შალვა მოსიძე
შალვა მოსიძე (დ. 28 დეკემბერი, 1936, ქ. ჭიათურა) — ქართველი საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-ემერიტუსი (2020), [წყარო არ არის მითითებული 1317 დღე] შოთა რუსთაველისა (2013) და ზაქარია ფალიაშვილის (1991) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის ორგზის კავალერი (1996, 2013), ქ. გორის საპატიო მოქალაქე (1996). 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
შალვა მოსიძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1936 |
დაბ. ადგილი | ჭიათურა, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი |
მეუღლე | თამარ რჩეულიშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქ. ჭიათურაში, გაიზარდა თბილისში, მუმლაძეების ოჯახში. „ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე (პედაგოგი: ვახტანგ ფალიაშვილი). კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1967 წელს განაწილებული იქნა პედაგოგად გორის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც 1970 წელს (სანდრო კაჭარავასთან ერთად) დააარსა „გორის გოგონათა გუნდი“ (შემდგომში „გორის ქალთა გუნდი“).
1970-2013 წლებში, 43 წლის განმავლობაში იყო „გორის ქალთა გუნდის“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, მალტა, უნგრეთი, ბულგარეთი, სსრკ ყოფილი ქვეყნები. კოლექტივი ბევრი საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დირიჟორ შალვა მოსიძისა და კომპოზიტორების იოსებ კეჭაყმაძისა და ჯემალ ბეგლარიშვილის ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობა.
2013 წელს, 77 წლის მაესტრომ გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, თეონა ცირამუას გადასცა.
1976 წლიდან დღემდე, შალვა მოსიძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორი კათედრაზე. სხვადასხვა დროს იყო პედაგოგი, ასისტენტ-პროფესორი, ასოც.პროფესორი, მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2020 წლიდან — პროფესორ-ემერიტუსი. [წყარო არ არის მითითებული 1317 დღე] მისი მოწაფეებია: გიორგი ჟორდანია, არჩილ უშვერიძე, თეონა ცირამუა, ზვიად ბოლქვაძე, ნინო წიკლაური, სვიმონ ჯანგულაშვილი და სხვ. 1976-1985 წლებში ხელმძღვანელობდა კონსერვატორიის ქალთა გუნდს. ამჟამად თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონსულტანტია.
1988 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1991 წელს გახდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ორჯერ (1996 და 2013) დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. 1996 წელს აირჩიეს გორის საპატიო მოქალაქედ. 2013 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი — წმინდა გიორგის ოქროს ორდენით და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით. 2023 წლის 30 სექტემბერს გორის დრამატული თეატრის წინ გაიხსნა შალვა მოსიძის ვარსკვლავი.[1]
შალვა მოსიძეს ჰყავს მეუღლე - თამარ რჩეულიშვილი, ორი ვაჟი - გიორგი და ოთარი და 5 შვილიშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- წურწუმია რ., საგუნდო მუსიკის ოსტატი, ჟურნ. "საბჭ. ხელ.", 1983, #1
- ახმეტელი მ., შალვა მოსიძე - 70, წგნ. "პროფესიაში გამორჩეულნი", ტ.2, 2006
- ქუთათელაძე რ., ჯაფარიძე მ., ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „გორში საქართველოს სახალხო არტისტის შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა“. გორის მაცნე. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)