ბუნდალის ეროვნული პარკი

შრი– ლანკის ეროვნული პარკი

ბუნდალის ეროვნული პარკი — საერთაშორისო მნიშვნელობის გამოსაზამთრებელი ტერიტორია გადამფრენი ფრინველებისთვის შრი-ლანკაში. ბუნდალის ტერიტორიაზე ბინადრობს 197 სახეობის ფრინველი, რომელთა შორისაა დიდი ფლამინგო, რომელიც დიდ ჯგუფებად მიგრირებს.[1] 1969 წელს ბუნდალას ველური ბუნების თავშესაფრის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1993 წლის 4 იანვარს − ეროვნული პარკის.[2] 1991 წელს შრი-ლანკის პირველი ჭარბტენიანი ტერიტორია გახდა, რომელის რამსარის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2005 წელს იუნესკომ ეროვნული პარკი ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა და ბუნდალა შრი-ლანკაში მეოთხე ბიოსფერული ნაკრძალი გახდა.[3] ეროვნული პარკი კოლომბოდან 245 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.[4]

1969 წლის 5 დეკემბერს ტერიტორია ველური ბუნების თავშესაფრად გამოცხადდა.[5] 1993 წელს 6 216 ჰექტარ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.[6] 2004 წელს პარკის ტერიტორია 3 698 ჰექტარამდე შემცირდა.[1] 1991 წელს ბუნდალა რამსარის პირველი ძეგლი გახდა შრი-ლანკაში. 2005 წელს იუნესკომ ეროვნული პარკი პროგრამა „ადამიანი და ბიოსფეროს“ შემადგენლობაში შეიტანა. 2006 წლის იანვარში ბუნდალის მიმდებარე 3 339.38 ჰექტარი ტერიტორია ვილმანის თავშესაფრად გამოცხადდა.[1]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ტერიტორია მეტწილად აღმოსავლეთ ვიჯაიანიის სერიის რქატყუარა-ბიოტიტის გნაისის ქანებისგან შედგება. გაბატონებულია მშრალი კლიმატის ზონა. საშუალო ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 80%-ია. ტერიტორია მოიცავს 5 წყალმარჩხ ლაგუნას, რომელთაგანაც სამი მარილის დეპრესიას წარმოადგენს: ბუნდალის ლაგუნა (520 ჰექტარი), ემბილიკალის ლაგუნა (430 ჰექტარი), მალალის ლაგუნა (650 ჰექტარი), კოჰოლანკალის ლაგუნა (390 ჰექტარი) და მაჰალევაიის ლაგუნა (260 ჰექტარი). კოჰოლანკალისა და მაჰალევაიის ლაგუნები თითქმის მთლიანადაა განვითარებული მარილის წარმოებისთვის. ტერიტორია ტროპიკული მუსონების ზონაშია მოქცეული. საშუალო წლიური ტემპერატურა 27 °C-ის (81 °F) ტოლია. ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 900-1300 მმ-ს შორის მერყეობს. მშრალი პერიოდი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება. პარკი ზღვის დონიდან 10 მეტრზე მაღლაა განლაგებული.[5] 2004 წელს პარკს ინდოეთის ოკეანის ცუნამმა გადაუარა.[7] ქვიშის დიუნებისგან დაცულობის გამო პარკი მცირედით დაზიანდა.[8]

ეროვნული პარკის ეკოლოგიური ტერიტორია შვიდ სახმელეთო და ექვს ჭარბტენიან ჰაბიტატს მოიცავს.[9] პარკის ტერიტორიაზე 90 ოჯახის 383 ჯიშის მცენარეა დაფიქსირებული. ყველა ლაგუნაში ფიტოპლანქტონებს შორის გაბატონებულია ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომელთა შორისაა: Macrocystis, Nostoc, Oscillatoria. მალალა-ამბილიკალის ლაგუნებში უხვადაა Hydrilla. მარშებსა და ნაკადულებში გვხვდება: ლილიები, Pontederia crassipes და Typha angustifolia. ყვავილოვან მცენარეებს შორის აღსანიშნავია აკავია, მათ შორის, Dichrostachys cinerea, უნაბი, Gymnosporia emarginata, Carissa spinarum, Capparis zeylanica და კასია.

