სისონა დარჩია (დ. 1860, ჯუმათი — გ. თებერვალი, 1891, ლესა) — ქართველი ფირალი.

სისონა დარჩია
Mekhuzla and Darchia.jpg
სისონა დარჩია (მარჯვნივ) ნიკოლოზ მეხუზლასთან ერთად
დაბ. თარიღი 1860
დაბ. ადგილი ჯუმათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი თებერვალი, 1891
გარდაცვალების ადგილი ლესა
გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება, სხვა ვერსიით სიფილისი
დაკრძალულია დღონაურის ეკლესია
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა ვლადიმერ ჟღენტი, ილარიონ დათუნაიშვილი
ცნობილია, როგორც ფირალი
მამა სესიკა დარჩია
დედა აზნაურ ტუსკიას ქალი
დაპატიმრების თარიღი 1888
განაჩენი 12 წელი კატორღა
იარაღი ყამა, ბერდენა
მკვლელობების არეალი გურია
გაიქცა 1888
გაქცევის დასასრული 1888

ბიოგრაფიარედაქტირება

დარჩიას დაბადების თარიღია დაახლოებით 1860 წელი. იყო საშუალო ტანის, შავგრემანი, შავ წვერ-ულვაშიანი. სხვადასხვა მონაცემებით, მუშაობდა ბათუმის ქარხნებში, მაგრამ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. ჰყავდა ძმები, ვასილა, კოხტა და სოლომონი. სისონა ფირალად მეზობლის დაჭრის შემდეგ გავარდა. ერთხელ უბრალო შელაპარაკების გამო ვასილამ დუქანში სცემა მეზობელი გიგო ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილმა შური იძია და ოზურგეთში ცოლის მოსაყვანად ჩასული კოხტა აცემინა. 1886 წლს დარჩიების მამა სესიკამ ახალ წელს დღონაურის ეკლესიაში ხანჯალი დაარტყა გიგო ჩხარტიშვილს. გაქცეულ ჩხარტიშვილს სისონამ რევოლვერით ესროლა, მაგრამ მამამისს მოარტყა.[1] ამ ინციდენტის შემდეგ ვასილა და სისონა დარჩიები ფირალად გავარდნენ, ხოლო კოხტა და სოლომონი დაიჭირეს და ციხეში გარდაიცვალნენ. ეს მოხდა 1886 წელს. ამის შემდეგ დაჭერამდე სისონა დარჩიამ ორი წელი იფირალა.

დარჩიები თავად ესე გურიელის მამულში ცხოვრობდნენ, მისი ყმები იყვნენ და მის სათუთუნეში მუშაობდნენ. დარჩიებს გურიელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხანს გაფირალებული სისონა მასთან ათევდა ღამეს. მაგრამ გურიელიც აჰყვა მილიციას თავის უკეთ გამოსაჩენად და დარჩიების დევნა დაიწყო.სამაგიეროდ სისონამ და ვასილამ გურიელის ცოლი და ქალიშვილი გაიტაცეს ჯუმათში. დარჩიამ პირველი თავდასხმა ესე გურიელის მოურავ ანდრია ჩიკაშუაზე მოაწყო. ანდრია ჩიკაშუა ფირალის მიერ მოკლული პირველი მოურავი იყო. ესე გურიელმა და მაზრის უფროსმა დაგოროვმა შეკრიბეს „ზემსკაია სტრაჟა“ და გამოუდგნენ ფირალებს, მაგრამ უშედეგოდ. სისონა და ვასილა დარჩიებს ნასაკირალის გადასასვლელზე „საბაჟო“ ჰქონდათ მოწყობილი და გამვლელ-გამომვლელს ფულს ართმევდნენ.

