ბუჯის ციხის კომპლექსი
ბუჯის ციხის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში.
ქვედა საზანოს ბუჯის ციხის კომპლექსი მდებარეობს მდინარე ბუჯისა და მდინარე მაზარულას ხერთვისში. იგი აგებულია კლდოვანი მთის თხემზე. კომპლექსში გამოიყოფა: ძველი ეკლესია და გალავან შემოზღუდული სხვადასხვა დანიშნულების სათავსოები. თავდაპირველი ნაგებობა ეკლესიაა. იგი დაშენებულია დაახლოებით 2,5 მ. პოსტამენტზე. ორნავიანი ეკლესია აგებულია კარგად გათლილი საფასადე ქვებით. ინტერიერში შეიმჩნევა შელესილობის კვალი. სამხრეთის ნავი ცენტრალური ნაწილისაგან გამოყოფილია ორი კარგად დამუშავებული ექსვსკუთხა სვეტით. კაპიტელს სვეტთან შეერთების არეში შემოუყვება გრეხილი ორნამენტი. ეკლესიას აქვს სამი კარები. ორი კარი (ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან) მთავარ სივრცეში და ერთიც (დასავლეთიდან) სამხრეთის ნავში შესასვლელი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში: გაჭრილია ერთი სარკმელი და ამოღებულია ორი მაღალი ნიშა. თითო–თითო სარკმელი გაჭრილია სამხრეთის მინაშენში. ჩრდილოეთის ფასადზე კარის თავზე დატანებულია ორნამენტირებული მცირე ზომის მრგვალი სარკმელი. ეკლესიის ცენტრალური ნავის თაღი ჩამონგრეულია. ინტერიერში იატაკი თითქმის 0,5 მეტრამდე ქვა–ღორღითაა დაფარული. ეკლესიის ზედა ნაწილს ეტყობა გადაკეთების კვალი, რომელიც სავარაუდოდ გვიანი შუასაუკუნეების უნდა იყოს. ზედაპირული დაზვერვების შედეგად, კომპლექსის ტერიტორიაზე თავდაპირველად კარგად დამუშავებული საფასადე ქვებით ნაგები ორნავიანი ეკლესია უნდა მდგარიყო, რომელიც შესაძლოა ხეობის კონტროლის ფუნქციასაც ითავსებდა. კომპლექსის მშენებლობის მომდევნო ეტაპი გვიანი შუასაკუნეებისა უნდა იყოს. ამ პერიოდში ეკლესია თავისი პოსტამენტით წარმოადგენს ზღუდე–გალავანის შემადგენელ ნაწილს. სწორედ გვიან შუასაუკუნეებში უნდა მომხდარიყო მასზე სართულის დამატება. ვფიქრობთ, რომ ეკლესიაზე დამატებული ფლეთილი ქვით ნაგები კედლის ნაშთი კოშკურა ნაგებობის უნდა ყოფილიყო. გვიანი შუასაუკუნეების გალავანი აგებულია ფლეთილი ქვით. და მისი სიგანე 1.5 მეტრამდეა. გალავანში მოქცეულია რამდენიმე სათავსო. ციხის შიდა ეზო თითქმის მთლიანად დაფარულია ჩამოქცეული კედლებით. ეზოს ცენტრალურ ნაწილში ფიქსირდება სასმელი წყლის არსებობა. იგი გადაფარულია ჩამონგრეული კედლებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24504