ვასილი გულიაკოვი
ვასილი სემიონის ძე გულიაკოვი (რუს. Василий Семёнович Гуляков; დ. 1751, კალუგის გუბერნია — გ. 15 იანვარი, 1804, ზაქათალა) — რუსი გენერალ-მაიორი (1800), კავკასიის ომების მონაწილე. დაიღუპა ზაქათალის მიდამოებში ლეკებთან შეტაკებისას.
ბიოგრაფია
რედაქტირებარუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა 1767 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1768–1774 და 1787–1791 წლების ომებში, რუსეთ-შვედეთის 1788–1790 წლების ომში. 1800 წელს გენერალ-მაიორის ჩინით დაინიშნა ყაბარდოს პოლკის მეთაურად. ხელმძღვანელობდა 1800 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარს, შემდეგ — კახეთში განლაგებულ კონტინგენტს. იმავე წლის 7 ნოემბერს თავისი პოლკის ერთ-ერთი ბატალიონით მონაწილეობა მიიღო ომარ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში ივრის ნაპირებზე (სარდლობდა რუს-ქართველთა ჯარის მარჯვენა ფლანგს). 1803 წლის მარტში გაიგზავნა ლეკების წინააღმდეგ ჭარ-ბელაქანსა და ზაქათალაში. ბელაქნისა და ჭარის დაკავების შემდეგ უკუაგდო ლეკების თავდასხმა მისი რაზმის ბანაკზე ადგილ ფეიქართან 1803 წლის 22 ოქტომბერს. 1804 წლის 1 იანვარს ალაზნის ნაპირებზე დაამარცხა ყაზიყუმუხის ხანის ლაშქარი და მას ზაქათალის ხეობაში დაედევნა. 15 იანვარს ბრძოლაში გულიაკოვი მოკლეს, ხოლო მისმა რაზმმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. დასაფლავებულია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 193.
- Гуляков, Василий Семенович // [Гимры — Двигатели судовые]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 535. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 8).