„ვოსხოდ-1“ (რუს. «Восход-1») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ვოსხოდ“-ის სამადგილიანი კოსმოსური ხომალდი. კოსმოსში იფრინა 1964 წლის 12 ოქტომბერს.

„ვოსხოდ-1“-ის კაფსულა მუზეუმში

ხომალდის მასა 5320 კგ. ორბიტაზე გაიყვანეს 1964 წლის 12 ოქტომბერს ვ. კომაროვის მეთაურობით. ხომალდში იყვნენ აგრეთვე მეცნიერი თანამშრომელი კ. ფეოქტისტოვი და ექიმი ბ. ეგოროვი. ორბიტის პერიგეუმის სიმაღლე იყო 177.5 კმ, აპოგეუმისა — 408 კმ. იფრინა 1 დღე-ღამე და დაეშვა კუსტანაიდან 312 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთით. კონსტრუქციისა და მოწყობილობის მიხედვით „ვოსხოდ-1“ განსხვავდებოდა „ვოსტოკის“ სერიის კოსმოსური ხომალდებისაგან. „ვოსხოდს“ ჰქონდა რბილად დაჯდომის სისტემა, აგრეთვე სარეზერვო სამუხრუჭო ძრავიანი ხელსაწყო, ახალი აპარატურა (იონურგადამწოდიანი დამატებითი საორიენტაციო სისტემა, გაუმჯობესებული სატელევიზიო და რადიოტექნიკური აპარატურა და სხვა). ფრენის მიზანი იყო მრავალადგილიანი პილოტირებული კოსმოსური ხომალდის გამოცდა ჯგუფური ფრენის დროს, კოსმონავტთა შრომისუნარიანობის გამოკვლევა, ფიზიკურ-ტექნიკური და სამედიცინო-ბიოლოგიურ გამოკვლევათა გაფართოებული პროგრამის ჩატარება და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Voskhod 1. Encyclopedia Astronautica. ციტირების თარიღი: 2008-08-10.