ამერიკის ხმა
„ამერიკის ხმა“ (ინგლ. Voice of America, VOA) – აშშ–ს მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელი. ინფორმაციას გადასცემს 46 ენაზე, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით. გააჩნია მრავალენოვანი საიტი. მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატებისათვის დადებითი იმიჯის შექმნაა.
ტიპი | მრავალენოვანი მაუწყებელი |
---|---|
დარგი | საერთაშორისო მაუწყებლობა |
დაფუძნდა | 24 თებერვალი, 1942 |
დამაარსებელი | აშშ–ს ფედერალური მთავრობა |
სათავო ოფისი | ვაშინგტონი, აშშ |
მფლობელი | მაუწყებლობის მმართველთა საბჭო(აშშ) |
საიტი | www.voanews.com |
ისტორია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებაამერიკის ხმა პირველად ეთერში გავიდა 1942 წლის თებერვალში. არსებობის განმავლობაში შედიოდა რამდენიმე უწყების შემადგენლობაში. 1942–1945 წლებში ექვემდებარებოდა აშშ–ის სამხედრო ინფორმაციის ოფისს, 1945–1953 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტს, 1953–1999 წწ. – ინფორმაციის სააგენტოს, ხოლო 1999 წლის შემდეგ მას მაუწყებლობის მმართველთა საბჭო მართავს.
ჯერ კიდევ 1940 წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობამ დაიწყო ლათინური ამერიკის საკუთარი მოკლეტალღური რადიო სიხშირეებით დაფარვა. იგი პრეს–რელიზებს გადასცემდა თითოეულ რადიოსადგურს და მას ეთერში კითხულობდნენ. 1942 წლის 24 თებერვალს კი მაუწყებლობა დაიწო თვითონ რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ, რომელმაც მოიცვა იაპონია, წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონები, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. რადიოს დევიზი იყო „ახალი ამბები შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, ჩვენ გეტყვით სიმართლეს“.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ამერიკის ხმას 39 გადამცემი ემსახურებოდა, მაუწყებლობა მიმდინარეობდა 40 ენაზე. გადაიცემოდა მუსიკა, ახალი ამბები და კომენტარები. 1945 წელს რადიო სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, გაუქმდა არაბული განყოფილება და პროგრამების თითქმის ნახევარი.
ცივი ომი
რედაქტირებაყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის ხმის ისტორიაში ცივი ომის პერიოდი იყო. 1947 წლიდან დაიწყო გადაცემები რუსულ ენაზე. ამ პერიოდში რადიო აშშ–ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რომელიც ცდილობდა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ერების ინფორმირებას. საბჭოთა კავშირმა 1949 წლიდან დაიწყო რადიოს ჩახშობა, ასევე მოიქცნენ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც, თუმცა ზოგიერთ მათგანში ჩათვალეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, ვინაიდან მოსახლეობაზე ეს გადაცემები ზემოქმედებას არ ახდენდა. პოლონეთმა 1956 წელს შეწყვიტა ამერიკის ხმის დაბლოკვა, ბულგარეთმა 1970 წელს. მიუხედავად ამ ქვეყნების ასეთი პოზიციისა, ცივი ომის შემდგომ მიცემულ ინტერვიუებში უამრავი ექს–კომუნისტური ქვეყნის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რადიო ძალიან პოპულარული იყო სოციალისტურ საზოგადოებებში.
რადიო ოპერატიულად რეაგირებდა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებზე: 1950 წლის 1 იანვრიდან აღდგენილი არაბული განყოფილება, რომელიც დღეში ნახევარსაათიანი გადაცემით გადიოდა, სუეცის კრიზისის დროს კი, 1956 წელს, დღეში 14.5 საათი მაუწყებლობდა. ასევე გაიზარდა ესპანურენოვანი გადაცემები 1962 წლის კარიბის კრიზისის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ჯარების ავღანეთში შეყვანის შემდეგ ამერიკის ხმამ 1980 წელს ამ ქვეყანაშიც შეაღწია. 1989 წელს კი გაზარდა მაუწყებლობა ჩინური აუდიტორიისათვის, რათა მათთვის ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
1953–1999 წლებში ამერიკის ხმა აშშ–ს საინფორმაციო სააგენტოს შემადგენლობაშია. 1980 წელს, შეიქმნა სატელევიზიო ეთერი.
ცივი ომის შემდეგ
რედაქტირებასოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ამერიკის ხმას რამდენიმეენოვანი განყოფილება დაემატა: ტიბეტური, ქურთული, ხორვატული, სერბული, ბოსნიური, მაკედონიური და ა.შ.
1994 წელს, ამერიკის ხმა გახდა პირველი მაუწყებელი რომელმაც მომხმარებლებს თავისი გადაცემები ინტერნეტით შესთავაზა.