გიორგი მოსიძე (დ. 5 მაისი, 1972, თბილისი) — ტელეწამყვანი, პროდიუსერი, ტელეშოუს „რა? სად? როდის?“ ავტორი და წამყვანი, საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

გიორგი მოსიძე
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1972 (1972-05-05) (52 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პროდიუსერი
მამა შალვა მოსიძე
დედა თამარ რჩეულიშვილი
მეუღლე/ები ემილია ხალილოვი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

გიორგი მოსიძე დაიბადა 1972 წლის 5 მაისს თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ შალვა მოსიძის ოჯახში.

1978-89 სწავლობდა თბილისის 183-ე საშუალო სკოლაში, 1989-95 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

1994-95 იყო თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის წევრი, ხოლო 1995-96 — საქართველოს მედიკოს-სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი. 1995-96 გაიარა ინტერნატურა ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში.

2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის ინტენსიური კურსი „კინო და ტელე-პროდიუსინგის ამერიკული სისტემა“.

საჯარო სამსახური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

1997–2000 იყო სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი, რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგკომიტეტის წევრი, მათ შორის — „მზის ფორუმი“ (1998) და საქართველოში ებრაელთა განსახლების 26 საუკუნოვანი იუბილე (1999).

1997–2002 იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის“ ხელმძღვანელი, 1998–1999 — საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს გამგეობის წევრი.

2000–2001 მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის პირველ მდივნად.

2001 წლის 15 ივნისს პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ („ახლები“)-ს დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. 2002–2004 იყო პ/გ „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2004–2010 — პარტიის საერთაშორისო მდივანი და მთავარი კომიტეტის წევრი.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ახალი მემარჯვენეები“-ს სიით არჩეულ იქნა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრად, თუმცა „ვარდების რეცოლუციის“ შემდეგ პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

2004–2006 იყო თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე; აგრეთვე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი.

გიორგი მოსიძე ოთხჯერ მონაწილეობდა არჩევნებში მაჟორიტარულ კანდიდატად: 2005 — პარლამენტის შუალედური არჩევნები ისნის ოლქში (მე-2 ადგილი), 2008 — პარლამენტის არჩევნები გორის ოლქში (მე-2 ადგილი), 2010 — თბილისის საკრებულოს არჩევნები მუხიანის ოლქში (მე-2 ადგილი), 2016 — პარლამენტის არჩევნები ვარკეთილის ოლქში (გამარჯვება მეორე ტურში).

2016–2020 იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვარკეთილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მდივანი, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის — სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2016–2019 იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნებას“ წევრი, 2019–2020 — დამოუკიდებელი უფრაქციო დეპუტატი.

ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“

რედაქტირება

1991 შემოდგომაზე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თსსუ-ს „ინტელექტ-კლუბი“, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და 1994 წელს გარდაიქმნა საქართველოს კლუბად „რა? სად? როდის?“.

1996 წლის 6 ოქტომბერს ეთერში პირველად გავიდა ტელეშოუ „ინტელექტ-კლუბი – რა? სად? როდის?“, რომლის ავტორი და წამყვანიც იყო გიორგი მოსიძე.

1996–2000 პროექტი „რა? სად? როდის?“ ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, 2000-02 — „მეცხრე არხზე“, 2008–2016 — „რუსთავი-2“-ზე, 2019-დან კვლავ საქართველოს პირველ არხზე.

2000 წელს გიორგი მოსიძემ მოიგო სამხრეთ კავკასიის I ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „Jeopardy!“ (ფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი „მოაზროვნე“ როვშან ასკეროვი).

2001-05 და 2014-18 იყო „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი. 2010 წელს მიენიჭა ვლადიმერ ვოროშილოვის სახელობის პრემია „რა? სად? როდის?“ საერთაშორისო მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის.

 
შვილებთან ერთად

ოჯახი და ჰობი

რედაქტირება

მეუღლე – ემილია ხალილოვი (დ. თბილისში 1972 წელს, კერძო მეწარმე). სამი შვილი: გიორგი (დ. 2003 წლის 23 თებერვალს), ელენე (დ. 2004 წლის 12 ივლისს) და ნიკოლასი (დ. 2010 წლის 10 ნოემბერს).

ჰობი: სპორტი (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ბადმინტონი). 1990 წლის რესპუბლიკურ უნივერსიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბადმინტონში; მან-სან-კანი (სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა КВН-ის შეჯიბრებებში, უძღვებოდა თსსუ-ს გუნდის, „კოზა ნოსტრას“ რამდენიმე კონცერტს); ინტელექტუალური თამაშები, კინო, მოგზაურობა, ლიტერატურა (ბორის აკუნინის ფან-კლუბის პრეზიდენტი).

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება