გრიგოლ (გიგო) დიასამიძე (დ. 25 იანვარი, 1870, საქაშეთი, გორის მაზრა — გ. 13 აგვისტო, 1960, ნიუ–იორკი, აშშ) — ქართველი ჟურნალისტი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. 1921 წლიდან მოღვაწეობდა ემიგრაციაში.

გრიგოლ (გიგო) დიასამიძე
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1870
საქაშეთი, გორის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 1960 (90 წლის)
ნიუ–იორკი, აშშ
დაკრძალულია ნოვო-დივეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზო, ნიუ–იორკი, აშშ
ეროვნება ქართველი
მეუღლე(ები) სოფიო ხიმშიაშვილი (1897-1906)
შვილ(ებ)ი ელენე (ლოლა) დიასამიძე
მშობლები მამა: ნიკოლოზ დიასამიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ დიასამიძე დაიბადა 1870 წლის 25 იანვარს, გორის მაზრის სოფელ საქაშეთში. პაპამისი, დავით დიასამიძე გორის თავადაზნაურობის მარშალი იყო, მამა ნიკოლოზ დიასამიძე კი იყო საზოგადო მოღვაწე. 1879–1880 წლებში სწავლობდა თბილისში, ბარონესა ტიზენჰაუზენის პანსიონში. 1881 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1892 წელს დაამთავრა. 1893 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და დაბრუნდა თბილისში. 1896–1901 წლებში გაიარა სავალდებულო სტაჟირება ნაფიცი მსაჯულობისთვის, მაგრამ იგი არ გაჰყვა იურისტის გზას და პედაგოგობა და ჟურნალისტ–ლიტერატორობა აირჩია.

1894–1895 წლებში გრიგოლ დიასამიძე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, 1899–1904 წლებში მუშაობდა გორის მაზრის სასოფლო–სამეურნეო ამხანაგობაში და ერთ დროს იყო მისი თავმჯდომარეც. 1894–1916 წლებში იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1897 წელს გრიგოლ დიასამიძემ ცოლად შეირთო სოფიო დიმიტრის ასული ხიმშიაშვილი. 1901–1910 წლებში ეკავა დეპუტატის ადგილი თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოში გორის მაზრის თავად–აზნაურთაგან. ამავე დროს იყო „საქართველოს წითელი ჯვრის“ საზოგადოების ერთ–ერთი დამფუძნებელი და მუდმივი წევრი.

1902–1904 წლებში გრიგოლ დიასამიძემ საკრედიტო ამხანაგობები დააარსა სოფელ ჭრებალოსა და საგვარეულო სოფელ საქაშეთში, ხოლო სკოლები, იმავე ჭრებალოსა და საქაშეთის გარდა, გახსნა გორის მაზრის სოფელ ალში. მას ეკუთვნოდა თბილისში პირველი ელექტროსაბეჭდავი „გუტენბერგი“. მისი ინიციატივით გაიხსნა ფოსტა–ტელეგრაფი, საავადმყოფო და ბიბლიოთეკა–სამკითხველო ჭრებალოში. 1906 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1906–1912 წლებში იყო სათავადაზნაურო ბანკის საკონტროლო კომიტეტისა და სახელმწიფო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილების წევრი.

იყო ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი 1912 წლის ზაფხულში რაჭა–ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობისა, რომელიც კინოფირზე აღბეჭდა ვასილ ამაშუკელმა. 1911–1915 წლებში აკაკი წერეთლის თანადგომითა და თანამშრომლობით გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ „თემს“, რომლის რედაქტორიც თავად იყო. 1915 წელს თბილისში დააფუძნა შემნახველი სალარო და მებაღეობა–მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული“. 1917 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

ამოაყალიბა „ბეჭდვითი საქმის კავკასიური ამხანაგობა“. 1917–1918 წლებში იგი ალექსანდრე ჯაყელთან ერთად რედაქტორობდა ყოველდღიურ რუსულ გაზეთს „Республика“. 1920 წელს შეუდგა ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური ჟურნალის „Братство“–ს გამოცემას, რომელშიც თანამშრომლობდნენ ევგენი ლანსერე, იოსიფ შარლემანი, საველი სორინი და სერგეი სუდეიკინი. სამწუხაროდ მხოლოდ ორი ნომრის დაბეჭდვა მოასწრო. ეს ჟურნალი „კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მცირე ერების უფლებათა დაცვის ლიგის“ ორგანო იყო.

