ბრესტის ციხესიმაგრე
ბრესტის ციხესიმაგრე (რუს. Брестская крепость, ბელარ. Брэсцкая крэпасць, ბრესტ-ლიტოვსკის ციხესიმაგრე) — XIX-XX საუკუნეების რუსული ციხესიმაგრე ქალაქ ბრესტში, ბელარუსი. მდინარეების მუხავეცისა და დასავლეთის ბუგის შეერთების ადგილას. ციხესიმაგრის მშენებლობა 1833-1914 წლებში მიმდინარეობდა, ამჟამად ციხესიმაგრის მხოლოდ ნაწილიღაა შემორჩენილი.
ისტორია
რედაქტირებაბრესტის ციხესიმაგრის ადგილას ზემობუჟსკელმა სლავებმა ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში დააარსეს დასახლება ბერესტე. პირველად დასახლება 1019 წლით დათარიღებულ წყაროებშია მოხსენიებული. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქალაქი ბრესტი ხშირად იყო კიეველი, ტუროველი, გალიციელი, ვოლინელი, ლიტველი და პოლონელი დიდებულების დაპირისპირების საგანი.[1]
მშენებლობა და მოწყობა
რედაქტირებაბრესტის ციხესიმაგრის მშენებლობა 1833 წელს, ძველი ქალაქის ცენტრის ადგილას, სამხედრო ტოპოგრაფისა და ინჟინერის კარლ ოპერმანის პროექტის მიხედვით დაიწყო. თავდაპირველად დროებითი მიწური სიმაგრეები აშენდა, ხოლო პირველი ქვა მშენებლობაში 1836 წლის 1 ივლისს ჩაიდო. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 1842 წლის 26 აპრილისთვის დასრულდა. ციხესიმაგრე შედგებოდა ციტადელისა და 3 დაცული სიმაგრისგან, რომელთა საერთო ფართობი 4 კმ², ხოლო ციხესიმაგრის მთავარი ხაზის სიგრძე 6,4 კმ იყო.
ციტადელი, იგივე ცენტრალური სიმაგრე, თავის მხრივ აგურისგან ნაგებ ორსართულიან ყაზარმას წარმოადგენდა, რომლის გარშემოწერილობა 1,8 კილომეტრს შეადგენდა. ციტადელი, რომელსაც ორი მეტრის სისქის კედლები აქვს, 500 კაზემატს მოითვლიდა, საერთო ჯამში ციტადელი 12 ათას ადამიანზე იყო გათვლილი. მდებარეობს კუნძულზე, რომელსაც მდინარეები ბუგი და მუხავეცის ორი ტოტი წარმოქმნის. ამ კუნძულთან ასაწევი ხიდების საშუალებით სამი ხელოვნური კუნძულია დაკავშირებული, რომლებიც მდინარეების მეშვეობითაა შემქნილი. ამ კუნძულებზე მდებარეობს კობრინსკოეს, (წინათ ჩრდილოეთის), ტერესპოლსკოეს, იგივე დასავლეთის და ვოლინსკოეს, იგივე სამხრეთის სიმაგრეები. ციხესიმაგრე გარშემორტყმულია 10 მეტრიანი მიწაყრილით, რომელშიც კაზემატებია მოწყობილი. ბრესტის ციხესიმაგრის თავდაპირველი რვა ჭიშკრიდან, მხოლოდ ხუთია შემორჩენილი, ესენია: ხოლმის (ციტადელის სამხრეთი ნაწილი), ტერესპოლის (ციტადელის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი), ჩრდილოეთის, იგივე ალექსანდრეს (კობრინსკოეს სიმაგრის ჩრდილოეთი ნაწილი), ჩრდილო-დასავლეთისა (კობრინსკოეს სიმაგრის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) და სამხრეთის (ვოლინსკოეს სიმაგრის სამხრეთი ნაწილი) ჭიშკრები.
