გურჯაანი (ღვინო)
გურჯაანი — ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15 %-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.
ღვინო „გურჯაანი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.
ღვინო „გურჯაანის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,5 %-ს, შაქრის მასიური კონცენტრაცია — არაუმეტეს 3 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის, კონცენტრაცია — არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია — არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია — არაუმეტეს 30 მგ/დმ³.
გურჯაანის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს 1151,5 ჰა-ს.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანი მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში. მიკროზონის უკიდურესი წერტილების სიმაღლეები ზღვის დონიდან 250-1000 მ-ის ფარგლებში იცვლება. მოიცავს შიდა კახეთის სოფლების: ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფელ გურჯაანის, გურჯაანის საგარეუბნო ზონის, კოტეხის, ჩუმლაყის, შაშიანის, კალაურის და ვაჩნაძიანის ტერიტორიის ზედა ნაწილს, ალაზნის ვაკის მეორე ტერასიდან დაწყებული და ვრცელდება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ღვინის ეროვნული სააგენტო დაარქივებული 2021-05-11 საიტზე Wayback Machine.