ბრიტანელების მიერ ადენის აღება

(გადამისამართდა გვერდიდან ბრიტანელების მიერ ადენის დაპყრობა)
ბრიტანელების მიერ ადენის აღება
იემენის სამხედრო ისტორიის ნაწილი
თარიღი 19 იანვარი 1839
მდებარეობა იემენი
შედეგი ბრიტანელების გამარჯვება. ადენი დარჩა ბრიტანელების მმართველობის ქვეშ 128 წლის განმავლობაში, 1967 წლამდე.
მხარეები
დიდი ბრიტანეთი ლაჰეჯის სასულთნო

ბრიტანელების მიერ ადენის აღება —  1839 წლის 19 იანვარს ბრიტანეთის ჯარების მიერ არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ადენის პორტის ოკუპაცია, რომელიც იმ დროს გახლდათ ლაჰეჯის სასულთნოს შემადგენლობაში. ქალაქი მოგვიანებით გახდა ამავე სახელწოდების კოლონიური სამფლობელოს ცენტრი და 128 წლის განმავლობაში, 1967 წლის 30 ნოემბრამდე  ბრიტანელების კონტროლის ქვეშ იყო.

წინაისტორია რედაქტირება

მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, ადენი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებიც ცდილობდნენ სამხედრო ბაზის შექმნას წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში. ეს  მათ საშუალებას მისცემდა გაეკონტროლებინათ სავაჭრო გზები ინდოეთის ოკეანეში და გავლენა მოეხდინათ რეგიონის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ვითარებაზე. 1548 წლის 26 თებერვალს ადენი აიღეს ოსმალეთის იმპერიის ჯარებმა სულთან სულეიმან I - ის მეთაურობით.  შემდეგაც ქალაქი გადაიქცა ბაზად, საიდანაც ოსმალები ახორციელებდნენ მეკობრულ რეიდებს პორტუგალიის სამფლობელოების წინააღმდეგ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე. 1538 წლის სექტემბერში ალყის შედეგად ვერ აიღეს დიუ, ისინი გამაგრდნენ ადენში, სადაც აღმართეს მძლავრი ციხესიმაგრის კედლები, მათზე დაამონტაჟეს საარტილერიო ნაწილები. შემდგომში, ადენი გახდა  სულეიმან ფაშას ოსმალეთის ძალების საყრდენი წერტილი, რათა დაემყარებინათ კონტროლი თითქმის მთელ თანამედროვე იემენზე, მათ შორის სანაზე.

დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის გახდა ერთ-ერთი უძლიერესი საზღვაო ძალა, 1835 წელს გაგზავნა ექსპედიცია ადენის ყურეში საზღვაო ოფიცერ ჰაინსის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი იყო ამ რეგიონში ბრიტანეთის საზღვაო ბაზისა და ნავსადგურის განთავსების შედეგად მიღებული პოტენციური სარგებლის შეფასება. ჰაინსმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ადენის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი ოკუპაციის აუცილებლობა.

ადენის პორტი იყო ლაჰეჯის სასულთნოს ნაწილი, რომელიც ფორმალურად იყო დამოკიდებული ოსმალეთის იმპერიაზე (ფაქტობრივად, ეგვიპტეზე, რომელიც ფორმალურად ოსმალეთის ნაწილი იყო) 1839 წლამდე.  1839 წლის 19 იანვარს სულთანი იძულებული გახდა დაეთმო იგი დიდი ბრიტანეთისთვის.[1]

ადენის აღება რედაქტირება

ადენზე კონტროლის დასამყარებლად ბრიტანელები ეძებდნენ  გონივრულ საბაბს. შესაფერისი შესაძლებლობა გაჩნდა 1837 წელს, როდესაც სავაჭრო გემმა Driada-მ, რომელიც მიცურავდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ ბრიტანეთის ინდოეთის სამფლობელოებიდან, ღუზა ჩაუშვა ადენის პორტის სანაპიროსთან. ბრიტანელმა მეზღვაურებმა შემდგომში განაცხადეს, რომ გემი ხელში ჩაიგდეს და გაძარცვეს ქალაქის მაცხოვრებლებმა, ხოლო ძარცვის წამქეზებელი, სავარაუდოდ, გახლდათ "ლაჰეჯისა და ადენის სულთნის შვილი". იმავე წელს ამ ინციდენტმა მიიპყრო ბრიტანეთის მთავრობის ყურადღება: ბრიტანელებმა თვლიდნენ, რომ იემენელი მეთევზეების  მიერ გემის გაძარცვა  პორტის დაკავების შესაძლებლობა იყო  და ლაჰეჯის სულთან მოჰსენ ალ-აბდალას კომპენსაციის გადახდა ან ადენის პორტის ბრიტანეთისათვის გადაცემა მოითხოვეს.  ალ-აბდალმა უარი განაცხადა ადენის დათმობაზე, თვლიდა, რომ ეს იყო მისი სასულთნოს სუვერენიტეტის დარღვევა, მაგრამ დათანხმდა გადაეხადა ნებისმიერი კომპენსაცია, რომელსაც ბრისტანელები მოითხოვდნენ. თუმცა, ბრიტანელებმა, რომელთა ჭეშმარიტი მიზანი იყო არა კომპენსაციის მიღება, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის დაკავება და ამ გზით მიმდებარე რეგიონზე სამხედრო კონტროლის დამყარება, საბოლოოდ განაცხადეს, რომ ისინი  გემის გაძარცვის კომპენსაციის სანაცვლოდ მხოლოდ ადენის მიღებას დათანხმდებოდნენ. ამავდროულად დაიწყეს  მზადება შეიარაღებული ოპერაციისთვის.

1838 წლის 22 იანვარს ლაჰეჯის სულთანმა მოჰსენ ალ-აბდალმა ბრიტანელებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან დათმო 194 კმ² ფართობი ახლად ჩამოყალიბებული ბრიტანული კოლონიის — ადენის სასარგებლოდ, როგორც გემის ძარცვის კომპენსაცია. გემის ტვირთი, მისი თქმით, არ აღემატებოდა 15 ათას ფუნტის ღირებულებას, მაგრამ დათმობაზე იმ პირობით წავიდა, თუ დანარჩენი ტერიტორია, რომელზე ადრე პრეტენზიას ბრიტანელები აცხადებდნენ, დარჩებოდა მის კონტროლის ქვეშ; თუმცა ბრიტანელები ამ ხელშეკრულებით არ დაკმაყოფილდნენ.[2]

1839 წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ ინდოეთში დაასრულა მზადება ადენის შეიარაღებული აღებისთვის. 16 იანვარს, სამხედრო ხომალდების ესკადრა კაპიტან ჰეინსის მეთაურობით შევიდა იემენის ნავსადგურში და მცირე ხნით დაიკავა მასირას ციხე. სულთნის ჯარებმა ისეთი სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს  მოწინააღმდეგეს, რომ ბრიტანული გემები საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ვარაუდობენ, რომ ეს პირველი შეტევა იყო მხოლოდ ლაჰეჯის ძალების წინააღმდეგობის შესაფასებლად, რომლებსაც, როგორც ჩანდა, ჰქონდათ პრიმიტიული  ცეცხლსასროლი იარაღი  და რამდენიმე ძველი ქვემეხი  მასირას ციხესიმაგრეში,  რომელიც გადაჰყურებდა ადენის "ძველ პორტს".

სამი დღის შემდეგ, 1839 წლის 19 იანვარს, ბრიტანელებმა  საზღვაო არტილერის მეშვეობით მასიურად დაბომბეს ადენი. . ლაჰეჯის სასულთნოს ჯარებმა ვერ გაუძლეს ამ დაბომბვას და ბრიტანეთის იმპერიის ფლოტთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. ადენი ბრიტანელებმა დაიკავეს.

ადენის დაცემისა და მასში ჰეინსის ფაქტობრივი ძალაუფლების დამკვიდრების შემდეგ, ოსმალეთ-ეგვიპტის გავლენა თანამედროვე იემენის რეგიონში ძლიერ შეირყა. ჰეინსმა დაიწყო მოლაპარაკება სამხრეთ-დასავლეთ არაბეთის სხვადასხვა ტომებთან, ცდილობდა შეესუსტებინა ეგვიპტის გავლენა. მოისყიდა ადგილობრივი შეიხები საჩუქრებითა და ქრთამებით და დაარწმუნა ისინი გამოსულიყვნენ ოსმალეთ-ეგვიპტის არმიის წინააღმდეგ. ეს მოვლენები დაემთხვა მრავალი არაბული ტომის უკმაყოფილებას მუჰამედ ალის პოლიტიკით. საბოლოოდ განაპირობა ეგვიპტის ჯარების გაყვანა იემენიდან 1840 წელს და ადენის ოკუპაციის შემდეგ ბრიტანეთის მიერ სამხრეთ იემენის კოლონიზაციის დაწყება. ადენში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მათი სტრატეგიული, კომერციული და საზღვაო ინტერესებისთვის, ბრიტანელებმა დადეს მეგობრული ხელშეკრულება ლაჰეჯის სასულთნოსთან. სულთანს დაეკისრა ყოველწლიური გადასახადი დიდი თანხის ოდენობით. თუმცა, ლაჰეჯას სულთანმა 1840 წლიდან 1841 წლამდე სამჯერ სცადა ძალით დაებრუნებინა ადენზე კონტროლი, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ბრიტანეთის ჯარების უპირატესობის გამო.

ამავე მიზეზით, 1846 წელს ადენის აღების მცდელობა არაბების მიერ წარუმატებელი აღმოჩნდა.

თავად ადენის აღება არ იყო ბრიტანეთის ინტერესების საბოლოო მიზანი რეგიონში, თუმცა, ეს მოვლენა გახდა საწყისი წერტილი ბრიტანეთის გავლენის გაფართოებისთვის თანამედროვე იემენის სამხრეთით, წითელი ზღვისა და შემდეგ აფრიკის აღმოსავლეთის სანაპიროებზე.  ასევე შესაძლებელი გახადა  კოლონიზაციის მიზნით ნებისმიერი ან სხვა ძალების რეგიონში შეღწევის თავიდან აცილება.[3][4]

სქოლიო რედაქტირება

  1. مع كتاب " عدن تحت الحكم البريطاني ،1839-1967م ". ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან 12 ნოემბერი 2014 წ .(არაბ.)
  2. History of the Ottoman Empire and modern Turkey by Ezel Kural Shaw p.106-107 نسخة محفوظة 16 يناير 2013 على موقع واي باك مشين.
  3. الاحتلال البريطاني لمدينة عدن დაარქივებულია 12 ნოემბერი 2014 Wayback Machine (არაბ.)
  4. The history of Aden, 1839-72 by Zaka Hanna Kour p.2 نسخة محفوظة 01 مايو 2016 على موقع واي باك مشين.