დათა მიქელაიშვილი
გიორგი ჭყონია (დ. 1860, მელექედური — გ. 19 დეკემბერი, 1893, აკეთი) — ქართველი ფირალი, ფირალობის პირველი ტალღის წარმომადგენელი.
დათა მიქელაიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1860 |
დაბ. ადგილი | მელექედური, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი, 1893 |
გარდაცვალების ადგილი | აკეთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
ეროვნება | ქართველი |
ცნობილია, როგორც | ფირალი |
მამა | როსტომ მიქელაიშვილი |
მკვლელობების არეალი | გურია |
გაიქცა | 1892 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა დაახლოებით 1860-1863 წლებში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი. მუშაობდა ქობულეთში რკინიგზაზე შავ მუშად. იყო მაღალი, სქელი, ლამაზი კაცი, ატარებდა შავ წვერს. დააპატიმრეს ბათუმში. პირველი დაპატიმრების მიზეზი უცნობია. ციხიდან გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ მიქელაიშვილი შემოირიგა, მაგრამ შერიგება დროებითი გამოდგა. ზესტაფონში მიქელაიშვილი ყაჩაღ კახიძეებთან ერთად თავს დაესხმა მღვდელს და 8000 მანეთი წაართვა. მიქელაიშვილი კვლავ დაიჭირეს და სახალინზე გადასახლება და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ კვლავ მოახერხა გაქცევა.
ფირალობდა 1885 თუ 1888 წლიდან. თავს ესხმოდა ვაჭრებს, მღვდლებს და მემამულეებს. ხალხი მიქელაიშვილს მფარველობას უწევდა, საჭმელს უგზავნიდა. 1892 წლის 9 მარტს მელექედურში მოკლეს მიქელაიშვილის თანამზრახველი და მისი დაჯგუფების წევრი მიხეილ ღლონტი.[1] 1892 წლის 18 აპრილს მიქელაიშვილმა მელექედურში გაძარცვა ალექსანდრე ჯაყელი და ოზურგეთში მსუბუქად დაჭრა პოლიციის უფროსი ვაშალომიძე.[2]პოლიცია ეგზეკუციებით ცდილობდა მიქელაიშვილის დაჭერას, მაგრამ ვერ მოახერხა. მათ დააპატიმრეს მიქელაიშვილის მამა, როსტომი და გადაასახლეს მისი ძმა, ნესტორი. ივნისის დასაწყისში მიქელაიშვილის დაპატიმრების ან მოკვლისთვის დაწესდა ჯილდო 700 მანეთი. ჯილდოს დაწესებამ შედეგი გამოიღო. იმავე თვეში პოლიციას აცნობეს მიქელაშვილის გეგმების და ადგილსამყოფლის შესახებ. მიქელაიშვილი სხვა 8 ფირალთან ერთად აპირებდა ბასილეთის სასოფლო საზოგადოების მამასახლისის დაყაჩაღებას, როდესაც ამ უკანასკნელს აკრეფილი სახელმწიფო გადასახადები უნდა გადაეტანა. პოლიციამ გაიგო ფირალების განზრახვის შესახებ და 13 პოლიციელით ალყა შემოარტყა მათ სახლს. ორმხრივი სროლის დროს მოკლეს ფირალები სალუქვაძე და ამაღლობელი, დაიჭირეს ღლონტი, მაგრამ გაქცევა მოახერხა ბანდის ხელმძღვანელმა, მიქელაიშვილმა[3][4] 1892 წლის 29 აგვისტოს მიქელაიშვილი თავს დაესხა ჩოხატაურის ბაზარს, წაიღო 800 მანეთამდე ფული და 1000 მანეთის ღირებულების ნივთები.[5]თავდასხმის დროს ერთი ფირალი მოკლეს.[6][7]
დათუნაიშვილის დასაჭერად პოლიციამ რეპრესიების კიდევ უფრო გააძლიერა და მის მშობლიურ სოფელ მელექედურში მამსახლისად გაგზავნა ს. წერეთელი, რომლისთვისაც მოსახლეობას წელიწადში 1000 მანეთი უნდა ეძლია, რაც მოსახლეობისთვის დიდი ტვირთი იყო. მთავრობა აპატიმრებდა ყველას, ვინც მის მფარველობაში იყო ეჭვიმატინილი. ასე დააპატმრეს სამი ძმა კეკელიძე ქუთაისში. დათუნაიშვილი მათ სასამართლოზე მღვდლის ანაფორაში ჩაცმული გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ის ვერ იცნეს, ბრალდების მოწმეებმა კი იცნეს და ჩვენების მიცემის შეეშინდათ. 1893 წლის დასაწყისში მისი თანამზრახველები ჟღენტი და შავიშვილი ოზურგეთის ციხიდან გაიქცნენ.[8]
1893 წელს მიქელაიშვილი იმერეთში გადავიდა და იქ განაგრძო ყაჩაღობა. იმალებოდა ქუთაისში.[9] ნოემბერში გაძარცვა დილიჟნით მგზავრობის დროს ვაჭრები სადგურ ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობისას და 600 მანეთი წაართვა[10]ხელისუფლება კვლავ ცდილობდა მის დაჭერად. მიქელაიშვილის დასაჭერად წასული იყო შემოქმედის მამსახლისიც.[11] დეკემბერში მან ექვს სხვა ყაჩაღთან ერთად ხონში დააყაჩაღა ვაჭარი, რომელსაც 200 თუმანი, აბრეშუმი და ნაბდები წაართვეს.[12]
მიქელაიშვილი გასცა ვინმე ბურძგლამ, რომელიც მანამდე სისონა დარჩიას საყვარელი იყო. მიქელაიშვილი აკეთში, აზნაურ ვარდენ მგელაძის სახლში იმალებოდა. ბურძგლამ მიქელაიშვილის ადგილსამყოფელი შეატყობინა ვაჭარ ჩხაიძეს, ამ უკანასკნელმა კი მილიციას. მიქელაიშვილს თავს დაესხნენ ბათუმის პოლიციის უფროსი აბდუშელიშვილი და ოზურგეთის მაზრის უფროსის მოადგილე დადეშქელიანი. ორმხრივი სროლის შემდეგ სახლს ცეცხლი გაუკიდეს. მიქელაიშვილი მარცხენა თვალში დაიჭრა, გაქცევისას კი ხანჯლით მოკლეს.[13]
1902 წელს გაზეთი ივერია დათა მიქელაიშვილს აყენებდა არსენა ოძელაშვილის, კაკო ყაჩარისა და სიმონა დოლიძის გვერდით.[14]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე ი., „გურული ფირალები“, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2008. — გვ. 59-68, ISBN 978-9941-403-95-8.
- ხინთიბიძე ა., „გურული ფირალები“, თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, 1938. — გვ. 70-81.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზეთი „ივერია“ N55 გვ. 2 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N84 გვ. 2 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N126 გვ. 1 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N130 გვ. 3 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N188 გვ. 3 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N190 გვ. 3 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N232 გვ. 3 1892 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N26 გვ. 2 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N237 გვ. 2 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N246 გვ. 1 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N271 გვ. 2 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N272 გვ. 2 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N282 გვ. 2 1893 წ.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N246 გვ. 3 1902 წ.