გიორგი ერისთავი (ინფანტერიის გენერალი)

გიორგი იასეს ძე ერისთავი (დ. 1769 — გ. 3 ნოემბერი, 1863, გორი; დაკრძალულია იკორთის ტაძარში) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1846).

გიორგი იასეს ძე ერისთავი

მამამისი, იასე-აღაბაბა იყო იასე ქსნის ერისთავის შვილი, ასპინძის ბრძოლის (1770) მონაწილე, დედა, მარიამი — მეფე იესეს (ალიყული-ხანის) ასული, კათოლიკოს ანტონ I-ის და. სამხედროები იყვნენ ასევე გიორგის ძმები: შანშე, ელიზბარი და ალექსანდრე (თორნიკე).

თავად გიორგის ცოლი იყო გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის ასული (დ. 1780 — გ. 1820). ჰყავდა ოთხი შვილი: ქეთევანი (თავად მამუკა ორბელიანის მეუღლე), ანა (თუთა; თავად ზაზა ციციშვილის მეუღლე), ზაქარია (მოკლეს ლეკებმა 1850 წელს), მარიამი (თავად გრიგოლ ქსნის ერისთავის მეუღლე).

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

გიორგი ერისთავი მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795), მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლას, მონაწილეობდა გიორგი XII-ის მიერ რუსეთში გაგზავნილ დეპუტაციაში. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ რუსეთის მთავრობისგან მიიღო „ნადვორნი სოვეტნიკის“ ჩინი და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა იმპერიას. 1802 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით ჩაირიცხა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. 1803 მონაწილეობდა გენერალ გულიაკოვის ლაშქრობაში ჭარ-ბელაქნელი ლეკების წინააღმდეგ. ბელაქანთან თავის გამოჩენისთვის პოლკოვნიკობა მიანიჭეს.

1808 წლიდან პოლკოვნიკი ერისთავი მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1804–1813), იყო პოლკის მეთაური. 1812 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი, 1814 წელს კი დაინიშნა საქართველოში განლაგებული რუსეთის მე-19 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად. 1826 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. დაინიშნა 21-ე დივიზიის მეთაურად. ერისთავმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ირანის (1826–28) ომში. რუსეთის ჯარის სარდლის, ივანე პასკევიჩის ნებართვის გარეშე 1827 წლის 13 ოქტომბერს უბრძოლველად აიღო ქალაქი თავრიზი. პასკევიჩმა თავდაპირველად ერისთავი დაუმორჩილებლობის გამო „დატუქსა“, მაგრამ შემდეგ გამარჯვება მიულოცა და ალექსანდრე ნეველის ორდენზე წარადგინა, თუმცა ბრძოლის ასპარეზიდან მაინც დაითხოვეს.

1830 წელს მიანიჭეს სენატორის წოდება საქართველოში ცხოვრების უფლებით, 1846 წელს კი ინფანტერიის გენერლობა და თბილისში არსებული თავადაზნაურობის წოდების მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. სიცოცხლის ბოლო წლები თავის მამულში, გორში, გაატარა. სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვთან. 1861 წლის 19 თებერვლის მანიფესტის გამოცხადების შემდეგ თავადაზნაურობის დაბნეულ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მიეცათ გლეხებისთვის თავისუფლება, სანამ ისინი იარაღით მოიპოვებდნენ მას. ერისთავის შესახებ რუსი ისტორიკოსი კორნელი ბოროზდინი წერდა: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რუსეთში ისეთი პატრიოტები მოისპოს, როგორიც თავადი ერისთავი იყო“. გარდაიცვალა 1863 წელს. დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე, იკორთის ეკლესიაში.

ერისთავი დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის (1803), წმ. ანას II (1808) და I (1822) ხარისხის, წმ. ვლადიმერის III (1813), II (1830) და I (1856) ხარისხის, წმ. ალექსანდრე ნეველის (1827; ალმასის ნიშნებით, 1849), წმ. ანდრია პირველწოდებულის (1861) ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძნიშვილი, მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის : II მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა–ე), თბ., 1980. — გვ. 221–230.