ბრილის ღვთისმშობლის ეკლესია
ბრილის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ჩრდილოეთით 2 კილომეტრში, დიდი წიფლისა და ნამყენების ღელეების მაღალ წყალგამყოფ სერზე, ციხის დანგრეული გალავნის აღმოსავლეთ კიდეში.
ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX –X საუკუნით. ეკლესია დაზიანებულია: დანგრეულია კამარა, კონქისა და ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, სამხრეთ კედელი აფსიდის მხართან, ამოცვენილია საპირე ქვების დიდი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა (შემორჩენილია არქიტრავის ბუდეები). ეკლესია დარბაზულია (6,2x5 მეტრი), ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება მკაცრადაა დაცული. ეკლესიის აფსიდის ნაწილი გალავნის სწორკუთხა შვერილზეა აგებული, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი, რომელიც გალავნის შიგნითაა მოქცეული, ქვიშაქვის ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილია დაბალი თაღის გადახურული სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთით შემორჩენილია საკურთხევლის კონქის თაღის თაროთი და შეწყვილებული ლილვით შედგენილი იმპოსტი. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით გაყოფილია ორ ნაწილად. შემორჩენილია სამხრეთის პილასტრი და თაროთი და ორი შეწყვილებული ლილვით შედგენილი იმპოსტი. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით გაყოფილია ორ ნაწილად. შემორჩენილია სამხრეთის პილასტრი და თაროთი და ორი შეწყვილებული ლილვით შედგენილი იმპოსტი. გრძივი კედლების ნაწილებიდან დასავლეთისა ორნახევარჯერ მეტია აღმოსავლეთისაზე და შემოფარგლულია კედლის დეკორატიული თაღით, რომელიც დაყრდნობილია პროფილირებულ კრონშტეინებზე. დარბაზის დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღი ასეთივე კრონშტეინებს ეყრდნობა.
ეკლესიის სამხრეთის ფასადზე გრეხილი ლილვით მოჩარჩოებული თაღოვანი სარკმელია. შესასვლელი თაღოვან შეღრმავებაშია. მისი მოჩუქურთმებული საპირის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის შესავლელთან აღმოჩენილ იქნა ქვიშაქვის ფრაგმენტი ასომთავრული წარწერით, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X საუკუნით თარიღდება. ფრაგმენტი ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 426-427.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17705