ერთი მსახიობის თეატრი

ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ — თეატრი თბილისში, შეიქმნა 1987 წელს კოტე მახარაძის ინიციატივითა და თაოსნობით. თეატრი თავდაპირველად არსებობდა დარეჯანის სასახლის „სამლოცველო საჩინოში”, შემდგომ ბინა დაიდო ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმში ფიქრის გორაზე და ორი დარბაზი დაიკავა. ექსპოზიციის ნაწილი შეიცვალა, მაგრამ კედლებზე გამოფენილი სურათები და ფოტომასალა შენარჩუნებულ იქნა.

თეატრი აგებული იყო ლიტერატურული თეატრის პრინციპზე. დაარსების პირველივე დღეებიდანვე თეატრში კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი მონოსპექტაკლებს წარმოადგენდნენ. აქ, მათ გარდა, მაყურებელს თავიათ შემოქმედებას აცნობდნენ მსახიობები მურმან ჯინორია, გიორგი გეგეჭკორი, მარინა ჯანაშია, დუტა სხირტლაძე და სხვები. დადგმულ სპექტაკლებს შორისაა: „მარტოობის ბინადარი“ (რეჟ. ნანა მჭედლიძე), „დედა დედოფალი“ (რეჟ. თენგიზ კოშკაძე), „სიყვარულის სულთათანა“ (რეჟ. თემურ ჩხეიძე), „ილია“, „ბაგრატიონები“, „რაც მტრობას დაუნგრევია“, „მონატრება“, „პლანეტების დაბადება“, „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!“, „გამოიღვიძე ქნარო“, „კარმენ!“, „ღამე და თუთიყუში“ (რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), „ეს რა წიგნი გვქონია“ (რეჟ. ივანე ხუციშვილი), „ლიფტი“, „დიდოსტატის ნადიმი“ და სხვა.

თეატრი მართავდა შემოქმედებით საღამოებს, გასტროლებს, აწყობდა შეხვედრებს ხელოვნების გამოჩენილ მუშაკებთან. აღებული აქვს ფესტივალების პრიზები: 1996 წ. კიევში სპექტაკლი „ბაგრატიონები“ დაჯილდოვდა გრან-პრით, 1999 წელს კიშინიოვში მარინა ჯანაშიამ (სპექტაკლი „კარმენი“) მიიღო ფესტივალის უმაღლესი ჯილდო „ოქროს იონი“.

კოტე მახარაძის გარდაცვალების (2002) შემდეგ თეატრის ხელმძღვანელობა სოფიკო ჭიაურელმა ითავა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების (2008) შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკუშა შენგელაია გახდა, თუმცა 2009 წლიდან უსახსრობის გამო თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 2019 წლიდან თეატრმა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში განაგრძო სპექტაკლების დადგმა.

ლიტერატურა

რედაქტირება