ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმი
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმი — ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების სახლ-მუზეუმი, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. მასში დაცულია 12000-ზე მეტი ექსპონატი: ვერიკო ანჯაფარიძის, მიხეილ ჭიაურელის, ასევე მათი შვილის — სოფიკო ჭიაურელის და სიძის — კოტე მახარაძის არქივები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი ფოტომასალა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ხელნაწერები, წერილები, საოჯახო ნივთები, ცნობილ ქართველ მხატვართა მიერ ოჯახისთვის საჩუქრად გადაცემული ფერწერული ნამუშევრები, მიხეილ ჭიაურელის მიერ შესრულებული შარჟები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა.[1]
ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის მუზეუმი | |
---|---|
სახლ-მუზეუმის შენობა | |
41°42′41″ ჩ. გ. 44°46′54″ ა. გ. / 41.711528° ჩ. გ. 44.781722° ა. გ. | |
დაარსდა | 1992 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
სტატუსი |
|
ექსპონატი | 12000-ზე მეტი |
კლასიფიკაცია | მემორიალური |
შენობის ისტორია
რედაქტირებაცნობილია, რომ მიხეილ ჭიაურელმა სახლი ფიქრის გორაზე იმ ადგილზე ააშენა, სადაც ვერიკოსთან პირველი პაემანი ჰქონდა. არქიტექტურული პროექტიც თვითონ შექმნა. უშუალოდ იყო ჩართული მშენებლობის პროცესსა და შემდგომში ინტერიერის და დიზაინის მოწყობაში. ამავე სახლში ჰქონდა სახელოსნოც, სადაც დიდ დროს ატარებდა.
მუზეუმის ისტორია
რედაქტირებამიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი 1979-1992 წლებში სოფელ დიღომში არსებობდა. 1992 წლის 23 სექტემბრიდან კი თბილისში, ფიქრის გორაზე, სოფიკო ჭიაურელის მშობლიურ სახლში (ვერიკო ანჯაფარიძის ქ. №16) დაიდო ბინა. პირველი სართული მთლიანად დაეთმო სახლ-მუზეუმის ექსპოზიციას, რომელიც ასახავდა ორი დიდი ხელოვანის — მიხეილისა და ვერიკოს შემოქმედებას.
მუზეუმის შენობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის №3/181 ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.[1] [2]
2010 წელს მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო „თბილისობა-2010“-ის ფარგლებში განხორციელებულ გამოფენაში — „ისტორია, სტილი, კოსტიუმი“.[3] გამოფენა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „ისტორიალის“ ავტორობით და ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო. გამოფენაზე მაყურებელი კიდევ ერთხელ შეხვდა ქართული თეატრისა და კინოს მდიდარ წარსულს. წარმოდგენილი ექსპონატების საშუალებით მათ საშუალება მიეცათ გაეხსენებინათ დროისა და სხვადასხვა გარემოებების გამო მივიწყებული ეპიზოდები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიიდან.
ვერიკოსა და მიხეილის შვილიშვილმა, ნიკუშა შენგელაიამ სახლში რემონტის შემდეგ ავეჯის რესტავრირებაც მოახდინა. შეეცადა იგივე გარემოს შექმნას, რომელიც ბებია-ბაბუის დროს იყო. მან ექსპოზიციების ნაწილი კინოსა და თეატრის მუზეუმს გადასცა, მაგრამ სახლშიც უხვი მასალა დარჩა. მუზეუმში მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებული ფილმების რეკვიზიტებიც ინახება. გამოფენილია სხვადასხვა მხატვრების ფერწერული ტილოები, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრად გადაცემული ნივთები. აქვეა შტატივზე მდგარი, კინოაფიშებსა და ფოტოების გარემოცვაში მყოფი კამერა, რომელიც 70 წელზე მეტი ხნისაა და ოჯახის სიმბოლოდაა ქცეული.
ერთი მსახიობის თეატრი
რედაქტირება1996-2010 წლებში მუზეუმის შენობაში განთავსებული იყო კოტე მახარაძის მიერ დაარსებული ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“, რომელმაც ორი დარბაზი დაიკავა. ექსპოზიციის ნაწილი შეიცვალა, მაგრამ კედლებზე გამოფენილი სურათები და ფოტომასალა შენარჩუნებულ იქნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მუზეუმები: გზამკვლევი. თბილისი. 2006. გვ.57
- საქართველოს 100 მუზეუმი. ალექსანდრე ნონეშვილი, ამირან თავართქილაძე. თბილისი. 2012. გვ. 38
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები. — გვ. 145/331
- ↑ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-14. ციტირების თარიღი: 2021-09-21.