1864-1888 წლებში, ედუარდ ტოტლებენის პროექტის მიხედვით, ციხესიმაგრე მოდერნიზებული იქნა. მან ციხესიმაგრეს 32 კილომეტრიანი ფორტი შემოავლო, კობრინსკოეს სიმაგრის ტერიტორიაზე აშენდა: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფორტები. 1876 წელს, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, არქიტექტორ დავიდ გრიმის პროექტის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი აშენდა.
ციხესიმაგრე XX საუკუნის დასაწყისში
რედაქტირება1913 წელს სიმაგრის მეორე ზოლის მშენებლობა დაიწყო (მის პროექტირებაში მონაწილეობა მიიღო დიმიტრი კარბიშევმა), რომლის გარშემოწერილობაც გეგმის მიხედვით 45 კილომეტრი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო მისი დასრულება ვერ მოესწრო.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, ციხესიმაგრე გამალებით ემზადებოდა თავდაცვისთვის, თუმცა 1915 წლის 13 აგვისტოს (ძველი სტილით) ღამით, საერთო უკან დახევის დროს რუსულმა საჯარისო ნაწილებმა საერთოდ მიატოვეს ციხე, გარკვეული ნაწილი კი ააფეთქეს. 1918 წლის 3 მარტს ციტადელში (ასევე იწოდება, როგორც თეთრი სასახლე) ხელი მოეწერა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს. ციხესიმაგრე 1918 წლის ბოლომდე გერმანელთა, ხოლო შემდეგ კი უკვე პოლონელთა დაქვემდებარებაში იყო. 1920 წელს ციხესიმაგრე წითელი არმიამ დაიკავა, თუმცა მალევე დაკარგეს. 1921 წელს კი რიგის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ციხესიმაგრე პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის არსებულ პერიოდში ციხესიმაგრე ყაზარმად, სამხედრო საწყობად და პოლიტიკურ ციხედ გამოიყენებოდა (1930-იან წლებში ციხეში დაპატიმრებული ჰყავდათ პოლიტიკური ოპოზიციის წევრები).
ციხესიმაგრის დაცვა 1939 წელს
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 1939 წლის 2 სექტემბერს, ბრესტის ციხესიმაგრე გერმანულმა ავიაციამ დაბომბა, მათ 10 ბომბი ჩამოაგდეს ციხესიმაგრის მიდამოებში, რის შედეგადაც დაზიანდა თეთრი სასახლე. ამ დროს ციხესიმაგრეში არსებულ ყაზარმებში განთავსებული იყვნენ სამარშო ბატალიონის 35-ე და 82-ე საფეხმავლო პოლკის სამხედროები, მობილიზებული რეზერვისტები, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გადანაწილებას ელოდნენ და სხვადასხვა სამხედრო ნაწილის სამხედროები.
ციხესიმაგრე და ქალაქის გარნიზონი ოპერატიული ჯგუფის „პოლესეს“ დაქვემდებარებაში იყო, რომელსაც გენერალი ფრანციშეკ კლეებერგი მეთაურობდა. 11 სექტემბერს გარნიზონის მეთაურად დაინიშნა გადამდგარი გენერალი კონსტანტინ პლისოვსკი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოაყალიბა ბრძოლისუნარიანი რაზმი თავის დაქვემდებარებაში მყოფი 2000-2500 ჯარისკაცისგან 4 ბატალიონის შემადგენლობაში (3 საფეხმავლო და 1 საინჟინრო), რაც მიზნად ისახავდა რამდენიმე სამხედრო ბატარეის დახმარებას. ასევე, მათ დასახმარებლად გაგზავნა 2 დაჯავშნული მატარებელი და რამდენიმე ერთეული ტანკი „Renault FT“. საწყის ეტაპზე, ციხესიმაგრის დამცველებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გარეშე უწევდათ ტანკებთან გამკლავება.
13 სექტემბრისთვის ციხესიმაგრიდან სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების ევაკუირება მოხდა, ხიდები და შესასვლელები დაინაღმა, მთავარი ჭიშკარი ტანკების საშუალებით დაბლოკეს, ციხესიმაგრის შიგნით არსებულ მიწაყრილებში კი სანგრები გათხარეს.
ბუგის ბრესტში (ამჟამად ქალაქი ბრესტი) მე-19 ჯავშანსატანკო კორპუსი განლაგდა, გენერალ გეინც გუდერიანის მეთაურობით, რომელიც აღმოსავლეთ პრუსიისკენ გადაადგილებას გეგმავდა, სადაც სხვა, სამხრეთიდან წამოსულ გერმანულ სატანკო დივიზიას უნდა შეხვედროდა. გუდერიანს განზრახული ჰქონდა დაეპყრო ქალაქი ბრესტი, რათა ციხესიმაგრის დამცველებს არ შეძლებოდათ სამხრეთით დახევა და პოლონური ოპერატიული ჯგუფის „ნარევის“ ძირითად ძალებთან შეერთება. გერმანული სამხედრო ნაწილები ციხესიმაგრის დამცველებს საფეხმავლო ჯარის რაოდენობაში 2-ჯერ, ტანკების რაოდენობაში — 4-ჯერ, ხოლო არტილერიის მხრივ 6-ჯერ აღემატებოდნენ. 1939 წლის 14 სექტემბერს მეათე სატანკო დივიზიის 77-მა ერთეულმა ტანკმა განიზრახა ქალაქის აღება და ციხესიმაგრისკენ სვლა, თუმცა ამ შეტევის მოგერიება ქალაქში მდებარე პოლონურმა ძალებმა, 12 ერთეული ტანკის — FT-17-ის საშუალებით შეძლეს. ამავე დღეს, გერმანულმა ავიაციამ და არტილერიამ ციხესიმაგრის დაბომბვა დაიწყო. მომდევნო დღეს ქუჩის სასტიკი ბრძოლების შემდეგ გერმანელები უკვე ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. ქალაქის დამცველებმა უკან დაიხიეს და ციხესიმაგრეში გამაგრდნენ. 16 სექტემბრის დილას გერმანელთა მე-10 სატანკო და მე-20 მოტორიზებულმა დივიზიებმა ციხესიმაგრის შტურმი დაიწყეს, თუმცა ციხესიმაგრის დამცველებმა ამ შტურმის შეჩერება და უკუგდება შეძლეს. ამავე დღის საღამოსთვის გერმანელები ციხესიმაგრის მიწაყრილის თხემს უკვე ფლობნდნენ, თუმცა წინ წასვლა ვეღარ შესძლეს. გერმანელთა ტანკებს დიდი ზიანი მიაყენა ბრესტის ციხესიმაგრის კარიბჭეში განთავსებულმა ორმა ერთეულმა FT-17-მა. საერთო ჯამში, 14 სექტემბრიდან მოყოლებული გერმანელთა 7 შეტევა იქნა მოგერიებული, რასაც ციხესიმაგრის დამცველთა 40%-ის სიცოცხლე შეეწირა. შტურმის დროს დაიღუპა, ასევე, გენერალ გუდერიანის ადიუტანტი. 17 სექტემბრის ღამეს დაჭრილმა კონსტანტინ პლისოვსკმა ციხესიმაგრის დატოვების ბრძანება გასცა, მდინარე ბუგი გადაკვეთა და სამხრეთისკენ გაეშურა. ხიდის საშუალებით გერმანული სამხედრო ნაწილები ჯერ ტერესპოლის სიმაგრეში შევიდნენ, შემდეგ კი ტერესპოლში წავიდნენ.
ამავე წლის, 22 სექტემბერს გერმანელებმა ბრესტი წითელი არმიის 29-ე სატანკო ბრიგადას გადასცეს,[2] რის შედეგადაც, ბრესტი და ბრესტის ციხესიმაგრე სსრკ-ის დაქვემდებარებაში გადავიდა.
ფოტოები
რედაქტირება-
ტერესპოლსკოეს ჭიშკარი
-
კობრინსკოეს სიმაგრის მიწაყრილი, ხედი მემორიალის მთავარი შესასვლელიდან
-
ციტადელი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Алиев Ростислав. Илья Рыжов «Брест. Июнь. Крепость». 1-ая часть
- Алиев Ростислав. Брестская крепость. Взгляд с немецкой стороны // Фронтовая иллюстрация № 5, 2008
- Алиев Ростислав. Брестская крепость. М.: Вече, 2010
- Алиев Ростислав. Штурм Брестской крепости. М.: Яуза-Эксмо, 2008
- Аникин В. И. Брестская крепость — крепость-герой. М.: Стройиздат, 1985. (Архитектура городов-героев).