1888 წელს დათა მიქელაიშვილის და თედორე ასკურავას ბათუმის ციხიდან გაქცევის საქმეზე დაიჭირეს სისონა დარჩია და ოზურგეთში გადაიყვანეს. დარჩია ოზურგეთის ციხიდან 1888 წლის ბოლოს დარჩია საპატიმროდან გაიპარა. ესე გურიელმა სისონას ბიძა, ყალბი ფულის მჭრელი და მისი ძმა ვასილა დააჭერინა სისონას მისატყუებლად. ამის შემდეგ დარჩია თავად ჩაბარდა ლანჩხუთის ბოქაულს, რომელმაც ის მაზრის უფროსს წარუდგინა და ოზურგეთში ციხეში ჩასვეს. დარჩია კვლავ გაიპარა და აღმოჩნდა რომ საპატიმროსთან ახლოს თავლაში იმალებოდა და ჭრილობას მკურნალობდა, მალე მიაგნეს და დაიჭირეს.[2]სისონა და ვასილა დარჩიებს 12 წელი კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ ექვსი თვის თავზე ისინი გაიქცნენ. დარჩიებმა სატუსაღოში გვირაბი გათხარეს და სამშვიდობოზე გასულები ფირალ ვლადიმერ ჟღენტთან დაიმალნენ.[3]

1889 წლის სექტემბერში დარჩიების რძალმა აღათიამ და გურიელის მოურავმა მიხეილ ნინიძემ მილიციას შეატყობინეს რომ დარჩიები მეგობარ, უვადო კატორღამისჯილ ილარიონ დათუნაიშვილთან ერთად იმალებოდნენ ჯუმათში, საკუთარ სახლში. თავდასხმის ორგანიზატორი იყო ესე გურიელი. 7 სექტემბერს მაზრის უფროსმა 60 პოლიციელთან ერთად ალყა შემოარტყა სახლს, სადაც ფირალები საუზმობდნენ. მიმხდურებმა ატეხეს სროლა. ფირალებმა ოთხი კაცი მოკლეს, მათ შორის ნინიძე, დაიჭრა გურიელის ვაჟი ლევანი. ვასილა დაიჭრა და მილიციამ მოკლა, დათუნაიშვილი კოჭში დაიჭრა და დაიჭირეს, სისონა დარჩიამ კი გაქცევა მოახერხა.[4][5] მიუხედავად საშიშროებისა, სისონა ძმის დაკრძალვაზე მივიდა, რაც ასახულია მის შესახებ ხალხურ ლექსში.

სისონა დარჩიას სახელით ბევრი ავაზაკობდა და ყაჩაღობდა. ერთხელ სტრაჟამ დარჩიას სახელით ექიმი გაძარცვა, ჯუმათის მონასტრის ბერი ამბერკი ჩხარტიშვილი კი სისონათ მიიღეს და მოჰკლეს. ცნობილია შემთხვევა, როდესაც სახეახვეულმა ყაჩაღებმა სისონა და ვასილ დარჩიების სახელით გაძარცვეს აცანელი მექოთნეები, წაართვეს სპილენძის ფული. ეს გაიგო სისონამ, მოძებნა ყაჩაღები და მაგრად გალახა, ერთს კი ყურის ბიბილო მოაჭრა — როდის იყო ჩვენ ხალხს ვძარცვავდითო. ერთ ოზურგეთელ ვაჭარს მიუვიდა წერილი, დარჩიას მიერ ხელმოწერილი, რომელიც მისგან ფულს ითხოვდა. ვაჭარმა შეატყობინა პოლიციას, რომელმაც ფული მიიტანა დანიშნულ ადგილას და თან უყარაულა დარჩიას, მაგრამ ფულის ასაღებად დარჩია კი არ მივიდა, არამედ სულ სხვა კაცი.[6]

1890 წელს სისონა დარჩია იმალებოდა სოფელ ლესაში, ვინმე კუნჭულიას ოჯახში. ეს გაიგო პოლიციამ და დაესხა თავს კუნჭულიას ოჯახს, მაგრამ სისონა დარჩია უკვე გაქცეული იყო.[7] დარჩიას დასაჭერად ხელისუფლება მოსახლეობაზე რეპრესიებს აძლიერებდა, თუმცა დარჩიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და მას არ ღალატობდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის სისონა დარჩია ყველაზე სახელგანთქმული ფირალი იყო. დარჩია მხოლოდ გურიით არ შემოფარგლებოდა, ის სამეგრელოსა და ქვემო იმერეთშიც ყაჩაღობდა. 1890 წლის აგვისტოში მან სამტრედიში აფთიაქი გაძარცვა[8] მისი ისე ეშინოდათ, რომ 10-15 პოლიციელიც კი თავს არ ესხმოდა, სოფლის ყარაულები კი იარაღს მალავდნენ მისი შიშით.[9]დარჩია ფირალობდა ილარიონ დათუნაიშვილთან ერთად ამ უკანასკნელის დაჭერამდე.[10]1890 წლის ოქტომბრისთვის ხელისუფლებამ 4-5 ადამიანი დააპატიმრა დარჩიასთან თანამშრომლობის გამო. ხმები დადიოდა, რომ კიდევ 30-მდე პირის დაპატიმრებას აპირებდნენ[11]

