ალექსანდრე ვასილის ძე გაუკი (რუს. Алекса́ндр Васи́льевич Га́ук) (დ. 3 აგვისტო, 1893, ოდესა, — გ. 30 მარტი, 1963, მოსკოვი) — რუსი დირიჟორი და პედაგოგი. რსფსრ სახალხო არტისტი (1954).

დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია (ნ. ჩერეპნინის კლასი, 1917). სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო 1917 წლიდან. 1930–1934 წლებში იყო ლენინგრადის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1934–1936 წლებში — საკავშირო რადიოს დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1936–1941 წლებში — სსრკ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1953–1962 წლებში — საკავშირო რადიოს დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასწავლიდა ლენინგრადის და მოსკოვის კონსერვატორიებში (1948 წლიდან პროფესორი).

1941-1943 წლებში გაუკი მოღვაწეობდა საქართველოში, იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ მუსიკალურ საზოგადოებაში. გაუკის მოწაფეები იყვნენ: ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი, ევგენი მიქელაძე, ევგენი მრავინსკი, ევგენი სვეტლანოვი, ვახტანგ ფალიაშვილი, ჯემალ გოკიელი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 99.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება