოდებას არ იღებდა) ფილიპას სეფექალ სესილიაზე, რომელსაც იგი ყოველთვის ფარულად ეტრფოდა.

1412 წელს, დედოფალ მარგრეტეს გარდაცვალების შემდეგ იგი უკვე საბოლოოდ გახდა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სრულუფლებიანი მმართველი. 1417 წელს მან კოპენჰაგენში სამეფო რეზიდენცია და მმართველი საბჭო გადაიტანა, რითაც ეს ქალაქი კალმარის უნიის დედაქალაქად აქცია. მან ასევე გაანთავისუფლა კოპენჰაგენის ციხესიმაგრე, რომელიც როსკილეს ეპისკოპოსს ჰქონდა დაკავებული.

მისი თანამედროვე მემატიანეები გადმოგვცემენ, რომ ერიკი იყო ენერგიული, მტკიცე ხასიათისა და გონიერი მმართველი. როგორც ცნობილია, იგი პოლიგლოტიც იყო და უამრავ ენაზე მეტყველებდა, რითაც 1420 წელს ევროპაში მოგზაურობისას ადგილობრივებს დიდად ხიბლავდა. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს, როგორც მემატიანეები წერენ, იგი ძალიან ფეთქებადი ხასიათის იყო, დიპლომატიური ალღოც არ ჰქონდა და ამასთან ყველგან მტრები ელანდებოდა. მეფე ერიკს რომის პაპი პიუს II აღწერდა, როგორც „აქვს ლამაზი სხეული, წითურ-ქერა თმა, მუქი სახე და გრძელი ვიწრო კისერი... ერთხელ, იგი ყოველგვარი დახმარების გარეშე შემოხტა ცხენზე, რითაც მონუსხა ყველა იქ მდგომი მანდილოსანი და თავად იმპერატორიც კი.“

 
ერიკის ქანდაკება დორლოვოს სასახლეში

1423-25 წლებში მეფე ერიკი იერუსალიმში იყო მოსალოცად წასული. ცნობილია, რომ იგი აქ მცხოვრებ, გაჭირვებაში ჩავარდნილ რაინდებს შეხვდა და იქ ყოფნისას პილიგრიმებს დიდად მფარველობდა. მისი ქვეყანაში არ ყოფნისას, კალმარის უნიას მისი მეუღლე, დედოფალი ფილიპა ინგლისელი მართავდა რეგენტის სტატუსით.

დანიაში ჩასვლისთანავე მან ომი დაიწყო, რათა საბოლოოდ შემოემტკიცებინა სამხრეთული მეამბოხე მიწები. საბოლოოდ საღვთო რომის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა მას ოფიციალურად დაუთმო შლეზვიგისა და ჰოლშტაინის მხარეები. ხანგრძლივმა ომმა შეარყია დანიის ეკონომიკაცა და ჩრდილოური ერთიანობაც. იგი გაცხარებით ებრძოდა ბალტიის ზღვაში გაბატონებულ გერმანულ ჰანზას სავაჭრო კავშირს, რის წინააღმდეგაც მასიურად დაიწყო გემების აგება, რათა საჭირო აღარ ყოფილიყო გერმანელების დახმარება. 1426-35 წლებში იგი ხანგრძლივ ომში იქნა ჩათრეული ჰოლშტაინის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 1428 წელს ჰოლშტაინელებმა კოპენჰაგენსაც კი შემოარტყეს ალყა, რა დროსაც ერიკმა ქალაქი დატოვა, მაგრამ დედოფალი ფილიპა დარჩა და ქალაქს იცავდა.

იმ სამარცხვინო ფაქტმა, რომ დედოფალი მეფეზე მამაცი აღმოჩნდა, კატასტროფულად შეარყია ერიკის ავტორიტეტი და კალმარის ერთიანობა. 1434 წელს შვედმა ფერმერებმა და მაღალჩინოსნებმა წამოიწყეს მასობრივი აჯანყება, რომელსაც სოციალურ-ეროვნული მიზნები ედო საფუძვლად. ამ ყოველივემ დიდად შეასუსტა მეფის ძალაუფლება შვედურ არისტოკრატიაში. 1434-36 წლებში შვედეთში აჯანყება მძვინვარებდა. ამ აჯანყებამ გამოიწვია კალმარის უნიის დაშლისაკენ წასვლა და შვედეთში დანიური ხელისუფლების შესუსტება. 1436 წელს აჯანყდა ნორვეგიაც. აჯანყებულებმა სიგურდ იოჰანსსონის თაოსნობით აიღეს ოსლო. ამის შემდეგ ერიკი ნორვეგიის მხოლოდ ფორმალურ მმართველად იქცა, რეალურად კი მას სიგურდი მართავდა, რომელმაც რეგენტის სტატუსი მიიღო.

1440 წელს, უშვილო ერიკმა თავის მემკვიდრედ თავისი დის, კათარინა პომერანიელის უფროსი ვაჟი — კრისტოფერ ბავარიელი გამოაცხადა. იგი ამავე წელს სამივე სამეფოს მეფედ გამოაცხადა, თავად კი ტახტიდან გადადგა. კრისტოფერი 1448 წელს ასევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ერიკმა მეფედ თავისი შორეული ნათესავი, კრისტიან ოლდენბურგელი დანიშნა. ამის შემდეგ მან დატოვა დანია და მშობლიურ პომერანიას დაუბრუნდა.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

ტახტიდან გადადგომის შემდეგ, ათი წლის მანძილზე იგი გოტლანდში, დანიაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, იგი ამ პერიოდში მეკობრეებს აფინანსებდა, რათა ბალტიის ზღვაში მცურავი გერმანული ხომალდები ეძარცვათ. 1449 წელს ერიკმა პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ IX-ისაგან სამართავად პომერანიიც პატარა ნაწილი, პომერანია-სტოლპი მიიღო (თანამედროვე პოლონეთი). იგი ამის შემდეგ აქვე დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1459 წლის 24 სექტემბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Albrectsen, Esben (1997) Fællesskabet bliver til : 1380-1536 (Oslo : Universitetsforl.) ISBN 82-00-22790-1
  • Christensen, Aksel E. (1908) Kalmarunionen og nordisk politik 1319-1439 (Oslo: Gyldendal) ISBN 87-00-51833-6
  • Haug, Eldbjørg (2000), Margrete – den siste dronning i Sverreætten (Oslo: Cappelen) ISBN 82-02-17642-5
  • Haug, Eldbjørg (2006) Provincia Nidrosiensis i dronning Margretes unions- og maktpolitikk (Trondheim : Institutt for historie og klassiske fag) ISBN 9788277650470
  • Larsson, Lars-Olof (2003) Kalmarunionens tid (Stockholm: Prisma) ISBN 91-518-4217-3
  • Lund, Hakon (1987). "Bind 1: Slotsholmen". In Bramsen, Bo (ed.). København, før og nu - og aldrig. Copenhagen: Palle Fogtdal. ISBN 87-7807720-6.