ივანე გურიელი
ივანე გურიელი (დ. 1772 (ნაკლებად სარწმუნო ვერსიით, 1770), მოგილიოვი — 1818) — წარმოშობით ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1803).
ივანე გურიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1770 მოგილოვი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1818 |
ეთნიკურად | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | სამხედრო მოღვაწე |
წოდება | გენერალ-მაიორი |
მშობლები | მამა: სტეფანე გურიელი |
ნათესავები | ქაიხოსრო III გურიელი (ბაბუა) |
ჯილდოები |
წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი წმინდა გიორგის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქართველი ემიგრანტების ოჯახში, იყო შვილიშვილი ქაიხოსრო III გურიელისა და შვილი სტეფანე გურიელისა. ივანე გურიელი 1780 წელს ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში. 1782 წელს, 10 წლის ასაკში გახდა სერჟანტი. 1786 წელს გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1787-91 წლების ომში. 1789 წელს გაიკურსა და სალკუცთან (მოლდავეთი) ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პორუჩიკის წოდება მიენიჭა. 1790 წელს ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით იბრძოდა ბერლიტთან, გალაცთან, ტარგუსთან, რიმნიკთან და სხვა ბრძოლებში. 1791 წლის 11 დეკემბერს რიმნიკთან ბრძოლის შემდეგ მიიღო კაპიტნობა, სეკუნდ-მაიორის წოდება და სხვა ჯილდოები. 1791 წლის 18 ივნისს მონაწილეობდა მაჩინთან ბრძოლაში. 1792-94 წლებში კვლავ სუვოროვისხელმძღვანელობით მონაწილეობდა პოლონეთთან ომში, კერძოდ კი შემდეგ ბრძოლებში: 1792 წლის 7 ივნისს დუბიანკასთან, 1794 წლის 23 მაისს ლიპკასთან და სლონიმთან, 24 დეკემბერს მონაწილეობდა პრაგის იერიშით აღებაში. 26 დეკემბერს თავისი შენაერთით შევიდა ვარშავაში. ამ ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის მიიღო პრემიერ-მაიორობა.
ივანე გურიელმა ცოლად შეირთო ამალია ივანეს ასული სესტრენცევიჩი. 1802 წელს ეყოლათ ერთადერთი შვილი დარია. მომდევნო წლებში გურიელი მსახურობდა ფანაგორიის გრენადერთა პოლკში. 1799 წელს მიიღო პოლკოვნიკობა. 1803 წელს 31 წლის ასაკში მიიღო გენერალ-მაიორობა და ვოლინის პოლკის უფროსად დაინიშნა. 1803-1812 წლებში სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი იყო და ცხოვრობდა საკუთარ მამულში, მოგილიოვის გუბერნიაში. ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა საფრანგეთ-რუსეთის ომის თითქმის ყველა ბრძოლაში რომანოვთან (2 ივლისი), ოსტრავის (13 ივლისი), კაკუვაჩინის (14 ივლისი), მირის (27-28 ივლისი) ბრძოლებში. ამ ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის მიენიჭა წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი. მონაწილეობდა 8 აგვისტოს სმოლენსკთან და 26 აგვისტოს ბოროდინოს ბრძოლებში, სადაც მეთაურობდა 23-ე დივიზიის ბრიგადას. ბოროდინოში გმირობისთვის მან მიიღო წმინდა ანას I კლასის ორდენი.
გურიელი მონაწილეობდა ტარუტინოსა და ვიაზმის ბრძოლებში. ამ ბრძოლებში გამოჩენილიმამაცობისთვის ალექსანდრე I-სგან მიიღო ალმასებით შემკული ოქროს დაშნა წარწერით „მამაცობისთვის“. 1813-1814 წლებში მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში პოლონეთში, საქსონიაში, თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, ლებაუს, ლანტენბერგის, კომბლენცის, მაინცისა და სხვა ბრძოლებში; ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტრის მაღლობი. ამისთვის მიიღო წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი. 1814 წელს მიიღო პრუსიის ჯილდო წითელი არწივის II კლასის ორდენი. იმავე წელს მიიღო წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.
ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, იყო მამაცი. ერთხელაც არ დაჭრილა, რასაც წმინდა სტეფანეს ხატს მიაწერდა. მოულოდნელად გარდაიცვალა 1818 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 314.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 218.
- ჩხატარაიშვილი ქ., გენერალი ივანე გურიელი // ცისკარი, თბილისი, 1973, № 5, გვ. 155-158.