- Бешанов В. В. Брестская крепость. Минск, Беларусь, 2004
- Бобренок С. У стен Брестской крепости. Мн., 1960.
- Брест. Энциклопедический справочник. Мн., 1987.
- Ганцэр Крыстыян. Памяць і забыццё: ушанаванне герояў Брэсцкай крэпасці. В: Сіябган Дусэт, Андрэй Дынько, Алесь Пашкевіч (ред.): Вяртанне ў Еўропу: Мінулае і будучыня Беларусі. Варшава 2011, стр. 141—147.
- Героическая оборона / / Сб. воспоминаний об обороне Брестской крепости в июне —июле 1941 г. Мн., 1966.
- Каландадзе Л. Дни в Брестской крепости. Тбилиси, 1964.
- Куль-Сяльверстава С. Брэсцкі кадэцкі корпус // Беларускі гістарычны часопіс. 1998. № 3.
- Лавровская И. Б., Кондак А. П. Брест. Путешествие сквозь века. Мн., 1999.
- Памяць. Брэст: В 2 т. Мн., 1997.
- Полонский Л. В осажденном Бресте. Баку, 1962.
- Смирнов С. С. Брестская крепость. М., 1970.
- Смирнов С. С. В поисках героев Брестской крепости. М., 1959.
- Смирнов С. С. Рассказы о неизвестных героях. М., 1985.
- Суворов А. М. Брестская крепость на ветрах истории. Брест, Редакция журнала «СЭЗ», 2004
- Суворов А. М. Форт V и другие форты Брестской крепости. Брест, Полиграфика, 2009
- Суворов А. М. Брестская крепость. Прикосновение к подвигу. Брест, Полиграфика, 2009, 2011
- Суворов А. М. Брестская крепость. Война и мир. Брест, Полиграфика, 2010
- Хаметов М. И., Брестская крепость-герой, М.: Воениздат, 1988(Города-герои) 65 000 ეგზ., ISBN 5-203-00047-6. (в пер.)
- Хмелевский Я. М. Справочник-календарь гор. Брест-Литовска на 1913 год.
- Ganzer Christian. Czy «legendarna twierdza» jest legendą? Oborona twierdzy brzeskiej w 1941 r. w świetle niemeckich i austriackich dokumentów archiwalnych. In: Wspólne czy osobne? Miesca pamięci narodów Europy Wschodniej. Białystok/Kraków 2011, S. 37-47.
- Ganzer Christian, Paškovič Alena. «Heldentum, Tragik, Kühnheit.» Das Museum der Verteidigung der Brester Festung." In: Osteuropa 12/2010, S. 81-96. [1] დაარქივებული 2012-01-21 საიტზე Wayback Machine.
- Geresz J. Twierdza niepokonana 1939: obrona cytadeli w Brześciu nad Bugiem we wrześniu 1939 r. Biała Podlaska; Międzyrzec Podlaski 1994.
- Sroka J. Brześć nad Bugiem. Dzieje miasta i twierdzy. Biała Podlaska 1997.
- Sroka J. Obrońcy twierdzy brzeskiej we wrześniu 1939 r., Biała Podlaska 1992.
- Waszczukowna-Kamieniecka D. Brześć nezapomniane miasto. London, 1997.
- С. Смирнов. Брестская крепость დაარქივებული 2012-12-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (1963)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ СТРОИТЕЛЬСТВО БРЕСТСКОЙ КРЕПОСТИ И ЕЕ МОДЕРНИЗАЦИЯ 1830-1915 гг.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2013-09-11.
- ↑ Мельтюхов М. И. Советско-польские войны. Военно-политическое противостояние 1918—1939 гг. — М.: Вече, 2001.