გივი კობახიძე
გივი კობახიძე (დ. 12 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 1991, ნიუ–იორკი, აშშ) — ქართველი ექიმი, მედიციის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მოღვაწეობდა ემიგრაციაში.
გივი კობახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 ივლისი, 1919 თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 1991 |
დაკრძალულია | აშშ |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე(ები) | მარია |
მშობლები |
მამა: ალექსანდრე კობახიძე დედა: ანნა ენუქიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანბანი დედამ შეასწავლა. 1925-1930 წლებში სწავლობდა მთაწმინდაზე მდებარე მე-12 სკოლაში. 1930 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დინამო არენასთან ახლოს და სწავლა განაგრძო მე-9 სკოლაში. ბავშვობიდან 1932 წლიდან, დაიწყო ლექსების, პოემების და მოთხრობების წერა. ზაფხულობით ნიკორწმინდასა და მახლობელ სოფლებში აგროვებდა ზეპირსიტყვიერ მასალებს. მის მიერ ჩაწერილი ორი ხალხური ლექსი გამოქვეყნდა 1935 წელს. 1936 წელს დაამთავრა 26-ე სკოლა. 1941 წელს დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი.
1941 წლის 7 ივლისს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. ჩაირიცხა 37-ე არმიაში, რომელიც იბრძოდა კიევის ფრონტზე. 19 სექტემბერს არმიამ დაიწყო უკანდახევა. 24 სექტემბერს დაჭრილი კობახიძე ტყვედ ჩავარდა. ორი წლი იყო ტყვედ, იწვრთნებოდა ინფექციური დაავადებების მმკურნალობასა და ამპუტაციებში. 1943 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს. 1943 წელს ბერლინში დაარსდა ეროვნული კომიტეტის ჟურნალი „ქართველი ერი“, რომლის მესამე და მეოთხე ნომრებში გ. ხერგაისძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გივი კობახიძის სტატია „ხმა დასახვრეტთა საკნითგან“. სტატიაში ასახულია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები, ავტორი ეყრდნობა ქუთაისელი სტუდენტის მოგონებებს, რომელმაც თავი დააღწია საპატიმროს ჯურღმულებს და გივი კობახიძეს 1937 წელს თბილისში უამბო მწერლის მკვლელობის ამბავი. 1944-1945 წლებში მუშაობდა თერაპევტულ კლინიკაში. ომის დამთავრების შემდეგ ჯერ ცხოვრობდა ზემო ესენში მეუღლესთან,და მიხაკო წერეთელთან და მის ოჯახთან. შემდეგ დასახლდა მიუნხენში. 1947-1949 წლებში მუშაობდა მიუნხენის უნივერსიტეტში ქართული ენის პროფესორ არჩილ მეტრეველთან.ამავდროულად იყო მედიცინის ისტორიის ინსტიტუტის თავისუფალი მსმენელი. 1948 წელს გრიგოლ რობაქიძესთან, კალისტრატე სალიასთან და მიხაკო წერეთელთან ერთად დააარსა ჟურნალი „ბედი ქართლისა“.
1949 წელს გივი კობახიძე მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში ასწავლიდა ქართულ ენას. მის მოსწავლეებს შორის იყო ისტორიკოსი დეივიდ ლენგი. 1952 წელს აშშ-ში ივანე ნანუაშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გივი კობახიძის და სხვათა ძალისხმევით დაარსდა „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“. ორგანიზაციის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და ამ საკითხით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება. საბჭოს მიერ გამოცემულ „ცნობის ფურცელსა“ და „ჩვენ გზას“ გივი კობახიძე რედაქტორობდა.
1955 წლის დეკემბერში ნიუ–იორკში გივი კობახიძემ გამოსცა გაზეთ „ქართველი ერის“ პირველი ნომერი. ეს იყო შტატებში სტამბური წესით გამოქვეყნებული პირველი ქართული გაზეთი. გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა გივი კობახიძის მეცნიერულ–ლიტერატურული და პოლიტიკური ხასიათის წერილები, გამოკვლევები, ლექსები და მოთხრობაც კი.
ორი წლის შემდეგ 1957 წელს ნიუ–იორკშივე ქართულ ენაზე დაიბეჭდა მაღალი პოლიგრაფიული დონის (ცარცის ქაღალდი), შავ–თეთრ ყდაში ჩასმული ალმანახი „კრებული“ – რედაქტორ გამომცემელი გივი კობახიძე. „კრებულის“ თემატიკა მრავალფეროვანი იყო – პოეზია, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ხელოვნება, მემუარები, კრიტიკა და ბიბლიოგრაფია. საინტერესოა „კრებულში“ გამოქვეყნებული გივი კობახიძის წერილები: „50 წელი ილიას მკვლელობიდან“, „ხრესილის ომი“, „ახალი დოკუმენტები დიასამიძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის“. 1957 წელსვე მან უცხოელებისათვის გამოსცა ქართული ენის სასწავლო წიგნი.
1958 წლიდან იყო ფორდამის კათოლიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი აღმდგენი, მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ამ ჟურნალში გამოაქვეყნა 16 ნარკვევი. 1960-იანი წლებიდან კობახიძე თანამშრომლობდა ევროპაში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან: „კავკასიონი“, „თავისუფლების ტრიბუნა“, „გუშაგი“. იყო ამერიკის ისტორიული საზოგადოების, ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის, ამერიკის გეოგრაფიული ეროვნული საზოგადოების, „სმითსონიანის ინსტიტუტის“, კენანისა და უილსონის ინსტიტუტები, ჯონ ჰოპკინსის სახელობის მედიცინის ისტორიის ინსტიტუტის და მედიცინის ისტორიის ამერიკული ასოციაციის წევრი. 1968 წლიდან იყო ნიუ-იორკის უკრაინული თავისუფალი აკადემიის წევრი.
წლების განმავლობაში მუშაობდა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის რედაქტორად. იყო ამერიკის ქართული ემიგრაციის მემატიანე გახლდათ და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 225-307.