გრიგოლ ვენაძე
გრიგოლ იობის ძე ვენაძე (ნამდვილი გვარი – ინაშვილი; დ. 25 იანვარი, 1896, თბილისი, — გ. 22 ივლისი, 1968, იქვე) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1941),[1] საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). მომღერლების, ალექსანდრე ინაშვილის და ანტონ ინოველის ძმა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მუშის ოჯახში. დაამთავრა რკინიგზის სასწავლებელი და მუშაობდა ზეინკლად ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1913 წლიდან მონაწილეობდა ნაძალევიდეს სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში; პარალელურად, იყო ხალხური სიმღერების გუნდის სოლისტი, მოგვიანებით — ოპერეტის დასის წევრი.
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ე. რიადნოვის კლასი, 1924). 1925–1941 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს თბილისის საოპერო სცენაზე ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია: მურმანი, კაიზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ჟერმონი (ჯ. ვერდის „ტრავიატა“) და სხვ.
1940-იან წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ფილარმონიას, 1953 წლიდან იყო თბილისის ცირკის დირექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დაჯილდოვებულია იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994. — გვ. 150.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. — გვ. 222.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 246.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრიგოლ ვენაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ ვენაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)