გოგია ღლონტი
გოგია ღლონტი (დ. 1893, მელექედური — გ. ~ 1961, საფრანგეთი) — ქართველი სახალხო გვარდიელი, ტერორისტის და რევოლუციონერის საშა ობოლაძის მკვლელი.
გოგია ღლონტი | |
---|---|
![]() | |
ნამდვილი სახელი | გიორგი ღლონტი |
დაბ. თარიღი | 1893 |
დაბ. ადგილი | მელექედური, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1961 |
გარდაცვალების ადგილი | საფრანგეთი |
ეროვნება | ქართველი |
ცნობილია, როგორც | ალექსანდრე ობოლაძის მკვლელი |
მეუღლე(ები) | პისტი ქადეიშვილი |
მამა | მიხეილ ღლონტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მიხეილ ღლონტის ოჯახში. ჰყავდა სამი დედმამიშვილი: არსენი, ტარასი და რისიმე. გოგია ყველაზე უმცროსი იყო. ღლონტის ოჯახი შეძლებული იყო. სრულწლოვანები რომ გახდნენ, გოგია და ტარასი საცხოვრებლად ქალაქ ოზურგეთში გადავიდნენ მაშინდელი ნატანების (ამჟ. კოსტავას) ქუჩის დასაწყისში სადაც „რვათვალ“ ოდაში დასახლდნენ. არსენი მშობლიურ სახლში დარჩა, რომელიც 1990-იან წლებამდე იყო შემორჩენილი. ღლონტი მსახურობდა ვლადიმერ გოგუაძესთან ერთად ჯავშნოსან მატარებელთა რაზმზე. გოგია ღლონტმა მეუღლედ თანასოფლელი პისტი ქადეიშვილი შეირთო. შვილი არ ეყოლათ.
1921 წლის 18 მარტიდან ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა სამაზრო რევოლუციური კომიტეტი და მილიციის განსაკუთრებული რაზმი „ჩონი“ (Части Особого Назначения). მისი ძირითადი დანიშნულება იყო ბრძოლა სახალხო გვარდიის ყოფილ წევრებთან. „ჩონმა“ დაიწყო ნადირობა გოგია ღლონტზეც. თავდაპირველად ხელისუფლებამ შემოირიგა ღლონტი და მისი რაზმი და მათ კურორტ ბახმაროს ყაჩაღებისგან დაცვა დაავალა. ამის გამო ღლონტის რაზმი „ბახმაროს დამცველი რაზმის“ სახელით გახდა ცნობილი. ღლონტი რაზმში 80-მდე ადამიანი იყო, მათ შორის იყვნენ სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე. მალე გამოჩნდა, რომ შეთანხმება მოჩვენებითი იყო. ხელისუფლება აპირებდა ღლონტისა და მისი თანამებრძოლების დახვრეტას. ისინი მოტყუებით მოათავსეს ვაგონში და გაგზავნეს შორაპანში. შორაპანში ღლონტს სიმართლე გაუმხილა ყოფილმა ყაჩაღმა მანწკავამ, რომელიც ასევე შეუერთდა ღლონტის რაზმს. ღლონტი, მანწკავა და მათი რაზმი გაქიცა და ფეხით გადავიდა გურიის მთებში. მათ წინააღმდეგ გაგზავნილ იქნენ იაკინთე ქილიფთარი და ალექსანდრე ობოლაძე ხელმძღვანელობდნენ.
1923 წლის 10 თებერვალს საშა ობოლაძეს ცრუ ცნობა მიაწოდეს, რომ გოგია ღლონტი ლიხაურის თემში, სოფელ ქაქუთში ლომჯარიებისა და ხავთასების ოჯახში ქეიფობდა. ობოლაძე ასი ცხენოსნით დაესხა თავს სოფელს და რამდენიმე სახლი გადაწვა. 12 თებერვალს, უკან, ოზურგეთისკენ დაბრუნებულ ობოლაძის ეტლს და ცხენოსნებს გოგია ღლონტი 12-კაციანი რაზმით თედორე ლომჯარიასთან ერთად დახვდა კვაჭალათში. ჩასაფრებულებმა ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბარები დაუშინეს ჯარს, ყუმბარა მოხვდა ობოლაძის ეტლს, სადაც მასთან ერთად ისხდნენ ოფიცრები პლატონ ჩუბინაშვილი და პოლიკარპე სანიკიძე. ორივე მხლებელი ადგილზე გარდაიცვალა, ობოლაძემ მოასწრო ეტლიდან გადახტომა, მაგრამ მას დაედევნა პირადად ღლონტი და მოკლა ის. თავად ღლონტი მხარში დაიჭრა.
ობოლაძის მკვლელობამ გააძლიერა ტერორი მაზრაში. 13 ადამიანი გამოიყვანეს ოზურგეთის ციხიდან და დახვრიტეს ობოლაძის მკვლელობის ადგილზე. საგანგებო კომისიამ 80-მდე კაცი დახვრიტა, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომლებსაც არც ობოლაძის და არც ღლონტის შესახებ არ გაეგონათ.[1]60-მდე ადამიანი დახვრიტეს ზვანში, შემდგომში ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე.[2] „ჩონის“ ხელმძღვანელად ვალიკო ტალახაძე დაინიშნა. მან დაიწყო რეპრესიები პოლიტიკური ნიშნითაც.
ღლონტს საქართველოში აღარ დაედგომებოდა და თურქეთში გაიპარა. მას დისწული ალექსი ცომაია დაეხმარა, რომელიც შემდეგ აღარ უნახავთ და სავარაუდოდ რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ღლონტი თურქეთიდან საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც ოჯახის წევრებს წერილებსა და სურათებს უგზავნიდა 1961 წლამდე.
პოპულარულ კულტურაში
რედაქტირებაობოლაძის მკვლელობის შესახებ შეიქმნა ხალხური ლექსი
„ატყდა სროლა კვაჭალათზე
ჩააძაღლეს ობოლაძე |
გოგია ღლონტის, როგორც ყაჩაღისა და ხალხის მტრის სახე ასახულია 1966 წლის საბჭოთა ფილმში „შეხვედრა წარსულთან“. ღლონტის მიერ საშა ობოლაძეზე ტერაქტის მოწყობის ისტორია ასახულია აკა მორჩილაძის მოთხრობაში „ცეცხლისმფრქვევლები“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანიმაციური ფილმი „გავარდნილები“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგუაძე ე., „ხალხის ქომაგი გოგია ღლონტი“ — თბილისი, 1991 წ.
- გოგიბერიძე ს., „ბრძოლა სამშობლოსთვის“, თბ., 1991.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქიქოძე გ., „თანამედროვის ჩანაწერები“, თბილისი: „არეტე“, 2003 [1954]. — გვ. 62, ISBN 99940-745-6-3.
- ↑ „ლენინის დროშა“ 31 ოქტომბერი 1989 გვ. 3
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ. |