დარჩიას ჰყავდა ამხანაგი მიხეილ ანთაძე, რომელიც შპიონი იყო. ანთაძის ხელით დარჩია პრისტავს ქრთამს აძლევდა, რათა ამ უკანასკნელს არ შეეწუხებინა. ერთხელ გუბერნატორისგან პრისტავმა მოთხოვნა მიიღო, რომ დარჩია აუცილებლად დაეჭირა, თორემ თანამდებობას დაკარგავდა. პრისტავი მოურიგდა ანთაძეს. მან 1890 წლის ივნისის ბოლოს დარჩია სუფსის ხიდთან მიიყვანა, უთხრა, მხოლოდ პრისტავი იქნება, გესვრის და აგაცილებსო. ხიდთან დარჩიას 10-12 კაცის ჩასაფრება დახვდა. დარჩიამ გაქცევა მოახერხა, ზოგი ვერსიით მან მდინარეში ნაბადი გადააგდო, ჩასაფრებულებს ნაბადი ადამიანი ეგონათ და სროლა აუტეხეს, სხვა ვერსიით კი მაღალი ხიდიდან გადახტა. დარჩია ასევე გადაურჩა პრისტავ ჯაფარიძის თავდასხმას ლანჩხუთში. ერთხელ ის დაუსხლტა დიდ რაზმს, ნაბადი ჩააცვა ხბოს და ხანჯლით დაჭრა. მდევრებს ნაბდიანი ხბო დარჩია ეგონათ. დარჩიამ მათ გზაკვალი აუბნია და გაიქცა. 1891 წლის იანვრისთვის ის კვლავ ფირალობდა გურიას, სამეგრელოსა და იმერეთში[12]

გარდაიცვალა 1891 წლის თებერვალში, ოფიციალური ცნობით, პოლიციის ბოქაულმა ჯაფარიძემ მოკლა ჯურუყვეთში.[13] თუმცა ოფიციალური ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევა. მისი სიკვდილის შესახებ სამი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით ლესაში. მეგობრის, ვლადიმერ ჟღენტის მოგონებით სიფილისით გარდაიცვალა ლესაში, ვახტანგ გურიელის მამულში. მესამე ვერსიით ის ანაკლიაში იყო, როცა თავს დაესხნენ. დარჩია გრიგოლეთში გაიქცა, გზაში ავად გახდა და ბიძაშვილმა, ალექსანდრე დარჩიამ ხაჯალიამდე მიიყვანა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დარჩიას სიკვდილი გამოიყენეს ბოქაულმა და მამასახლისმა. მათ დარჩია მათ მიერ მოკლულად გამოაცხადეს. დარჩიას გვამს თოფი ესროლეს, მაგრამ რამდენიმე დღის მკვდარს სისხლი არ წამოუვიდა, ამიტომ მამალი დაკლეს და სისხლი დაასხეს. მამასახლისმა ჯვარი, ბოქაულმა კი მედალი მიიღო, მაგრამ მალე ყველაფერი გამოაშკარავდა და თაღლითებს ჯილდოები ჩამოართვეს. დარჩიას გვამი დღონაურის ეკლესიაში დაკრძალეს, საიდანაც დაიწყო მისი გაფირალება.

პოპულარულ კულტურაშირედაქტირება

სისონა დარჩიას ცხოვრებაზეა ნაწილობრივ დაფუძნებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „სიმონა“.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 74-89. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 55-69. 

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება