ბერძნული ხელოვნება

ბერძნული ხელოვნება — სხვა ძველი ხალხებისაგან განსხვავებით, ბერძნები ხელოვნებაში ადამიანურ გრძნობებს ადიდებდნენ. ჯერ კიდევ პირველი ბერძნების გამოჩენამდე, ეგეოსის ზღვაში მდებარე კიკლადების კუნძულებზე შეიქმნა უძველესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც, ძირითადად, მარმარილოს ქანდაკებას წარმოადგენს. ძვ. წ. XX საუკუნის ნახევრად აბსტრაქტული სკულპტურები თავისი სტრუქტურით თითქოს წააგავს მათ. ბერძნულ კულტურაზე ასევე დიდი გავლენა ჰქონდა კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის კულტურას. კრეტელების თიხისა და ლითონის ნაკეთობები კარგად შეისწავლა და დახვეწა ბერძნულად მოლაპარაკე ხალხმა, რომელიც ძვ. წ. XX საუკუნეში საბერძნეთის მიწებზე დასახლდა. ეს ხალხი ცნობილია მიკენელების სახელით (ქალაქ მიკენეს მიხედვით). მიკენელები ომის მოყვარულნი იყვნენ. მათ მიერ შესრულებულ ოქროს თასებსა თუ ბრინჯაოს ხმლებზე ამოტვიფრული იყო ბრძოლისა და ნადირობის სცენები.

ხელოვნების ჰუმანიზირება

რედაქტირება

ძვ. წ. XII საუკუნეში მიკენის საზოგადოების დაცემას უწესრიგობის ხანგრძლივი ეპოქა მოჰყვა. მისი დასრულების შემდეგ კი ამოტივტივდა საზოგადოების ახალი ტიპი ე.წ. ქალაქი-სახელმწიფო მისთვის დამახასიათებელი ჰუმანური ხელოვნებით. მისი განსხვავებული ხასიათი უკავშირდებოდა ბერძნულ რელიგიას, რომელიც ღმერთებს და ქალღმერთებს ზებუნებრივი ძალის ადამიანურ არსებებად წარმოსახავს. ქანდაკება ბერძნული წარმოსახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მხატვრობის ნიმუშები ისტორიაშია დაკარგული. თუმცა უდიდესი სიდიდისა და ამბიციის ქანდაკება, მონუმენტური სკულპტურა, მხოლოდ ძვ. წ. VII საუკუნეში, სავარაუდოდ, ეგვიპტესთან დამყარებული კონტაქტების შედეგად აღმოცენდა. ბერძნული სკულპტურის პირველი პერიოდი ცნობილია, როგორც არქაიკა და ძვ. წ. 480 წლამდე გაგრძელდა. იგი ხასიათდება შიშველი ჭაბუკების, კუროსებისა და გრძელ სამოსში გახვეული ქალწულების ქანდაკებებით.

გაცოცხლებული ფიგურები

რედაქტირება
 
ლაოკონი და მისი შვილები

სულ მალე ასეთი „გაშეშებული“ ფიგურები, რომლებსაც მანამდე მაყურებელი მხოლოდ წინიდან უცქერდა, გადაიქცნენ „მოქნილ“ ფიგურებად, რომლებიც მოქანდაკეებმა თითქოს გააცოცხლეს. კუროსების მანამდე პირობითი დამუშავება, ახლა უკვე დეტალური და ზუსტი გახდა. დიდი ყურადღება დაეთმო ჭაბუკების მუსკულატურის დახვეწილ წარმოჩენას. კორების ქანდაკებები კი უფრო ნაზი და სათუთი „ქსოვილებით“ შემოსეს. ბერძნული ქანდაკება განვითარდა ძვ. წ. 480-323 წლებში და იგი ბერძენ ხელოვანთა წარმატებების მწვერვალად ითვლება.

ახალი განვითარება

რედაქტირება

არქაული ფორმის პირობითობის დაძლევა და უფრო „მოძრავი“ ქანდაკებების შექმნა სახვითი ხელოვნების განვითარებაში თითქოს საკმარისი სიახლე უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელოვნების ისტორიაში სხვა ბევრი ცვლილებაც მოხდა. მსგავსი პროგრესი შეინიშნებოდა რელიეფურ სკულპტურასა და ბრინჯაოს ქანდაკებაშიც. კლასიკური სკულპტურის ბევრი შედევრი ისტორიაში დაიკარგა და მხოლოდ მათი სახელებია ცნობილი. მათ შორის არის ათენასა და ზევსის ტაძრის ქანდაკებები, რომელიც მოქანდაკე ფიდიასს ეკუთვნის. გადარჩენილი მარმარილოს ნამუშევრების უმეტესი ნაწილი შექმნილი იყო არა ინდივიდუალური განხილვისათვის არამედ ტაძრის საერთო დეკორაციის გარკვეულ ელემენტად. ასევე იყო რელიეფები, რომლებიც მთელს ფასადს გაჰყვებოდა, აგრეთვე სამკუთხა ფრონტონების ცალკეული ფიგურები. ასეთი ფრონტონები შენობის ყველა ბოლოში გვხვდებოდა.

კულტურის გავრცელება

რედაქტირება

ძვ. წ. 334 წლიდან ალექსანდრე დიდის დაპყრობებმა ბერძნული კულტურის მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელება გამოიწვიეს ძვ. წ. 323 წელს, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, მისი იმპერია დაიშალა. ამას კლასიკური პერიოდის დასრულება და ე.წ. ელინისტური პერიოდის აყვავება მოჰყვა. ამ დროს დომინანტური ადგილი ეგვიპტესა და სელევკიდების იმპერიას ეჭირა. ეს დიდი სახელმწიფოები ბერძნული კულტურის უფრო მნიშვნელოვან ცენტრებს წარმოადგენდნენ, ვიდრე თავად ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები. თუმცა ელინისტური ხელოვნების სული დიდად განსხვავდებოდა მისი კლასიკური წინამორბედისაგან. კლასიციზმის მიერ იგნორირებული რეალურობის ბევრი ასპექტი გამოასშარავდა. მათ შორის სიმახინჯე, ტკივილი და შიში. ელინისტური ხელოვნება მდიდრული და კაშკაშა იყო. ბერძნული ხელოვნებით ასევე მოხიბლული იყვნენ რომაელები, რომლებმაც მისი მიბაძვა დაიწყეს და ამ კულტურის გავლენა დასავლეთით და ჩრდილოეთით გაავრცელეს. ბევრი ბერძნული შედევრის შესახებ ინფორმაციამ დღეს ჩვენამდე რომაელების წყალობით მოაღწია. ისინი ყიდულობდნენ ხელობნების ნიმუშების ასლებს, რომლებმაც არსებობა ორიგინალების განადგურების შემდეგაც განაგრძეს. როგორც შემოქმედები, რომაელები ბერძნულ კულტურაზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა ჰქონდათ თავიანთი დამოუკიდებელი სკულპტურული ტრადიცია, რეალისტური პორტრეტი. ეს ტრადიცია აღმოცენდა წინაპართა იმ ბიუსტების ნიმუშებიდან, რომლებსაც რომაელები თავიანთ სახლებში ინახავდნენ. ეს ბიუსტები სულაც არ წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშებს, ეს უბრალოდ წინაპრების ზუსტი გამოსახულების გადმომცემი საგნები იყო. ბევრი სხვა რომაული ქანდაკება, რომელიც ხშირად ღმერთებისა და იმპერატორების გაიდიალებულ პორტრეტებს შეიცავდა, ელინისტურ სტილს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შემეცნების სამყარო, ტ. I, თავი I, გვ., 1, 2010 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება