ენოქ წინასწარმეტყველი

(გადამისამართდა გვერდიდან ენუქ წინასწარმეტყველი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენოქი[1] (ებრ. חֲנוֹך, Ḥănōḵ - ”მასწავლებელი”) სახელი, რომელიც ორჯერაა მოხსენიებული ადამის გენერაციაში. ენოქი ჰქვია ადამის შვილიშვილს, კაენის მხრიდან: ”გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.” (დაბ. 4:17). ენოქი ეწოდა ასევე ადამის დიდx4 შვილიშვილს, შეთის (და არა კაენის) მხრიდან: ”დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა” (დაბ. 5:24) 365 წლის ასაკში. მას ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს სიკვდილი არ უგემნია. ენოქი მეთუშალახის მამა და ნოეს დიდი ბაბუაა. (დაბ. 5:22-29).

ენოქ წინასწარმეტყველი

ბიბლიაში მისი ასეთი მოკლე დახასიათების მიუხედავად, ენოქი ძვ. წ. I ათასწლეულის ებრაულ მისტიციზმში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, სახელგანთქმული მისივე წიგნით, სახ. ”ენოქის წიგნი.”

ისლამში იგი გაიგივებულია იდრისთან (إدريس) და მიჩნეულია წინასწარმეტყველად. ენოქი მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს ზოგიერთ ქრისტიანულ სექტაში (მაგ. ნათელი უკანასკნელი დღეების გადაადგილება), ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სომხური კათოლიკური ეკლესიის წმინდანთა კალენდრის მიხედვით ენოქის, როგორც დიდი მამამთავრის, ხსენების დღეს დღესასწაულობენ 30 ივლისს.

წარმომავლობა

რედაქტირება

დაიბადა წარღვნამდელ მატერიკზე (სამყაროს დასაბამიდან დაახ. 622 - 987 წწ; დაახ. 3377-3012 ძვ.წ.[2]). ძველებრაული სიტყვა chinuch აღნიშნავს: განათლებას, სიბრძნეს, სულიერებას. ენუქი არის ძველი, წარღვნამდელი სამყაროს პატრიარქი და ითვლება მაღალი ზნეობრიობის და ღვთისმოსაობის ეტალონად. ტრადიციულ იკონოგრაფიაში გამოისახება წაწვეტებული წვერით. ენოქმა შემოიღო კვირეული და სხვა ქრონომეტრიული ციკლები. ძველ აღთქმაში ენოქის ცხოვრება აღწერილია დაბადების წიგნში: ”იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა (დაბ.5:21-24). ენოქის მოღვაწეობა აღწერილია ასევე ძველი აღთქმის არაკანონიკურ, აპოკრიფულ ტექსტში სახ. ”ენოქის წიგნი”. ბიბლიის თანახმად, მხოლოდ ენოქი და ელია წინასწარმეტყველი (4 მეფ. 2:11) არ მომკვდარან.

ბიბლიური ტრადიცია

რედაქტირება

ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ ორმა წინასწარმეტყველმა - ენოქმა და ელიამ უნდა ამხილოს ანტიქრისტე. წმინდა წერილში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში მითითებულია ამ ორი წინასწარმეტყველის მოსვლაზე ამქვეყნად შვიდი წლით ადრე ქვეყნის აღსასრულამდე და უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; ამ ავტორიტეტულ, უტყუარ ცნობებში ნათქვამია ელიასა და ენუქის მამხილებელ ქადაგებაზე, რაც ანტიქრისტეს წინააღმდეგ იქნება მიმართული, მათს სასწაულთმოქმედებაზე, მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ცად ამაღლებაზე.

ბიბლიაში პირდაპირ არიან დასახელებული ელია წინასწარმეტყველი: ”და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.” (მალაქ. 4:5); და ენოქი, როგორც ბოლო ჟამის წინანსწარმეტყველნი: ”მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.” (იუდ. 1:14-15).

პავლე მოციქულის ეპისტოლეში (ებრაელთა მიმართ) ვკითხულობთ: ”რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.” (ებრ. 11:5).

იოანეს გამოცხადებაში აღწერილია მათი დედამიწაზე დაბრუნება, ანტიქრისტეს მხილება, მოწამეობრივი აღსასრული და ცად ამაღლება: ”და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა.” (გამოცხ.11:3-12).

ეკლესიის მამათა სწავლებანი

რედაქტირება

ეკლესიის წმინდა მამები - ეფრემ ასური („სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“) და იოანე დამასკელი („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“) ადასტურებენ, რომ ბოლო ჟამის ორი წინასწარმეტყველია - წმ. ენოქი და წმ. ელია.

მამა გაბრიელის სწავლება ბოლო ჟამზე ადასტურებს ბიბლიაში და წმ. მამათა წინასწარმეტყველებებში ხსენებულ მოვლენებს: ”წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ”.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, თბილისი, 2001 წ.
  • „სიტყვა უფლის მეორედ მოსვლისათვის“, წმ. ეფრემ ასური
  • „ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, წმ. იოანე დამასკელი
  • „ბერის დიადემა“, თბილისი, 2006 წ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ბიბლიის მცხეთური ხელნაწერის მიხედვით - ენუქი (დაბ. 5:18)
  2. წმინდა ენოქის მოღვაწეობის პერიოდის ორი თარიღი არსებობს: დაახ. ძვ.წ. 3284-3017 და ძვ.წ. 3377-3012. ეს თარიღები დასავლეთევროპული ქრონოლოგიის ტრადიციიდან გამომდინარეობს, სადაც სამყაროს დასაბამად მიჩნეულია ძვ.წ. 4004 მიუხედავად ამისა, დასავლეთევროპული ბიბლიური ქრონოლოგია აღიარებს სამყაროს დასაწყისის სხვა ვარიანტებსაც, მაგ. ძვ.წ. 5508, როგორც მიღებულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში.