გიორგი საღარაძე
გიორგი ილარიონის ძე საღარაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1906, ქუთაისი — გ. 12 აპრილი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950), სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
გიორგი საღარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1906 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
12 აპრილი, 1980 (73 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასასცენო ხელოვნებას ჯერ კიდევ ქუთაისში ეზიარა, როდესაც სკოლის მოსწავლემ პირველი ნაბიჯები გადადგა პროფესიული თეატრის სცენაზე. 1925 წელს იგი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში მეცადინეობს. იმავე ხანებში ჩაირიცხა შოთა რუსთაველის თეატრის დასში და მის სცენაზე გაიარა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე მეტი.
გიორგი საღარაძის მოღვაწეობის პირველი ათი წელი დაკავშირებულია სანდრო ახმეტელის სახელთან. მსახიობმა ამ დიდი რეჟისორის ჰეროიკულ-რომანტიკულ სპექტაკლებში („ანზორი“, „ლამარა“, „ყაჩაღები“) დასამახსოვრებელი სახეები შექმნა. შემდგომ ხელოვანმა შემოქმედებითი ბიოგრაფია გაიმდიდრა შესანიშნავად შესრულებული როლებით: ფარსადანი („არსენა“), ლუარსაბი („გიორგი სააკაძე“), ლებან ხიმშიაშვილი („სამშობლო“), დათო („ღალატი“), მუროვი („უდანაშაულო დამნაშავენი“), ხოვიჩი („ოლეკო დუნდიჩი“), კუზმიჩი („სადგურის უფროსი“), პოლკოვნიკი ლებოვი („პირველი ნაბიჯი“), ალექსანდრე ჭავჭავაძე („ნიკოლოზ ბარათაშვილი“), არჩილი („ოთარაანთ ქვრივი“), შუქრი („ჩაძირული ქვები“); ამ როლისათვის მას სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა; გიორგი თუხარელი („ადამიანი იბადება ერთხელ“) და სხვა.
თვალსაჩინო წვლილი შეიტანა გიორგი საღარაძემ ქართულ საესტრადო ხელოვნებაშიც. თავის პარტნიორთან, მსახიობ სტეფანე ჯაფარიძესთან ერთად იგი იყო ქართული ესტრადის მშვენება. ამ შესანიშნავი დუეტის მახვილი სატირა ამხილებდა ცხოვრებისეულ მანკიერებებს, ხოლო ომის პერიოდში განსაკუთრებული ძალით გაისმოდა მათი სიტყვა როგორც ლახვარი, მიმართული მტრების წინააღმდეგ. გიორგი საღარაძემ კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაშიც, მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა არტისტული მომხიბვლელობით, დახვეწილი მხატვრული ტაქტით და მაღალი გემოვნებით. პოპულარული ხელოვნების უანგარო სამსახური ქართული თეატრისადმი აღინიშნა შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1937: „დაკარგული სამოთხე“ (აზნაური) რეჟ. დავით რონდელი
- 1938: „დიადი განთიადი“ (წერეთელი-მინისტრი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1946: „ფიცი“ (გიორგი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1952: „მწვერვალთა დამპყრობნი“ (მომხსენებელი) რეჟ. დავით რონდელი
- 1959: „მტრობა“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. არკადი ხინთიბიძე
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (პროფესორი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1973: „ბებერი მეზურნეები“ (ბუთხუზი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1973: „მზე შემოდგომისა“ (ბიძინა) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (მაგალი ზარანდია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 321, თბ., 1994