 
ცეილონის მაკაკა

ბუნდალის ეროვნული პარკი სამხრეთ ინდური და შრი-ლანკის ჭარბტენიანი ტერიტორიების საკვანძო ორნიტოლოგიური ტერიტორიაა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხერხემლიანთა 324 სახეობაა დაფიქსირებული, მათ შორის: თევზების 32 სახეობა, ამფიბიების 15 სახეობა, რეპტილიების 48 სახეობა, ფრინველთა 197 სახეობა და ძუძუმწოვართა 32 სახეობა. უხერხემლოთა შორის 52 სახის პეპელაა დაფიქსირებული. ბუნდალის ჭარბტენიანი ტერიტორიების ჰაბიტატები 100-მდე სახეობის წყლის ფრინველის საბინადროს წარმოადგენს, რომელთა ნახევარიც გადამფრენ ფრინველებს მიეკუთვნება.

ბუნდალის ეროვნული პარკი ცნობილია დიდი ფლამინგოების (იგივე ვარდისფერი ფლამინგო, Phoenicopterus roseus) ჯგუფებით, რომლებიც ინდოეთიდან, კაჩის რანიდან მოფრინავენ. პარკის იშვიათ ფრინველებს შორის აღსანიშნავია: აზიური ჟაბირუ, იავური მარაბუ და მელოტა.[1]

ბუნდალის ტერიტორიაზე ბინადრობს რამდენიმე აზიური სპილოც. სხვა ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია: ცეილონური მაკაკა, ტურა, ჯიქი და სხვ.

რისკები და კონსერვაცია

რედაქტირება

საირიგაციო სისტემებიდან წამოსული ჭარბი წყლის გამო ლაგუნებში წყლის ხარისხი შეიცვალა. მალალა-ამბილიკალის ლაგუნების ვაკეებზე ბუჩქნარებსა და დიუნებში ფრინველებისა და ველური ბუნების ჰაბიტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ორი ინვაზიური ჯიშის მცენარის, Prosopis juliflora-ისა და Opuntia stricta-ის გავრცელება.

საკონსერვაციო პროექტებს შორის აღსანიშნავია კუების კონსერვაციის პროექტი და ინვაზიური უცხო მცენარეების აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც Prosopis juliflora-სა და Opuntia dillenii-ის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Matsuno, Yutaka; van der Hoek, Wim; Ranawake, Mala, რედ-ები. (1998). „Irrigation water management and the Bundala National Park: Proceedings of the workshop on water quality of the Bundala Lagoons“. International Water Management Institute. http://pdf.usaid.gov/pdf_docs/PNACE446.pdf.
  • Perera, Nishanthi (2007). „An Overview of Bundala National Park: An exceptional wetland facing multitude of problems“ (PDF). Siyoth. 2 (1): 4–8. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 23 July 2011. ციტირების თარიღი: 26 February 2010.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Wetland Cluster within Bundala National Park. Sri Lanka Wetlands Information and Database. IWMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 August 2011. ციტირების თარიღი: 10 September 2010
  2. Senarathna, P.M. (2005). Sri Lankawe wananthara, 1st (si), Sarasavi publishers, გვ. 197–198. ISBN 978-955-573-401-1. 
  3. Twenty-three New Biosphere Reserves Added to UNESCO's Man and the Biosphere (MAB) Network. unesco.org. UNESCO (29 June 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2009. ციტირების თარიღი: 20 May 2009
  4. Senarathna, P. M. (2004). Sri Lankawe Jathika Vanodhyana (Sinhala). Sarasavi Publishers, გვ. 195. ISBN 978-955-573-346-5. 
  5. 5.0 5.1 Green, Michael J. B. (1990). IUCN directory of South Asian protected areas. IUCN, გვ. 198–201. ISBN 978-2-8317-0030-4. 
  6. (2007) The National Atlas of Sri Lanka. Department of Survey, გვ. 88. ISBN 978-955-9059-04-2. 
  7. Bambaradeniya, C. N. B.. Impacts of the recent tsunami on the Bundala National Park – The first Ramsar wetland in Sri Lanka. The World Conservation Union.  დაარქივებული 24 July 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  8. Conservation of Migratory species of Sri Lanka. Bonn Convention, გვ. 6.  დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine.
  9. South Indian and Sri Lankan wetlands. BirdLife International. ციტირების თარიღი: 11 September 2010