გაიუს კასიუს ლონგინუსი

(გადამისამართდა გვერდიდან გაიუს კასიუსი)

გაიუს კასიუს ლონგინუსი (3 ოქტომბერი, ძვ. წ. 85 წლამდე — გ. 3 ოქტომბერი, ძვ. წ. 42 წ.) — რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, სენატორი, იულიუს კეისრის მოსაკლავად მოწყობილი შეთქმულების მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი.[1] კეისრის მკვლელობის შემდეგ, თავის ცოლისძმა მარკუს იუნიუს ბრუტუსსა და სხვა რესპუბლიკელებთან ერთად, იბრძოდა მეორე ტრიუმვირატის წინააღმდეგ. ბრუტუსთან ერთად, მეთაურობდა რესპუბლიკელთა ჯარს ფილიპის ბრძოლაში მარკუს ანტონიუსისა და ოქტავიანეს გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ და დამარცხების შემდეგ, თავი მოიკლა.

კასიუს ლონგინუსისა და ლენტულუს სფინთერის მიერ მოჭრილი დენარიუსი (ძვ. წ. 42 წ.). მასზე ავერსზე გამოსახულია ქალღმერთ ლიბერტასის გვირგვინოსანი თავი, ხოლო რევერსზე — სამსხვერპლო დოქი და ლიტუუსი. სმირნის სამხედრო ზარაფხანიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

მისი ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, თუ არ ჩავთვლით ამბავს, რომ მან დესპოტებისადმი ზიზღი ჯერ კიდევ სკოლაში გამოხატა, როდესაც დიქტატორ სულას ვაჟს ეკამათებოდა.[2] კასიუსი ფილოსოფიას როდოსზე, არქელაუსთან სწავლობდა და სრულყოფილად აითვისა ბერძნული ენაც.[3] იგი იუნია ტერტიაზე დაქორწინდა, რომელიც სერვილია კეპიონის ქალიშვილი და ამდენად, ბრუტუსის ნახევარდა იყო. მათ ერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. 60 წელს დაიბადა.[4] ძვ. წ. 53 წელს მონაწილეობდა კარეს ბრძოლაში, სადაც რომაელები, კრასუსის მეთაურობით, პართიელებთან დამარცხდნენ. კასიუსმა წარმატებით მოიგერია გამარჯვებული მტრის შემოტევები და ძვ. წ. 51 წელს პართიელები ანტიოქიასთან დაამარცხა.[5]

სამოქალაქო ომი

რედაქტირება

კასიუსი რომში ძვ. წ. 50 წელს დაბრუნდა, როდესაც ქალაქი იულიუს კეისარსა და პომპეუსის შორის სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო. ძვ. წ. 49 წელს, კასიუსი სახალხო ტრიბუნად აირჩიეს[5] და იგი ოპტიმატების მხარეს დადგა, თუმცა მისმა ძმამ, ლუციუს კასიუს ლონგინუსმა კეისარს დაუჭირა მხარი. კეისრის მიერ რუბიკონის გადაკვეთის შემდეგ, კასიუსმა მალევე დატოვა იტალია. იგი საბერძნეთში პომპეუსს შეხვდა და მისი ფლოტის ნაწილის მეთაურად დაინიშნა.

ძვ. წ. 48 წელს იგი თავისი გემებით სიცილიას მიადგა და კეისრის ფლოტის დიდი ნაწილი გადაწვა,[6] შემდეგ კი იტალიის სანაპიროებთან გემების შევიწროება განაგრძო. ფარსალოსის ბრძოლაში პომპეუსის დამარცხების შეტყობის შემდეგ, კასიუსი ჰელესპონტისაკენ გაემართა იმ იმედით, რომ პონტოს მეფე ფარნაკე II-სთან შეკრავდა კავშირს, თუმცა გზად კეისარმა შეიპყრო და უიტყვოდ დანებება აიძულა.[7]

კეისარმა იგი ლეგატად დანიშნა და ალექსანდრიის ომში სწორედ იმ ფარნაკესთან საბრძოლველად ჩააბა, ვისთან შეკავშირების იმედიც ჰქონდა ფარსალუსთან პომპეუსის დამარცხების შემდეგ, თუმცა კასიუსმა უარი განაცხადა აფრიკაში კატონისა და სციპიონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაზე და რომში დაბრუნდა.

შეთქმულება

რედაქტირება

კასიუსმა მომდევნო ორი წელი თანამდებობაზე გაატარა და თვალნათლივ განამტკიცა მეგობრობა ციცერონთან.[8] ძვ. წ. 44 წელს, იგი praetor peregrinus გახდა და მომდევნო წელს სირიის პროვინციის მიღების პირობაც მიიღო. მისი ცოლისძმის, მარკუს იუნიუს ბრუტუსის praetor urbanus-ად (ქალაქის პრეტორი) დანიშვნამ კასიუსი ძალიან გაანაწყენა.

მიუხედავად იმისა, რომ კასიუსი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების სული იყო, მთავარი მკვლელების გადაბირებით, ბრუტუსი მათი ლიდერი გახდა.[9] ძვ. წ. 44 წლის მარტის იდებზე (15 მარტი), კასიუსმა შეაგულიანა თავისი მომხრე ლიბერატორები და კეისარი მკერდში განგმირა. მიუხედავად წარმატებული მკვლელობისა, ზეიმი ხანმოკლე გამოდგა, რადგანაც მარკუს ანტონიუსმა ხელში აიღო ძალაუფლება და ხალხი მათ წინააღმდეგ მიმართა. ძვ. წ. 44 წელს დაწერილ წერილებში ციცერონი ხშირად ჩივის, რომ რომი კვლავ ტირანიის ქვეშ რჩებოდა, რადგანაც „ლიბერატორებმა“ ანტონიუსის მოკვლა ვერ შეძლეს.[10] ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, კასიუსს კეისართან ერთად ანტონიუსის მოკვლაც უნდოდა, თუმცა ბრუტუსმა გადაარწმუნა.[11]

კეისრის მკვლელობის შემდეგ

რედაქტირება

კასიუსი რეპუტაციამ აღმოსავლეთში, მას გაუადვილა ამ ტერიტორიის სხვა გუბერნატორებისაგან არმიის შეგროვება და უკვე ძვ. წ. 43 წლისათვის, ის უკვე მზად იყო შებრძოლებოდა პუბლიუს კორნელიუს დოლაბელას 12 ლეგიონს. ამ მომენტისათვის, ანტონიუსსა და სენატს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. სენატმა კასიუსი მხარე დაიჭირა და იგი პროვინციის გუბერნატორად დაადასტურა. დოლაბელა შეტევაზე გადავიდა, თუმცა მოკავშირეებმა უღალატეს, რამაც იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კასიუსი ახლა უკვე საკმარისად უსაფრთხოდ იყო, რომ ეგვიპტისაკენ წასულიყო, თუმცა მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების გამო, ბრუტუსმა მას დახმარებისათვის მიმართა. კასიუსი სწრაფად შეუერთდა ბრუტუსს სმირნაში თავისი არმიის უმეტეს ნაწილთან ერთად, სირიის სამართავად კი დისშვილი დატოვა.

შეთქმულებმა გადაწყვიტეს ტრიუმვირატისთვის აზიაში შეეტიათ. კასიუსმა იერიში მიიტანა და გაძარცვა როდოსი, ბრუტუსი კი იგივენაირად მოექცა ლიკიას. მომდევნო წელს, ისინი სარდისში გადაჯგუფდნენ, სადაც მათმა არმიებმა ისინი იმპერატორებად გამოაცხადეს. მათ გადაკვეთეს ჰელესპონტი და თრაკიის გავლით მაკედონიაში, ფილიპისთან ახლოს დაიბანაკეს. გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე (მოგვიანებით ავგუსტუსი) და მარკუს ანტონიუსი მალევე გამოჩნდნენ. კასიუსი გეგმავდა ეშიმშილებინა ისინი ქვეყანაში საკუთარი უპირატესი პოზიციების გამოყენებით, თუმცა ანტონიუსმა ისინი ორ ბრძოლაში ჩაითრია, რომლებსაც ერთად ფილიპის ბრძოლას უწოდებენ. ბრუტუსმა წარმატებას მიაღწია ოქტავიანეს წინააღმდეგ და მისი ბანაკიც დაიკავა, თუმცა ანტონიუსმა შეძლო კასიუსის დამარცხება. ამ უკანასკნელმა, რომელმაც ბრუტუსის გამარჯვების შესახებ არაფერი იცოდა, ყველაფერი წაგებულად ჩათვალა და თავი სწორედ იმ ხანჯლით მოიკლა, რომელიც კეისრის მოსაკლავად გამოიყენა.[12] კასიუსი იმავე დღეს მოკვდა, რა დღესაც დაიბადა — 3 ოქტომბერს.[13] ბრუტუსმა იგი გამოიგლოვა, როგორც „უკანასკნელი რომაელი“ და თასოსში დაკრძალა.[14]

  1. Ronald Syme, The Roman Revolution (Oxford University Press, 1939, reprinted 2002), გვ. 57 online; Elizabeth Rawson, "Caesar: Civil War and Dictatorship," in The Cambridge Ancient History: The Last Age of the Roman Republic 146–43 BC (Cambridge University Press, 1994), ტ. 9, გვ. 465.
  2. პლუტარქე, ბრუტუსი, 9.1-4
  3. აპიანე, სამოქალაქო ომები, 4.67.
  4. პლუტარქე, ბრუტუსი, 14.4
  5. 5.0 5.1 ქსე, ტ. 5, გვ. 425
  6. კეისარი, სამოქალაქო ომის კომენტარები, iii.101.
  7. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სვეტონიუსი (კეისარი, 63) ამბობს, რომ ჰელესპონტთან კეისარს ლუციუს კასიუსი დანებდა.
  8. ძვ. წ. 45 წელს დაწერილ წერილში, კასიუსი ციცერონს ეუბნება, რომ „არ არსებობს რაიმე სხვა, რაც უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე შეთვის მოწერაა; ჩემთვის ეს ისევეა, თითქოს პირისპირ გესაუბრებოდე და ვხუმრობდეთ“. (Ad Fam., xv.19).
  9. T.R.S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic (American Philological Association, 1952), ტ. 2, გვ. 320, citing Plutarch, Brutus 7.1–3 and Caesar 62.2; and Appian, Bellum Civile 4.57.
  10. For instance, Cicero, Ad Fam., xii.3.1.
  11. ველეიუს პატერკულუსი, 2.58.5; პლუტარქე, ბრუტუსი, 18.2-6.
  12. პლუტარქე, რომის რესპუბლიკის დაცემა, sec. 69.
  13. Adkins, Roy A.; Adkins, Lesley (1998) „Republic and Empire“, Handbook to Life in Ancient Rome. Oxford University Press US, გვ. 14. ISBN 978-0-19-512332-6. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2009. 
  14. პლუტარქე, ბრუტუსის ცხოვრება, 44.2.

ლიტერატურა

რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cassius Dio Cocceianus (1987). The Roman History: The Reign of Augustus, Ian Scott-Kilvert, trans, London: Penguin Books,. 
  • Cicero, Marcus Tullius (1986). Selected Letters, D. R. H. Shackleton Bailey, trans, London: Penguin Books. 
  • Gowing, Alain M. (1990). „Appian and Cassius' Speech Before Philippi ("Bella Civilia" 4.90-100)“. Phoenix. 44 (2): 158–181. doi:10.2307/1088329.
  • Plutarch (1972). Fall of the Roman Republic: Six Lives, Rex Warner, trans, New York: Penguin Books. 
  • Plutarch (1965). Maker's of Rome: Nine Lives by Plutarch, Ian Scott-Kilvert, trans, London: Penguin Books. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება