იური გაგარინი

(გადამისამართდა გვერდიდან გაგარინი, იური)

იური ალექსის ძე გაგარინი (რუს. Юрий Алексеевич Гагарин; დ. 9 მარტი, 1934, სოფ. კლეშინო, გჟატსკის რაიონი, სმოლენსკის ოლქი — გ. 27 მარტი, 1968, სოფ. ნოვოსიოლოვოსთან) — რუსი საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (14 აპრილი, 1961)[1], სკკპ წევრი 1960-იდან. დაიბადა კოლმეურნის ოჯახში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი და მუშა ახალგაზრდობის სკოლა, 1955 სარატოვის ინდუსტრიული ტექნიკუმი. ამ ტექნიკუმში სწავლისას გადადგა პირველი ნაბიჯები ავიაციაში. 1957 წელს დაამთავრა ორენბურგის (იმ დროისთვის - ჩკალოვი) მფრინავთა I სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და მსახურობდა წითელდროშოვანი ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. 1960 წელს გაგარინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გამანადგურებელი მფრინავი, ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში. 1968 წლის თებერვალში წარჩინებით დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია მოსკოვში.

იური ალექსის ძე გაგარინი

გაგარინი 1961 წელს
მშობლიური სახელი Юрий Алексеевич Гагарин
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1934
სმოლენსკის ოლქი, რუსეთის სფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 1968
დაკრძალულია წითელი მოედანი, რუსეთის ფედერაცია
სიმაღლე 157 სმ
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი

1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „ვოსტოკ-1“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „ვოსხოდ-1“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, 1966-იდან ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.

ტრაგიკულად დაიღუპა საწვრთნელი ფრენის დროს, ვლადიმირის ოლქის სოფ. ნოვოსიოლოვოსთან (დაღუპვის შესახებ არსებობს სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსიები). დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, ნეკროპოლში კრემლის კედელთან. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სმოლენსკის ოლქის ქ. გჟატსკს დაერქვა ქ. გაგარინი და სმოლენსკის ოლქის გჟატსკის რაიონს გაგარინის რაიონი. ი. ა. გაგარინის სახელი მიეკუთვნა წითელდროშოვან კუტუზოვის ორდენოსან სამხედრო-საავიაციო აკადემიას მონინოში. გაგარინის სახელი ეწოდა მთვარის ერთ-ერთ კრატერს, აგრეთვე ერთ-ერთ მცირე პლანეტას.

1968 წელს ავიაციის საერთაშორისო ფედერაციამ (ფაი) დააწესა ი. გაგარინის სახელობის ოქროს მედალი.

საფოსტო მარკები და მონეტები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება