ვახტანგ ფალიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფალიაშვილი.

ვახტანგ ლევანის ძე ფალიაშვილი (დ. 2 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1980, იქვე) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965)[1], პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მამა — ლევან ფალიაშვილი იყო კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, კონსერვატორიის პროფესორი, ბიძები: ზაქარია ფალიაშვილი — ქართული საოპერო ხელოვნების ფუძემდებელი, ივანე ფალიაშვილი — გამოჩენილი დირიჟორი, პიანისტი და ორღანისტი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ იგი ოსტატობას იმაღლებდა გამოჩენილი დირიჟორის ალექსანდრე გაუკის ხელმძღვანელობით. დაბრუნდა თბილისში და 1943 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია. ამის შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანი მიიწვიეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ერთხანს მთავარი დირიჟორიც იყო. მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 70-ზე მეტი ოპერა და ბალეტი. ვახტანგ ფალიაშვილის მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა ზ. ფალიაშვილის ოპერები „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, პუჩინის „ტოსკა“, ბიზეს „კარმენი“, ბალეტი „შოპენიანა“ და სხვა. მისივე დირიჟორობით გრამფირფიტაზე ჩაწერეს ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისი“, ვ. გოკიელის „წითელქუდა“, ს. ცინცაძის ბალეტი „ცისფერი მთის საუნჯე“. გამოჩენილმა მუსიკოსმა უდირიჟორა 50-ზე მეტ ოპერასა და ბალეტს. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით.

ვ. ფალიაშვილმა ადრევე დაიწყო ნაყოფიერი, შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის გასტროლებს დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში და სსრ კავშირის სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა ვ. ფალიაშვილმა, როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი იაპონიაში ახლდა დიდი თეატრის კოლექტივს, რომლის წარმატება სამართლიანად გაიზიარა ქართველმა ხელოვანმაც.

ვ. ფალიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, მისი აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: თენგიზ სანაია, გივი მუნჯიშვილი, ავთანდილ მამაცაშვილი. ერთხანს იყო თბილისის პირველი მუსიკალური სკოლის პედაგოგი, შემდეგ, 1944 წლიდან თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი და ბოლოს საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე. ფასდაუდებელია მისი ამ დარგში მოღვაწეობდა ჩვენი მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში. ამ საქმეს მან უშურველად შეალია თავისი ცოდნა, ნიჭი და ენერგია. ვახტანგ ფალიაშვილის აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: გივი მუნჯიშვილი, ჯანსუღ კახიძე და სხვ.

გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე. როცა დირიჟორმა დაასრულა „აბიო მეფის“ ბოლო აკორდები, თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე.

დაჯილდოვებული იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994. — გვ. 334.
  • ტორაძე გ., ქართული მუსიკის ისტორია, თბ., 1990.
  • მუნჯიშვილი გ., შტრიხები პორტრეტისათვის, 1-ლი გამოც., თბ., 2010. — 207 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება