ელიზბარ ვაჩნაძე
ელიზბარ გრიგოლის ძე ვაჩნაძე (დ. 1895 — გ. 1958) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ქვეით ჯარში (პორუჩიკი). საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო თანამებრძოლი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს იბრძოდა ჩოლოყაშვილის რაზმის შემადგენლობაში, უშუალოდ ხელმძღვანელობდა 29-30 აგვისტოს ღამით მანგლისის სამხედრო ყაზარმებზე თავდასხმას. აჯანყების დამარცხების შემდეგ შეფიცულთა რაზმის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.
1926 წლის ზაფხულში, ქ. ჩოლოყაშვილის საიდუმლო დავალებით ვაჩნაძე და ს. ყრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ შეძლეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება, რომ შეძლებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი აჯანყებულების დანებებაზე დათანხმებას. სინამდვილეში, მისიის მიზანი ინფორმაციის შეგროვება და ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ჯგუფებთან კავშირის გაბმა იყო. ყრუაშვილი საფრანგეთში უვნებლად დაბრუნდა, თბილისში მძევლად დატოვებული ვაჩნაძე კი ОГПУ-ის ზედამხედველობას გაექცა და საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
ჩოლოყაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1930-1939 წლებში ვაჩნაძე სათავეში ედგა ემიგრაციაში მყოფ „საქართველოს შეფიცულთა“ კავშირს. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) წლებში თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვასთან, შემდეგ, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ბრიუსელში, სადაც 1951 წელს დააარსა „ქართველ მეომართა კავშირი“. ვაჩნაძეს ცოლად ჰყავდა ელენე, ემიგრანტ გრიგოლ დიასამიძის შვილი (გ. 1968). დარჩა ერთი ქალიშვილი — ნინო ვაჩნაძე-კოვალსკი. ელიზბარ ვაჩნაძის ფრაგმენტული მოგონებები (ჩაიწერა მიხეილ ქავთარაძემ) 1978 წელს დაიბეჭდა ემიგრანტულ გამოცემა „ივერიაში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟურნ. „ივერია“, 1978, №20. — გვ. 6-11.
- Мамулиа Г., Борьба за свободу и независимость Кавказа (1921-1945), Тб., 2012. — С. 138-149.