ნაჭარმაგევი
ნაჭარმაგევი — ერთ-ერთი სამეფო რეზიდენცია შუა საუკუნეების საქართველოში; ახლანდელი სოფ. კარალეთის (გორის რაიონი) ადგილზე. ნაჭარმაგევის სასახლესთან არის დაკავშირებული X-XIII საუკუნეების საქართველოს ბევრი პოლიტიკური და სამხედრო მოვლენა: 1110 წელს ნაჭარმაგევში შეყარა დავით აღმაშენებელმა ლაშქარი, როდესაც თრიალეთში თურქ-სელჩუკთა შემოსევა აცნობეს; დემნა უფლისწულის შეთქმულების დამარცხების შემდეგ ნაჭარმაგევში შეიკრიბა დარბაზი და გიორგი III-მ თავის თანამოსაყდრედ თამარი გამოაცხადა (1178); აქვე წარდგა თამარის წინაშე მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული (1191) მისი ყოფილი მეუღლე იური ანდრიას ძე; 1225 ნაჭარმაგევში შეყარა მეფე რუსუდანმა ლაშქარი ჯალალედინის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. შემდგომ საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის დაქვეითებასთან ერთად ნაჭარმაგევის სამეფო რეზიდენცია თანდათან დავიწყებას მიეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 13;
- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 345-346.