იური ანდრიას ძის აჯანყება

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი რუსის აჯანყება)

იური ანდრიას ძის აჯანყება 1191 − აჯანყება, რომელიც ფორმალურად მიზნად ისახავდა იური ანდრიას ძის უფლებების აღდგენას საქართველოში, ფაქტობრივად კი ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს შერყევასა და მსხვილ ფეოდალთა გარკვეული ჯგუფის უფლებათა გაფართოებას, ამავე დროს იურის განდევნით დაზარებულ მოქალაქეთა ზედაფენის გავლენის აღდგენას სამეფო ხელისუფლებაზე.

აჯანყებაში, როგორც ჩანს, თითქმის მთელი დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს საკმაო ნაწილი იყო ჩაბმული. აჯანყებულთა რიგებში იყვნენ: მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი და სხვა. აჯანყებულებმა მოიწვიეს იური ანდრიას ძე და გეგუთში მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფემ სცადა მოწინააღმდეგეებთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, მაგრამ დაზავება ვერ მოახერხა. მეამბოხეთა ერთმა ნაწილმა გადალახა ლიხის მთა, ააოხრა ქართლი და ნაჭარმაგევამდე მივიდა. მეორე ნაწილმა გადაიარა რკინისჯვარი, აიღო ციხისჯვარი, დაწვა ქალაქი ოძრხე. საქართველოს სამეფო კარმა შეკრიბა ლაშქარი, რომელიც ამირსპასალარ გამრეკელ თორელის მეთაურობით აჯანყებულმა მეორე ნაწილს შეებრძოლა. მეამბოხეებმა უკან დაიხიეს. სამეფო ლაშქარი დაედევნა მტერს. თმოგვსა და ერუშეთს შუა გაიმართა დიდი ბრძოლა, რომელიც თამარის მოლაშქრეთა გამარჯვებით დამთავრდა. გაიგეს თუ არა ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა თანაზრახველთა დამარცხება ჯავახეთში, თვითონაც გაიქცნენ. დამარცხებულ მეამბოხეთა ხელმძღვანელები ლიხთიმერეთიდან მორჩილებით გადმოვიდნენ და თან უფლისწული იურიც გადმოიყვანეს. თამარის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ. არც ამბოხების სხვა თავკაცები დაუსჯიათ მკაცრად, თუმცა თანამდებობები კი ჩამოურთმევიათ. მეფის ერთგულები სათანადოდ იქნენ დაჯილდოებულნი და „შეწყალებულნი“. იური ანდრის ძემ ერთხელ კიდევ სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოიჭრა საქართველოში და დაარბია კამბეჩოვანი, მაგრამ მწარე დამარცხება იგემა საღირ მახატლისძის მიერ და სამუდამოდ გადაიხვეწა.

ლიტერატურა

რედაქტირება