ცხოვრება ემიგრაციაში

რედაქტირება

1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დიასამიძმ ქალიშვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. სტამბოლის გავლით ჩავიდა პარიზში, ხოლო იქიდან მუდმივ საცხოვრებლად დამკვიდრდა ბერლინში, სადაც დააარსა საგამომცემლო საზოგადოება „ნოიე ოსტენ“. ბეჭდავდა საქართველოსა და კავკასიის შესახებ წიგნებს, ბროშურებსა და განმარტებით ცნობარებს. გერმანელ ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინთან ერთად 1922 წელს რედაქტორობდა გერმანულენოვან ყოველთვიურ ჟურნალს „Morggenland“.

1922 წელს ბერლინში დააარსა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო და 1945 წლამდე იგი მრავალჯერ აირჩიეს სათვისტომოს თავკაცად. 1936 წელს ბერლინის უნივერსიტეტმა გრიგოლ დიასამიძე აირჩია მუდმივ (ნამდვილ) წევრად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტისა და ამ ინსტიტუტის ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპის“ სარედაქციო კოლეგიის წევრ–თანამშრომლად. დიასამიძე თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიასთან“. აქტიურად ეხმარებოდა კონსტანტინე ბალმონტს „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნაში. ვლადიმერ ახმეტელთან და გ. მარგველაშვილთან ერთად მან ბერლინში დააარსა „წითელი ჯვრის“ ქართული განყოფილება, მაგრამ ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლისთანავე ეს დაწესებულება დაშალეს. ის ასევე ხელმძღვანელობდა „ქართული კულტურის მეგობართა საზოგადოებას“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბერლინიდან საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვანგენში, ხოლო 1952 წლის მარტში ქალიშვილთან ერთად დასახლდა ნიუ–იორკში. მიუხედავად ხანდაზმულობისა მას არც ნიუ–იორკში შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა. მისი წერილები და მოგონებები იბეჭდებოდა იქაურ ქართულ პრესაში – „ჩვენი გზა“ და „კრებული“. იგი იყო ჟურნალ „ჩვენი გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამასთან ერთად, ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი.

გრიგოლ დიასამიძე 1960 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ნიუ–იორკში, 90 წლის ასაკში. განისვენებს იქვე ნოვო–დივეევოს მონასტერში. 1968 წლის მაისში მამის გვერდით დაკრძალეს ელენე დიასამიძეც. მას დარჩა ერთი ქალიშვილი ნინო – ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, ელიზბარ ვაჩნაძის ცოლი. ნინო ვაჩნაძე–კოვალსკი ნიუ–იორკში ცხოვრობს მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად.

2013 წლის მაისში დიასამიძის არქივი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მთვარელიძე მ.. „დიასამიძეები. ხაშურის რაიონი და ქართული მწერლობა“. ხაშური, 2014, გვ. 85-129.
  • მანანა გაბრიჭიძე. გრიგოლ დიასამიძის უცნობი დღიურები: რა ხდებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, თბილისი, 2013, ნოემბერი, N11(35), გვ.38-44.
  • დაუშვილი რ., კალანდაძე გ., ობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., „ქართველები უცხოეთში“: წგნ. 1, თბილისი, 2012 გვ. 73-74
  • ბიბილაშვილი ნ. ნიკო და გრიგოლ დიასამიძეები. გორი, 2012.
  • შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“ ტ. 5. თბილისი, 2004, გვ.505–507
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 187-224.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება