გუგი (არქიტექტურა)

(გადამისამართდა გვერდიდან გუგი)

გუგი (ინგლ. Googie, ასევე პოპულუქსი ან დუ-უოპი - populuxe, doo-wop) — ექსპრესიონისტული, ფუტურისტული არქიტექტურის განშტოება, რომელიც კალიფორნიაში წარმოიშვა 1940-იანი წლების ბოლოს სამანქანო კულტურის, კოსმოსისა და ატომის ხანის ზეგავლენით და გრძელდებოდა 1960-იანი წლების ბოლომდე. მახვილი, მორკალული გეომეტრიული ფორმებით, მინის, ლითონისა და ნეონის ელემენტების თამამი გამოყენებით ის ყავის სახლების, მოტელებისა და საბილიარდო/ბოულინგის ბარების დამახასიათებელი ექსტერიერი გახდა 1950-იან და 60-იან წლებში. ეს სტილი ერთგვარი სინონიმი გახდა იმ თაობის სულისკვეთების, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა ამომავალ, კაშკაშა ტექნოლოგიურ, ფუტურისტულ ხანას.

სიეტლში მსოფლიო ექსპოზიციისთვის აგებული სპეის ნიდლი, 1962.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა რომ მომავალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ეს ამ მიმდინარეობის თანამედროვე ფუტურისტულ ანიმაციურ სიტკომებში იყო ასახული. შესაბამისად ამ სტილმაც ფუტურისტული ელფერი დაკარგა და ფასდაუდებელი გახდა. თუმცა, 1930-იანი წლების არტ-დეკოს სტილის მსგავსად, გუგის მისი თანამედროვეები სათანადოდ ვერ აფასებდნენ, სანამ ამ მიმდინარეობის მრავალი საუკეთესო ნიმუში სამუდამოდ არ დაიკარგა.

ტერმინი

ალან ჰესის წიგნში „გუგი: ორმოცდაათიანების ყავის სახლების არქიტექტურა“, სახელი „Googie“ დასაბამს 1949 წელს იღებს, როდესაც არქიტექტორმა ჯონ ლოტნერმა შექმნა შენობა ამავე სახელწოდების ყავახანისთვის (Googie's), მკვეთრად გამორჩეული არქიტექტურული ელემენტებით. ეს ყავახანა სანსეტ ბულვარისა და კრესცენტ ჰაიტსის კუთხეში მდებარეობდა ლოს-ანჯელესში, თუმცა დანგრეულ იქნა 1980-იან წლებში. ჰესის თანახმად სახელი „გუგი“ აკვიატებული რუბრიკა გახდა არქიტექტურული სტილისთვის ერთ დღეს, როცა იელის პროფესორი დუგლას ჰასკელი და ფოტოგრაფი იულიუს შულმანი ლოს-ანჯელესში მანქანით მგზავრობდნენ. „Googie's“-ს დანახვაზე ჰასკელს მანქანის გაჩერება დაუჟინია და აღტაცებულმა განაცხადა „ეს გუგის არქიტექტურაა“. ამ სტილს ეს სახელი საბოლოოდ შერჩა ჰასკელის მიერ 1952 წელს ჟურნალში „House and Home“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.

ისტორია

 
სიეტლის "სპეის ნიდლი" (დეტალი).

ამ სტილის პირველი არქიტექტორის ვინაობა საკამათოა, თუმცა ამ რანგში ხშირად მოიხსენიებენ უეინ მაკალისტერს მისი 1949 წელს შექმნილი პროექტით რესტორნისთვის „Bob's Big Boy“ ტოლუკა ლეიკში. მაკალისტერის გვერდით ყველაზე ნაყოფიერი გუგის სტილის არქიტექტორები იყვნენ ჯონ ლოტნერი, დუგლას ჰონოლდი, და პარტნიორები ლუი არმეტი და ელდონ დეივისი. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიზაინერ ჰელენ ლიუ ფონს, არმეტ და დეივისის ფირმის მთავარ წევრს. ფირმაში 1951 წელს მოსვლის შემდეგ მან შექმნა ისეთი სანიმუშო გუგის სტილის ინტერიერები, როგორიცაა Johnie's Coffee Shop უილშირის ბულვარსა და ფეარფაქს ავენიუზე, ნორმის პირველი რესტორანი ფიგეროას ქუჩაზე და „ჰოლიდეი ბოული“ კრენშოუ ბულვარზე.

გუგის არქიტექტურის უნიკალურ სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა ამერიკელთა კოსმოსში მოგზაურობით გატაცებამ იქონია. კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაზე მოსაზრებები უკვე 1920-იანი წლების მეცნიერულ ფანტასტიკაში გაჩნდა. ხოლო 1950-იანებში პირველად ისტორიაში კოსმოსში ადამიანის მოგზაურობა რეალობა გახდა. 1957 წელს ამერიკელთათვის ეს თემა უკვე აკვიატებული იდეა გახდა, როცა საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ-1 გაუშვა კოსმოსში „იდუმალი წყვდიადის“ დასაპყრობად. საბჭოთა კავშირის მიერ 1961 წელს დედამიწის ორბიტაზე პილოტირებადი ხომალდის „ვოსტოკ-1“ გაშვების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში პირველი ადამიანი - იური გაგარინი - აიყვანა, ეს აკვიატებული იდეა უკვე თითქმის საყოველთაო მანიად გადაიქცა. ეიზენჰაუერისა და კენედის ადმინისტრაციებმა კოსმოსში პირველობაზე წითლებთან შეჯიბრი უმნიშვნელოვანს ეროვნულ პიორიტეტად გამოაცხადეს. ეს იყო „კოსმოსური რბოლის“ დასაწყისი.

ვინაიდან კოსმოსის დაპყრობა ეროვნული „ცაიტგაისტის“ ამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, მასებისთვის მომავლის ცოტაოდენი „გემოს გასინჯვის“ საშუალება მიეცათ. ამგვარად, გუგის სტილის ერთგვარი ხელწერა მახვილი კუთხეები და მორკალული ფორმები გახდა, რაც სარაკეტო ხომალდის აეროდინამიულობას მიანიშნებდა. ასევე, ვინაიდან რაკეტა იმ დროისთვის ტექნოლოგიური სიახლე იყო, ეს ფორმები ამ უნიკალურ არქიტექტურაში ხშირად გაზვიადებულ გამომწვევ ხასიათს ატარებდა. გუგის მემკვიდრეობის ყველაზე განთქმულ ნიმუშად უდავოდ სიეტლის სპეის ნიდლი (ინგლ. კოსმოსური ნემსი, სურათზე ზემოთ) ითვლება.

ზოგისთვის ტერმინი გუგი ასოცირდება ესთეტიკურად განდგომილ, გარიყულ არქიტექტურულ სტილთან. სხვათათვის კი გუგი მომავლისადმი იუმორისა და ენთუზიაზმის გონებამახვილი ასახვაა არქიტექტურულ სტილში, რომელსაც აწ უკვე წარსული პერიოდის სასიამოვნო მოგონება მოაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს სტილი დროთა განმავლობაში მოდიდან გავიდა და მისი ნიმუშების დიდი რაოდენობა სრულიად განადგურდა, შეცვალა რა უფრო ფუნქციონალურმა, თუმცა გუგის კიტჩურ შარმს მოკლებულმა, ნაგებობებმა.

მახასიათებლები

 
სარეკლამო ფირნიშა

გუგის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნები იყო გამოკვეთილი დეტალების სიუხვე, მახვილი კუთხეები, ილუმინირებული პლასტიკური პანელები, თავისუფალი ფორმის გამონაკვეთები და შვერილები შენობებზე, რაც სრულიად მიუღებელი იყო მოდერნისტი არქიტექტორებისთვის, თუმცა მან დამცველები ჰპოვა პოსტმოდერნისტულ გარემოში მე-20 საუკუნის მიწურულს.

საერთო ელემენტები, რომლებიც ზოგადად განსაზღვრავს გუგის სხვა არქიტექტურული ფორმებისგან არის:

  • სახურავები ცალ მხარეს ატყორცნილი კუთხით - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი, რომლითაც არქიტექტორები თავს იწონებდნენ, და რაც ნაგებობას განუმეორებელ ფორმას ანიჭებდა. მრავალი გუგის სტილის ყავის სახლების და სხვა დაწესებულებების შენობების სახურავი 2/3-ით ინვერტული ჩაზნექილი სამკუთხედის ფორმისაა. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში განთქმული, თუმცა აწ დახურული, ჯონის ყავახანაა უილშირის ბულვარზე ლოს-ანჯელესში.
  • ვარსვკლავთცვენა (starbursts, უფრო ზუსტად - ვარსკვლავთფრქვევა) - ორნამენტი, რომელიც თითქმის ყველა გუგის სტილის ნამუშევარში მეორდება, რაც მასზე კოსმოსის ეპოქის გავლენაზე მეტყველებს. ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნიმუშია ფირნიშა „Welcome to Fabulous Las Vegas“ (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თვალისმომჭრელ ლას-ვეგასში), რომელიც ამჟამად უკვე საქვეყნოდ არის განთქმული.
 
წარწერა ლას-ვეგასის შესასვლელთან

გუგის სტილის ენამახვილი აღწერა ეკუთვნის არქიტექტურის პროფესორ დუგლას ჰასკელს. მისი თქმით „თუ ის ჩიტს ჰგავს, მაშინ ეს გეომეტრიული ჩიტი უნდა იყოს“. თუმცა ერთი შეხედვით ისინი მიზიდულობის კანონს ეწინააღმდეგება, ჰასკელი აღნიშნავს, რომ „შეძლებისდაგვარად ეს შენობები ცაზე უნდა იყვნენ გამოკიდული“. ასევე აღსანიშნავია, რომ გუგი არ გამოირჩევა სინატიფით, ვინაიდან მისთვის ყოვლისმომცველობა, და არა მინიმალიზმი, არის ცენტრალური ნიშან-თვისება.

გუგის სტილის ყველაზე განთქმული შენობაა Theme Building-ი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტთან, ჯეიმზ ლანგენჰაიმის პროექტით აგებული 1961 წელს.

ერთ-ერთი უკანასკნელი და უდიდესი გუგის სტილის „დრაივ-ინ“ რესტორანი „ჯონის ბროილერ“-ი დაუნიში, კალიფორნია, ნაწილობრივ დანგრეულ იქნა 2007 წელს.

გავლენა

გუგიმ დიდი გავლენა იქონია რეტროფუტურიზმზე. ეს ერთგვარი მულტიპლიკაციური სტილი სათანადოდ არის ასახული ჯეტსონების ანიმაციებში, ხოლო თავდაპირველი დისნეილენდის თემა ანაჰაიმში, კალიფორნია, გუგის თუმოროულენდი (მომავლის ქვეყანა) იყო[1]

გუგის სამი კლასიკური გავრცელების არეალი იყო:

გუგის სტილი ასევე შთაგონების წყარო გახდა მიზანცსენის გაფორმებისთვის ანიმაციურ ფილმში The Incredibles.

თვალში საცემი გუგის სტილი საკარნავალო იერში სწრაფად მოედო მრავალზოლიან ავტოსტრადებს, მოტელის არქიტექტურას და ყველაზე მეტად საგზაო ნიშნებს. გუგის მთავარი სულისჩამდგმელი მცირე ბიზნესის მფლობელები იყვნენ, რომელთათვისაც ეს მყვირალა სტილი თავის გამოჩენის ხელმისაწვდომი საშუალება იყო, თუმცა სიეტლის სპეის ნიდლი უკვე „დაწესებულების გუგის“ რანგში ადის.

გალერეა

ლიტერატურა

  • (ინგლ.) "Learning from Las Vegas", Robert Venturi, 1972
  • (ინგლ.) "Googie Redux", Alan Hess, 2005
  • (ინგლ.) "Mimo: Miami Modern Revealed", Eric P. Nash and Randall C. Robinson, Jr. 2004
  • (ინგლ.) "Orange Roofs, Golden Arches", Philip Langdon 1986
  • (ინგლ.) "Southern California in the 50s", Charles Phoenix 2001
  • (ინგლ.) "Los Angeles Neon", Nathan Marsak and Nigel Cox 2002

სქოლიო

  1. თუმოროულენდი კვლავაც განსაზღვრავს გუგის არქიტქტურას ისეთ ნიმუშებში, როგორიცაა Tomorrowland Terrace, Pizza Port, and Disneyland Railroad station.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.